დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული ეკონომიკის ”განვითარება”, სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავება და გარკვეული სახელმწიფო კონცეფციის შექმნა დღემდე ვერ მოხერხდა. ეს იმ ნეოლიბერალური ექსპერიმენტების დამსახურებაა, რასაც უკვე მე-3 ათწლეული ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. რა გასაკვირია რომ ამ ყველაფრის გათვალსწინებით დღეს ტურიზმს საკმაოდ სოლიდური წილი უჭირავს ქართულ ეკონომიკაში. ტურიზმი ვერასდროს ვერ იქნება ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი, მაგრამ საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისთვის, მასში არსებული მცირე ბიზნესისთვის, თვითდასაქმებულებისთვის ის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროს შეადგენს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულების თანახმად საქართველო-რუსეთს შორის რუსულ და ქართული კომპანიებს ავიამიმოსვლა აეკრძლათ, ასევე რუსეთის ტურისტულ სააგენტოებს საქართველოში ტურების გაყიდვა. ერთი სიტყვით რუსეთის პრეზიდენტმა საქართველო რუსი ტურისტების სეგმენტის გარეშე დატოვა.
ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვითავლოთ საქართველო მშპ-ის რა ნაწილს შეადგენს ”რუსეთის ფაქტორი” და ეკონომიკურად რა გავლენა გააჩნია რუსეთს საქართველოზე, რადგანაც რუსეთმა შესაძლოა სხვა ეკონომიკური ბერკეტებიც აამოქმედოს საქართველოს წინააღმდეგ.
რუსეთის ფაქტორი 3 ძირითად ასპექტს მოიცავს: 1. საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტებისგან მიღებულ შემოსავალი. 2. რუსეთში საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის ღირებულება 3. რუსეთიდან საქართველოში მომავალი ფულადი გზავნილები.
რუსი ტურისტები
2018 წელს საქართველომ ტურიზმიდან 3.2 მლრდ. დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც იმ მომენტისთვის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2018-ში საქართველოში 4 756 820 ტურისტი შემოვიდა, ამ რაოდენობუდან 1 404 757 რუსეთზე მოდიოდა. ტურისტების ნაკადიდან 29.5% რუსეთის მოქალაქე იყო. პროპორციულად რომ გამოვიანგარიშოთ მათ წილი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში 940 მლნ. $-ს შეადგენს, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რუსი ტურისტები საშუალოდ ბევრად უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ანუ რეალური ციფრი ბევრად მეტი შეიძლება აღმოჩნდეს.
რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი
2018 წლის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებულმა პროდუქციის ღირებულებამ 3.354 მლრდ. $ შეადგინა. ამ კატეგორიაშიც ისევე, როგორც ტურიზმში ექსპორტის 13% სწორედ რუსეთზე მოდის, რაც პროპორციულად ნახევარ მილიარდ დოლარს უტოლდება. (437 მლნ.$)
ფულადი გზავნილები რუსეთიდან
ფულადი გზავნილები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მწირ ქართულ ეკონომიკაში. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 1 576 508 500 აშშ დოლარი შემოვიდა. ფულადი გზავნილების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 2018 წელს საქართველოში 457 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა.
2018 წელი საქართველოსთვის მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა ეკონომიკური ზრდის მიხედვით და ზრდის მაჩვენებელმა 5%-ს მიაღწია. ეს ძირითადად გაზრდილმა ტურიზმმა, ექსპორტმა და საზღვარგარეთიდან ფულადმა გზავნილებმა განაპირობა. ყველა ამ სეგმენტში ლომის წილი სწორედ რუსეთზე მოდის. ზოგადად დრამატული დამოკიდებულება ერთ სუბიექტზე ეკონომიკური აქტივობისას საკმაოდ სახიფათოა, რადგანაც სხვადასხვა სანქციების ან სავაჭრო ომის შედეგად ქვეყანამ შეიძლება საკმაოდ სოლიდური ზიანი განიცადოს. ამისთვის საჭიროა ეკონომიკის დივერსიფიცირება სხვადასხვა მოთამაშეებზე, რათა ერთ ქვეყანას არ ჰქონდის ეკონომიკური შანტაჟის საშუალება. მაგრამ რაც 30 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, ძნელი წარმოასდგენია რომ უახლოვესი რამდენიმე წლის განმავლობაში რეალური იქნება.
მაშ ასე დავუბრუნდეთ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვას, საქართველოს მშპ-ის რა ნაწილს უზრუნველყოფს რუსეთის ფაქტორი?
2018 წლის მონაცემებით საქართველოს მშპ-მ 16.324 მლრდ.$ შეადგინა, საიდანაც რუსეთის ფაქტორზე 1.834 მლრდ. $ მოდის (940 მლნ. $ – ტურიზმით, 437 მლნ. $ ექსპორტით და 457 მლნ. $ – ფულადი გზავნილებით)
მარტივი არითმეტიკით გამოდის რომ საქართველოს მშპ-ის 11.23%-ს სწორედ რუსეთის ფაქტორის განაპირობებს.