კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი საქართველოში 20 ლარია

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობით საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა.

ამის შესახებ გამოცემა Europetime იტყობინება.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელის გიგა ბექაურის ცნობით 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა – 23 526 ადამიანს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი – 126 665 დასაქმებულს, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს შეადგენდა.

მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ 1999 წლის შემდეგ, საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრული არ არის. 1999 წელს, პრეზიდენტის დადგენილებით კი, საქართველოში ერთი თვის მინიმალურ ხელფასი 20 ლარია, რას სრულ განაკვეთზე, საათში 0.13 თეთრი გამოდის.

„მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ოთხმა მსხვილმა კომპანიამ საქართველოში, საკუთარი საწარმოების გახსნაზე უარი სწორედ ქვეყანაში დაწესებული ასეთი დაბალი მინიმალური ხელფასის გამო თქვა. „ადიდასის“, „ნაიკის“, „ნიუ ბალანსის“ და „პუმას“ კორპორაციების ხელმძღვანელებმა ოფიციალური კოლექტიური წერილი მისწერეს საქართველოს მთავრობას, რომლითაც მათ 2015 წლის აგვისტოში მოითხოვეს ჩვენი ქვეყნის სამკერვალო სექტორში მინიმალური ხელფასის გაზრდა, რათა საქართველოში მომუშავე მათ კონტრაქტორ ფირმებს აღარ მიეცეთ ტექსტილის სფეროში დასაქმებული პირების ექსპლუატაციის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარი თქვეს საქართველოში საკუთარი ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნაზე. ვინც მათ ეკონტაქტებოდა, მერე ისევ იმ ბიზნესმენმა მოიფიქრა და კომპანიის შიდა განაწესში ჩაწერა მინიმალური ხელფასისი ზღვარი, რომ კონტრაქტი მიეღო“, – აცნობა Europetime-ს გიგი ბექაურმა.

მეზობელ ქვეყნებშიც კი, მაგალითად სომხეთშიც მინიმალური ხელფასი თვეში 131,17 დოლარია, ხოლო აზერბაიჯანში 147,15 დოლარი.

„საქართველოში კი ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებული, მთელი თვის განმავლობაში 30 ლარად ამუშაოს მონურ პირობებში, მონურ ხელფასზე და სახელმწიფო ამაზე არის თანახმა, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობით განსაზღვრაზე უარს ამბობს“, – აღნიშნავს გიგა ბექაური.

როგორც Europetime-ს პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ ალიხანაშვილმა განუცხადა, გასულ წელს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასი თვეში თავდაპირველად არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრებოდა, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონის მიღება გავლენას მოახდენდა 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლები იყო. თუმცა, კანონპროექტი პარლამენტმა არ დაამტკიცა.

როგორ შეიძლება მინიმალური ხელფასი ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმთან, პენსიასთან და სოციალურ დახმარებებთან შედარებითაც ძალზედ დაბალი იყოს?

ადამიანები მუშაობენ მთელი თვე, სრულ განაკვეთზე და კანონმდებლობა არ იცავთ იმისგან, რომ დამსაქმებელმა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი არ გადაუხადოს“, – აღნიშნავს მარიამ ალიხანაშვილი.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში (პანდემიამდე) 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 23 526 ადამიანს. ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 126 665 დასაქმებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრისას შანსს ზრდის.

მინიმალური ხელფასის დაწესების შემთხვევაში, მათი ყოველთვიური შემოსავალი გაიზრდება ოჯახის საარსებო მინიმუმამდე, რაც ამ ადამიანებს შეუქმნის არსებობისთვის აუცილებელ წყაროს და შეამცირებს დასაქმებულთა სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის ალბათობას

შრომის უფლებების მკვლევარის განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, საქართველოსგან განსხვავებით ზოგადად მთელ მსოფლიოში განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში მინიმალური ხელფასი დადგენილია. ეს არის ერთ-ერთი სოციალური კანონპროექტი, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა იღებს და ყველა აღიარებს, რომ ამ კანონპროექტს დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოსდევს, დოვლათის გადანაწილების პროცესში. (საქართველოში მხოლოდ 1999 წლის პრეზიდენტის განკარგულება არსებობს)

„პარლამენტში მინიმალური ხელფასის დადგენაზე ორი კანონპროექტი იყო შესული, ერთი პროფკავშირების ინიცირებით, მეორე ბექა ნაცვლიშვილის ინიცირებით. პროფკავშირები 320 ლარს მოითხოვდნენ, ნაცვლიშვილის პროექტში ოდნავ მეტი თანხა იყო ჩაწერილი და პარლამენტმა ბიზნესის ზეწოლით ორივე დაბლოკა.

პარლამენტი მსგავს გადაწყვეტილებებს ბიზნეს ასოციაციის და დამსაქმებელთა ასოციაციის ქოლგის ქვეშ იღებს. მათი არგუმენტი იყო, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საფრთხეს შეუქმნიდა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას. არადა ერთ-ერთი კანონპროექტით თვეში 320 ლარზე იყო საუბარი. სწორედ იმიტომ დასახელდა ასეთი მინიმალურ თანხა, რომ ეკონომიკაზე გავლენა არ ჰქონოდა.

პარლამენტის მხრიდან იყო უსაფუძვლო არგუმენტი. მიუხედავად იმისა რომ ორივე კანონპროექტს თან ერთვოდა სერიოზული კვლევები და საერთაშორისო პრაქტიკა. ევროკავშირის დირექტივები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებიც კი არ გაითვალისწინეს. შრომის კოდექსშიც იყო ჩადებული, ვიდრე ეს პუნქტი დამტკიცდებოდა. ამოიღეს მინიმალური ხელფასის პუნქტი და თქვეს, რომ მერე ცალკე განიხილავდნენ. ცალკე შეტანილი კანონპროექტი კი დაბლოკეს. პარლამენტი სავსეა ბიზნესმენებით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, უგანდას და ნიგერიას თუ არ ჩავთვლით, ასეთი დაბალი არ არსებობს.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ლიბერალების საპასუხოდ ვამბობ, რომ აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათობრივად არის განსაზღვრული, სხვადასხვა შტატში სხვადასხვა ოდენობით. ასევე ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია განსაზღვრული მინიმალური ხელფასი. იქ არის განსაზღვრულ სახელმწიფო დონეზე, და ასევე სექტორულ დონეზე. სხვადასხვა სექტორში სხვადსხვა თანხით. ზოგან წლის ინდექსაცია ხდება. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ყველა სექტორში სხვადასხვა თანხაა დადგენილი, ტურიზმის, სექტორში, მშენებლობის სექტორში, ფინანსურ სექტორში და ა.შ“, – განუცხადა Europetime-ს გიგა ბექაურმა.

მარიამ ალიხანაშვილის ცნობით, საქართველოში კერძო სექტორისგან განსხვავებით, საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია, პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით, თვეში 135 ლარით.

„ეს განსხვავებაც ცალკე დისკრიმინაციული მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ საჯაროშიც მნიშვნელოვნად დაბალია. აუცილებელია, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ცხოვრების ღირებულებასა და სხვა ეკონომიკურ გარემოებებთან შესაბამისობაში იყოს მოყვანილი. მინიმალური ხელფასის მთავარი იდეა მშრომელთა დაცვაა გაუმართლებლად დაბალი ხელფასებისა და ექსპლუატაციისგან. თუმცა, მინიმალური ხელფასი, არამხოლოდ მოსახლეობის სიღარიბისგან დაცვას ემსახურება, არამედ ადამიანების მსყიდველობით უნარის ზრდით ხელს უწყობს ქვეყანაში მოთხოვნის ზრდას, მეტი საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია“, – განუცხადა Europetime-ს მარიამ ალიხანაშვილმა.

მინიმალური ხელფასის აწევის კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზებზე, Europetime პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, სამომავლოდ მინიმალური ხელფასის აწევის საკითხი პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააბრუნოს და თავიდან განიხილოს, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ამ კანონის მიღება მეტ პრობლემას შექმნიდა, ვიდრე სარგებელს მოიტანდა.

„ვეთანხმები, რომ ეს არის აქტუალური და პრობლემური საკითხი. მინიმალური ხელფასი რაც ახლა არის, არასაკმარისია, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ სიტუაციაში, ამ რეალობაში, მით უმეტეს, ეპიდვითარებაში ამ კარგმა ინიციატივამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს უმუშევრობის ზრდას. ანუ, სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რა ჯობს, 100 დასაქმებული 800-ლარიანი ხელფასით, თუ მხოლოდ 10 დასაქმებული – 1000-ლარიანი ხელფასით? მინიმალური ხელფასის ზღვარი რომ დაწესდეს, იმ რაოდენობით რასაც ითხოვდნენ, შესაძლოა, დამსაქმებელმა ამას სამუშაო ადგილების შემცირება დაუპირისპიროს და საბოლოოდ, მივიღოთ მეტი ხელფასით ნაკლები დასაქმებული, ვიდრე დღეს არის. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, მაგრამ არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი.

რაც შეეხება, სტატისტიკას, რომ 2019 წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მხრიდან ეს არასწორია. დამსაქმებელმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს. დღეს ხედავთ, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე მსოფლიო კრიზისია. პანდემიას როცა გადავივლით, საკითხი ისევ დასაბრუნებელია. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ რისკს მოიტანდა, ვიდრე სარგებელს. თუმცა პანდემია კანონპროექტის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი იყო და არა მთავარი”, – განუცხადა Europetime-ს დიმიტრი ხუნდაძემ.

დევიდ კორტენი – ადამიანზე ორიენტირებული განვითარება

maxresdefault.jpg

დეივიდ კორტენი განვითარების სფეროს პროგრამებს ახორციელებდა ფილიპინებზე ფორდის ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში. შემდეგ მან თავისი საქმიანობა ამერიკის განვითარების სააგენტოში (USAID) გააგრძელა, ხოლო ამჟამად გლობალიზაციის წამყვანი კრიტიკოსია. მან მნიშვნელოვანი ნაშრომი შექმნა სახელწოდებით „21-ე საუკუნეში შებიჯება“, რომელიც 1990-იან წლებში განვითარების თეორიის შემუშავების საკითხებს ეძღვნება. კორტენმა ადამიანებზე ორიენტირებული განვითარება ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებულ განვითარებას შეადარა, რომელსაც ბევრი დასავლური მთავრობა უჭერს მხარს (იხილეთ დიაგრამა).

ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული
განვითარება

ადამიანებზე ორიენტირებული
განვითარება

მატერიალური საგნების მოხმარება

ადამიანთა კეთილდღეობა

შეძლებულთა საჭიროებები

ღარიბების საჭიროებები

ბიზნესი ან კორპორაცია

ოჯახი

კონკურენცია

თემები და საზოგადოება

ექსპორტიორები

ადგილობრივი ბაზრები

გარეშე მფლობელი (არ ცხოვრობს იქ,
სადაც მისი აქტივებია)

ადგილობრივი მფლობელი

სესხები და ვალები

დაზოგვა და განაწილება

სპეციალიზაცია

დივერსიფიკაცია

ერთმანეთზე დამოკიდებულება

საკუთარ თავზე დაყრდნობა

გარემოსდაცვითი ხარჯების
ექსტერნალიზაცია

გარემოსდაცვითი ხარჯების
ინტერნალიზაცია

კაპიტალისა და მომსახურებების
თავისუფალი ნაკადები

ინფორმაციის ნაკადები

განვითარების ორი კონცეფცია

კორტენის აზრით, 21-ე საუკუნის ბოლოსთვის სამყარო დაიტანჯება კრიზისისაგან, რომელსაც სამი განზომილება ექნება: სიღარიბე, გარემოს განადგურება და სოციალური გათიშულობა (დისინტეგრაცია) (1990, 114). მან განვითარება აღწერა, როგორც

„პროცესი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების წევრები პირად და ინსტიტუციურ შესაძლებლობებს ავითარებენ რესურსების მობილიზაციისა და მართვის მიზნით, რათა უწყვეტად/მდგრადად აწარმოონ პროდუქცია და სამართლიანად გაანაწილონ იგი, რის შედეგადაც საბოლოოდ მათი ცხოვრების დონე შესაბამისობაში იქნება მათ მისწრაფებებსა და საჭიროებებთან“ (1990, 67).

კორტენის საკვანძო ტერმინებია „პროცესი“, „შესაძლებლობები“, „უწყვეტი“/„მდგრადი და სამართლიანი“ და „საკუთარ მისწრაფებებსა და საჭიროებებთან შესაბამისობა“. განვითარება არ არის რაღაც წერტილი ან ნიშნული, რომელსაც საბოლოოდ მივაღწევთ. მას არ გააჩნია დასასრული, ის უწყვეტი პროცესია. ეს პროცესი, კორტენის შესაბამისად, სამი ძირითადი პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს. ესენია: უწყვეტობა/მდგრადობა, სამართლიანობა და ინკლუზია.

„მდგრადობას“ კორტენი მოიაზრებს, როგორც განვითარებას, რომელიც ბუნებისა და რესურსების მდგრადობის მიღწევას ისახავს მიზნად. „სამართლიანობა და ინკლუზია“, კორტენის აზრით, დაგვეხმარება სოციალური დეზინტეგრაციისა და უფლებამოსილების შეზღუდვის აღმოფხვრაში, რომელიც თან ახლავს სიღარიბეს და მთავრობებისა და სოციალური სისტემების მიკერძოებულობას იწვევს შეძლებულების სასარგებლოდ, რომლებიც, იმავდროულად, ყველაზე მსხვილი მომხმარებლები არიან.

ტერმინში „საკუთარ მისწრაფებებსა და საჭიროებებთან შესაბამისობა“ კორტენი გულისხმობს, რომ ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რისი გაუმჯობესება ესაჭიროებათ და როგორ უნდა მივაღწიოთ გაუმჯობესებას. განვითარების პროგრამა არ უნდა შემუშავდეს გარეშე ადამიანების მიერ.

კორტენის კიდევ ერთი დამსახურება ისაა, რომ მან ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ განვითარების სააგენტოს უნდა ჰქონდეს გარკვეული ფილოსოფია, რომელიც სიღარიბის ხასიათსა და მიზეზებზე სააგენტოს თვალსაზრისს უნდა ასახავდეს. იგი მოუწოდებს სააგენტოებს, რომ საკუთარი ვარაუდები გამოხატონ სიღარიბესა და მის გამომწვევ მიზეზებზე და შემდეგ კრიტიკულად შეაფასონ ეს ვარაუდი საკუთარი გამოცდილების მისადაგებით. თეორიის უქონლობის პირობებში განვითარების სააგენტო გარდაუვლად გადაიქცევა დახმარების სააგენტოდ, რომელიც სიღარიბის ყველაზე უფრო ხილული და ხელშესახები სიმპტომების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული. დახმარების სააგენტო, რომელიც თეორიის გარეშე მოქმედებს, საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას, რადგანაც მან, თავისდა უნებურად, შესაძლოა, პირიქით, გააძლიეროს სწორედ ის ძალები, რომლებიც იწვევს ადამიანების სიღარიბეს, ტანჯვასა და უსამართლობას (1990, 113).

კორტენი ადგენს განვითარების ზომების ტიპოლოგიას, რომლის ყოველი კომპონენტი ასახავს სიღარიბის პრობლემის მოაზრებას (იხილეთ დიაგრამა 5-3). კორტენის პრობლემების განსაზღვრის ტიპოლოგია საგნების დეფიციტისა და უნარების უქონლობიდან და ინერტულობიდან გადადის სოციალური და კულტურული სისტემების არაეფექტურობასა და მობილიზაციის კონცეფციის უქონლობაზე. განვითარების ღონისძიებებიც შესაბამისად იცვლება და იგი ადამიანების გამოკვებიდან სისტემების უფლებამსილების გაზრდაზე, მდგრადი სოციალური სისტემების დანერგვასა და ადამიანების მობილიზაციაზეა ორიენტირებული. ზომების ეს ბოლო ორი წყება ფრიდმანის მიერ შემოთავაზებულ ზომებს ეხმიანება. კორტენი ამ ზომებს განვითარების სტრატეგიის ოთხ თაობას უწოდებს, რადგანაც ისინი სიმპტომებზე რეაგირებიდან (დახმარება) სიღარიბის გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრისკენ არიან მიმართული (მდგრადი განვითარება). განვითარების სააგენტოების უმეტესობა მუშაობას კორტენის მიერ აღწერილი პირველი დონიდან იწყებს და შემდეგ მეორე დონეზე, ანუ თემების

განვითარებასა და მდგრადი სისტემების დანერგვაზე, გადადის. კორტენი მოგვიწოდებს, მის მიერ შემოთავაზებულ მეოთხე დონეზე გადავიდეთ. მისი აზრით, ასე მიიღწევა ღარიბების ცხოვრების ტრანსფორმაცია.

 

განვითარების ზომების კორტენისეული ტიპოლოგია

განვითარების შესახებ კორტენის მოსაზრებებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ სფეროს ფორმირებაში. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეაა განვითარება როგორც პროცესი და არა როგორც საბოლოო მიზანი ან დანიშნულების ადგილი. იგი სამართლიანი სოციალური სისტემებისა და მდგრადი ეკოლოგიის მნიშვნელობაზეც საუბრობს. რასაკვირველია, კორტენის მიერ შემოთავაზებულ ადამიანებზე ორიენტირებულ განვითარების მიდგომას აქვს სადავო ასპექტები, მაგრამ მისი შედარება ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ განვითარებასთან უაღრესად სასარგებლოა ამ უკანასკნელის სუსტი მხარეების გამოსავლენად, მით უფრო, რომ ეს მიდგომა ძალიან პოპულარულია და ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

inspiring_leaders.jpg

კორტენი განვითარების სულიერ ასპექტებსაც შეეხო და განვითარების პროცესებში რელიგიის მნიშვნელოვან როლზე მიგვითითა. მისი აზრით,

„ისეთი საკითხები, როგორებიცაა ძალაუფლებით სარგებლობა, ფასეულობები, სიყვარული, ძმობა, მშვიდობა და ადამიანების უნარი, იცხოვრონ ჰარმონიაში, რელიგიის ფუნდამენტური საკითხებია, რაც განვითარების პროცესებში ეკლესიისა და საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს“ (1990, 168).

ჩარლზ ელიოტის მსგავსად (1987), კორტენი ამბობს, რომ „ადამიანის სული ისე უნდა გაძლიერდეს, რომ სიხარბე და ეგოიზმი ნაკლებად დომინანტური იყოს მასში“ (1990, 168). კორტენი ცდილობს, დაეხმაროს იმათ, ვინც განვითარებას ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებულ მიდგომებში ხედავს, რათა მათ მისი აზრი გაიზიარონ. რანაირად შეიძლება ჩაუნერგო ადამიანებს ისეთი ფასეულობები, როგორებიცაა სამართლიანი გადანაწილება და მდგრადობა? იგი ასკვნის, რომ ფასეულობების ფორმირება, მათ შორის ძალაუფლების გადანაწილება, „ყველა რელიგიური მიმდინარეობის არსს წარმოადგენს“ (1990, 168). კორტენს ესმის, რომ ფასეულობების ჩანაცვლება არ არის ადვილი და ამ სფეროში რელიგიის როლს უსვამს ხაზს. იგი მიგვითითებს, რომ რელიგიური ინსტიტუტები ხშირად თავადაც სცოდავენ და ყოველთვის თავიანთი ნაქადაგევი ფასეულობების შესაბამისად არ იქცევიან, მაგრამ ისინი მაინც ყველაზე უფრო შესაფერისი კანდიდატები არიან მოცემულ სფეროში ტრანსფორმაციის მისაღწევად. კორტენი აღიარებს რელიგიური ორგანიზაციების როლს აღნიშნულ პროცესებში, თუმცა მიიჩნევს, რომ პროზელიტიზმი და სარწმუნოების შეცვლა მისასალმებელი არ არის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იგი რელიგიაზე დაფუძნებით ფასეულობების ფორმირების მხარდამჭერია, ოღონდ იმ პირობით, რომ ამას თან არ უნდა ახლდეს ადამიანების დარწმუნების მცდელობა, რომ საკუთარი რელიგიური მრწამსი შეიცვალონ.

კორტენი რამდენიმე შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს. იგი ზედმეტად ოპტიმისტია, როდესაც მოელის, რომ ცხოვრების დონის ამაღლებასთან ერთად ცხოვრების ერთნაირი ხარისხი მისაღები იქნება ყველა ადამიანისთვის, თუ ის თავად თემმა განსაზღვრა. ადგილობრივი მისწრაფებებისა და მოსაზრებების ფორმირება ადგილობრივი კულტურის, მრწამსისა და სოციალური სტრუქტურების ზეგავლენით ხდება. როგორც ჯაიკუმარ ქრისტიანმა განმარტა, ადგილობრივი მსოფლმხედველობის მიღება ყოველგვარი კრიტიკული შეფასების გარეშე ზოგჯერ სიღარიბის წყარო ხდება და არა ამ პრობლემის გადაჭრის გზა. დაბოლოს, კორტენის მეოთხე თაობის სტრატეგია მობილიზაციის შესაბამისი კონცეფციის არსებობას გულისხმობს, მაგრამ კორტენი არ გვპასუხობს ისეთ შეკითხვებზე, როგორებიცაა: ვისია ეს კონცეფცია? რა ხდის ამ კონცეფციას ადეკვატურს? საიდან ჩნდება ასეთი კონცეფცია?

კორტენის განვითარების ზომების ტიპოლოგია ძალიან ბევრ ასპექტს წარმოაჩენს, მაგრამ მას გარკვეული სახიფათო ასპექტებიც ახასიათებს. იგი თავის ოთხთაობიან სტრატეგიას ევოლუციის ისტორიის მსგავსად აგებს, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის სოციალური სწავლების პროცესი, რომლის დროსაც სააგენტოები სიმპტომების მკურნალობიდან მიზეზების გამოვლენამდე მიდიან. კორტენი ფიქრობს, რომ განვითარების სააგენტოებმა უნდა შეწყვიტონ ყურადღების გამახვილება უფრო დაბალ დონეებზე (სიმპტომები) და მხოლოდ მიზეზებზე გააკეთონ აქცენტი. დაისმის კითხვები: იდეალური განვითარების სააგენტო მეოთხე თაობის სააგენტოა, თუ განვითარების სააგენტოებმა ოთხივე დონეზე ერთდროულად უნდა იმუშაონ? შეუძლია ნებისმიერ სააგენტოს ეფექტურდ იმუშაოს ამდენი მიმართულებით? თუ განვითარების სააგენტოებმა დახმარების სააგენტოებთან და ადვოკატირების ჯგუფებთან პარტნიორობით უნდა იმუშაონ სოციალურ უზრუნველყოფაზე, დახმარებაზე, თემების განვითარებაზე, მდგრადი სისტემების ჩამოყალიბებასა და ადამიანების მობილიზაციაზე? გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსაზრება, თითქოს ადამიანთა ჯგუფები და მოძრაობები მდგრად სოციალურ ცვლილებებს იწვევენ, პრაქტიკით არ დასტურდება.