რაც უფრო მეტი დროს გადის, კაპიტალიზმის კრიტიკა სულ უფრო აქტუალური და ყოვლისმომცველი ხდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი ამ თემაზე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული წიგნი ფრანგმა ეკონომისტმა, ტომას პიკეტიმ გამოაქვეყნა – «კაპიტალი XXI საუკუნეში». 2013 წელს გამოშვებული წიგნი ერთგავრ ბესთსელერად იქცა და რეკორდულად ბევრი გაიყიდა მთელი მსოფლიო მასშტაბით. თვითონ პიკეტის მედიამ უამრავი მეტსახელი მოუფიქრა, “ახალი მარქსი”, “ეკონომიკის როკ-ვარსკვლავი” და ა.შ. თავისი მოკრძალებული ასაკის მიუხედავად ტომას პიკეტი სხვადასხვა პრესტიჟული (ლონდონის და პარიზის ეკონომიკური სკოლები) სასწავლებლების პროფესორია.
პიკეტიმ თავის მონუმენტურ ნაშრომში, რომელსაც რამდენიმე წელი წერდა აშშ-ის და ევროპული ქვეყნების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააანალიზა ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კაპიტალიზმი და სოციალური უთანასწორობა მდიდარი უმცირესობის წისქვილზე ასხამს წყალს. აღნიშნულმა წიგნმა პიკეტი პოპ-ვარსკვლავად აქცია და ის მუდმივად რომელიმე ტელეგადაცემის სტუმარია ან რომელიმე ქვეყანაშია მიწვეული ტურნეზე. ჩვენ ფრანგი ეკონომისტის შეხედულებების რეზუმირება მოვახდინეთ კაპიტალიზმზე, უთანასწორობაზე და გთავაზობთ აღნიშნულ პუბლიკაციას.
უთანასწრობის მუდმივი ზრდა ისტორიულად განპირობებული იყო ევროპული და ამერიკული ეკონომიკური სისტემებიდან გამომდინარე, მაგრამ მსოფლიო ომების და დიდი დეპრესიის გამო ეს პროცესი საწინააღმდეგო მიმართულებით წივიდა. უთანასწორების შემცირების ბუნებრივი ტენდენციები იმ დროს არ არსებობდა, ამიტომაც საზოგადოებრივი კეთლიდღეობის ზრდა 1950-1980 წლებში განსაკუთრებული და ერთჯერადი მოვლენა იყო. ზრდის მაღალი ტემპები დაკავშირებული იყო ომისშემდგომი ეკონომიკის აღდგენასთან და შობადობის ბუმთან. სავარაუდოდ, მსგავსი რამ აღარ განმეორდება: ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უკანასკნელ ათწლეულში უთანასწორობა მხოლოდ გაიზრდება.
ყოველწლიურად მდიდრები უფრო მდიდრდებიან
”დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობას შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათი ცხოვრებაც საგრძნობლად გაუმჯობესდა ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მაღალი ზრდის გამო, მაგრამ ეკონომიკური ზრდის შედეგად ყველაზე მეტად ხეირობენ ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 1%” – აღნიშნავს პიკეტი.
თუ გადავხედავთ აშშ-ის ეკონიმიკის საერთო ზრდას მსოფლიო კრიზისამდე 30 წლის განმავლობაში, 1977-2007 წლების პერიოდში, მაშინ შევამჩნევთ, რომ ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 1%-ზე მოდიოდა მთლიანი ეროვნული შემოსავლის ნამატის 60%. შედეგად, დარჩენილი უმცირესობისთვის ზრდის ტემპი ყოველწლიურად 0.5%-ზე ნაკლებს შეადგენდა.
დაბალი გადასახადების დრო მდიდრები უფრო გავლენიანები ხდებიან
ერთი შეხედვით გვეჩვენება რომ დაბალი გადასახადები მოსახლეობას ცხოვრებას შეუმსუბუქებს, აღნიშნავს პიკეტი. ამის შედეგად მოგებულები კი მსხვილი კაპიტალის მფლობელები რჩებიან, რომლებიც თავისუფალ რესურსებს იღებენ, რათა გავლენა იქონიონ სახელმწიფო პოლიტიკაზე.
«ბევრ ქვეყანაში საგადასახადო განაკვეთის ზედა ზღვარის შემცირების შედეგად შემოსავლების ბუმი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ბენიფიციარების პოლიტიკური ძალაუფლება საგრძნობლად გაიზარდა. ბენიფიციარები მდიდრები აღმოჩნდნენ, რომლებიც გადასახადის ზედა ზღვარის მაქსიმალურად შემცირებით იყვნენ დაინტერესებულები. ამიტომაც მათ ღიად დაიწყეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის.»
უთანასწორობამ რეკორდულ მასშტაბებს მიაღწია
ფრანგი მეცნიერი გამოყოფს უთანასწორობის 2 ძირითად ფორმას – საშემოსავლო და ქონებრივ უთანასწორობას, რაც მისი აზრით ერთი და იგივე არაა. უფრო მეტიც, პიკეტი გარკვეული დოზით უთანასწორობას მისაღებად მიიჩნევს, უბრალოდ ჩვენ დროს ის მეტისმეტად მაღალია და სწორედ ამაშია მთავარი პრობლემა.
«არასწორი იქნება უთანასწორობა მთლიანად უარყოფით მოვლენად მივიჩნიოთ, იმიტომ რომ თეორიაში ის ასეთი სულაც არ არის. უთანასწორობის გარეშე მაგალითად შეუძლებელია ეკონომიკური ზრდა და ინოვაცია. პრობლემა უთანასწორობის მასშტაბებში მდგომარეობს: ყველაზე შეძლებული ადამიანების კაპიტალი სამჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობის შემოსავლები. ასეთი უთანასწორობა საფრთხეს უქმნის სოციალურ მობილურობას და დემოკრატიის მომავალს»
ევროკავშირი არაეფექტურია
ევროკავშირი უმსხვილესი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია, მაგრამ ამის მიუხედავად პიკეტი მის დღევანდელ მოწყობას ეფექტურად არ მიიჩნევს, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური კუთხით.
«ევროკავშირი უნდა გახდეს უფრო დემოკრატიული გაერთიანება. ევროკავშირს ესაჭიროება უფლებამოსილებებით დატვირთული ძლიერი პარლამენტი, რომელიც პასუხისმეგბლობას აიღებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე. იმის გამო, რომ ჩვენ დღესდღეობით არასრულფასოვნად ინტეგრირებულები ვართ, უარს ვამბობთ ერთმანეთთან თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში – წაგებულია ყველა. ევროკავშირის ქვეყნების საერთო პოლიტიკური ინსტიტუტები არალეგიტიმურია და შესაბამისად არაეფექტური. მაგალითად როგორ შეიძლება მინისტრთა საბჭოში 80 მილიონიანი გერმანიის ინტერესები ერთმა ადამიანმა წარმოადგინოს?»
კაპიტალიზმის კრიტიკოსები კომუნიზმის კრახის იგნორირებას ახდენენ
პიკეტის მთავარი წიგნის პოპულარობის ზენიტში მის მიმართ დაიწყო კომუნიზმში და მარქსიზმის რევიზიონიზმში დადანაშაულება. ფრანგ მეცნიერს არაერთხელ უთქვამს, რომ არც კი წაუკითხავს მარქსის მთავარი ნაშრომი «კაპიტალი», რადგანაც მას აქტუალურად არ მიიჩნევს.
«მე მაინტერესებს კაპიტალიზმის კრიტიკა, იმიტომ რომ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც კომუნისტური რეჟიმების დაცემას მოესწრო. მათ მიმართ მე ნოსტალგია არ მაქვს.»
ეკონომისტები მათემატიკით გაერთნენ და პრაქტიკულ პრობლემებს დაშორდნენ
ტომას პიკეტი სკეპტიკურადაა განწყობილი ეკონომიკაში რთული მათემატიკური თეორიების დანერგვის გამო – ის მიიჩნევს რომ ეკონომიკა პირველ რიგში ესაა მეცნიერება საზოგადოებაზე და არა ციფრებზე.
«როგორც წესი, ეკონომისტები დარწმუნებულები არიან რომ ისინი სხვებზე ჭკვიანები არიან, განსაკუთრებით კი ისტორიკოსებზე – მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, მთელი მსოფლიო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე წინ არ წასულა ეკონომიკური პროცესების კვლევაში. მე რომ აშშ-ში დავრჩენილიყავი და იქ გამეგრძელებინა ეკონომიკის კვლევა, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა რომ ეკონომიკის ისტორიული კვლევა დამეწყო, იმიტომ რომ მხოლოდ ეკონომიკური თეორიის სიბრტყეში აღვმოჩნდებოდი. რა თქმა უნდა მათემატიკა სასარგებლოა ეკონომიმიკისთვის, მაგრამ მხოლოდ ფაქტების და თეორიის სწორი თანაფარდობის პირობებში. დღესდღეობით ეკონომისტები საწინააღმდეგოთი არიან დაკავებულები, იგონებენ რთულ მათემატიკურ მოდელებს მინიმალური ემპირიული კომპონენტებით»
პროგრესულ გადასახადს შეუძლია უთანასწორობის ნეგატიური ეფექტის შემცირება
პროგრესული გადასახადის პირობებში მაღალი შემოსავლები სახელმწიფოს მიერ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით იბეგრება. «კაპიტალი XXI საუკუნეში»-ს ავტორი მიიჩნევს, რომ დაბეგვრის მსგავსი მეთოდი ეფექტურია ქონებრივ უთანასწორობასთან ბრძოლის დროს.
«ჩემი აზრით, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უმცირესობის შესამცირებლად ან არაბუნებრივად მაღალი სახელმწიფო ვალის შესამცირებლად საჭიროა პროგრესული გადასახადი კაპიტალზე. ის ბევრად უფრო ეფექტური ინსტრუმენტია, ვიდრე ინფლაცია. პროგრესული გადასასახადი ალბათ ყველაზე ადეკვატური პასუხია იმ სუტაციაში, როდესაც ინვესტიციებიდან შემოსავალი აჭარბებს ეკონომიკურ ზრდას. პროგრესული გადასახადი საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ უსამართლობის უსასრულო სპირალი და მცირე ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმული გახდება»