ევროკავშირი არალეგალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ამზადებს

ევროკავშირმა არაკანონიერ მიგრაციასთან ბრძოლა საკმაოდ სასტიკი მეთოდით გადაწყვიტა. ბრიუსელმა გაეროს მიმართა თხოვნით, რათა გამოიყენოს სამხედრო ძალა ყველა იმ პირის წინააღმდეგ ვინც არაკანონიერად კვეთს ხმელთაშუა ზღვას. არალეგალური მიგრანტების ”სამხედრო” ხერხით დაშოშმინებას ევროპაში უკვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

შეიძლება ითქვას, რომ ევროპამ გამოიღვიძა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე დაიწყო ფიქრი სერიოზულად. 2015 წლის აპრილში შედგა მორიგი სამიტი, სადაც ევროპელი პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ცდილობდნენ გადაეწყვიტათ, როგორ დაეძლიათ მორიგი კრიზისი. როგორც მოსალოდნელი იყო ევროპელი ლიდერების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით ორად გაიყო. ერთნი უფრო რადიკალური ღონისძიებების გატარების მომხრეები იყვნენ, ვიდრე მეორენი.

კონტრაბანდისტები მიგრანტების არალეგალურ ტრანსპორტირებას იტალიაში და მალტაზე ახორციელებენ, საიდანაც ეს უკანასკნელები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მიემართებიან.

სამიტის ბოლოს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საჭიროა ამ კონტრაბანდას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს. ბრიუსელში არ გამორიცხავენ იმ გემების განადგურებას და აფეთქებას, რომლის მეშვეობითაც კონტრაბანდისტებს აფრიკის მკვიდრნი გადაყავთ ევროპაში. ევროკავშირის უსაფრთხოების და საერთაშორისო საკითხების ევროკომისარმა ფრედერიკა მოგერინიმ უნდა შეიმუშავოს გეგმა, რომლის მიხედვითაც სამხედრო ოპერაციები ჩატარდება კონტრაბანდისტების წინააღმდეგ. ევროკავშირს მსგავსი ოპერეციების ჩასატარებლად გაეროს ოფიციალურ მანდატი ჭირდება, ამიტომაც ევროპელმა კოლეგებმა სწორედ გაეროს მიმართეს აღნიშნული თხოვნით.

ევროკავშირის მოხელეებმა პრობლემის მოგვარების ყველაზე იოლი გზა იპოვეს და არალეგალების უმოწყალოდ გაჟლეტვას დაუჭირეს მხარი, რაც ევროპისთვის მეტისმეტად არაჰუმანური უნდა იყოს. თუმცა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ევროპაში ამაზე ჯერ არავინ დაფიქრებულა.

გეგმის თანახმად ევროპელი სამხედროები ლიბიის სანაპიროზე განთავსდებიან და იქიდან იზრუნებენ კონტრაბანდისტების გემების განადგურებაზე.