სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში: არის თუ არა განვითარების სამაგალითო მოდელი?

იო ინგე ბეკკევოლდი, არვე ჰანსენი, კრისტინ ნორდჰაუგი | Developing Economics

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი, ვიეტნამი და ლაოსი ეკონომიკური ზრდის კუთხით მოწინავე სახელმწიფოთა რიგებში იმყოფებიან. ანუ, გლობალური კაპიტალისტური სისტემის სამი წამყვანი ზრდადი ეკონომიკა მოდის ავტორიტარულ სახელმწიფოებზე, რომლებიც იმართებიან კომუნისტური პარტიების მიერ და ოფიციალურად ეყრდნობიან სოციალისტური განვითარების დღის წესრიგს. უცნაურია, მაგრამ განვითარების ინდიკატორების მთელ რიგში ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებლების მიუხედავად, რაიმე მნიშვნელოვანი ინტერესი მათდამი მაინც არ იყო გამოვლენილი. ბევრს მიაჩნია, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე მსოფლიო მასშტაბით ჩინეთი და ვიეტნამი წარმოადგენენ ყველაზე შთამბეჭდავი „განვითარების წარმატებულ შემთხვევებს“. ამ სამმა სახელმწიფომ მიაგნეს განვითარების საკუთარ მოდელს, რომელიც აერთიანებს საბაზრო ეკონომიკას და სოციალიზმს – ‘’სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკას’’. ოფიციალური განმარტების მიხედვით, ეს არ არის კაპიტალიზმი, არამედ საბაზრო ეკონომიკის ეროვნული განვითარების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სამსახურში ჩაყენების მეტად მდგრადი და სოციალურად გამართლებული მიდგომა. პალგრავ მაკმილანის (Palgrave Macmillan) მიერ ახლად გამოცემულ რედაქტირებულ ნაშრომში „სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა აზიაში: განვითარება ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში“ ჩვენ შევეცადეთ განგვეხილა ამ განვითარების მოდელის სრულფასოვნება, მიღწევები და ჩავარდნები.

ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია კარლ მარქსის 200 წლის იუბილეს აღნიშნავს

განვითარების წარმატებული ისტორიები

ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის მიერ ნაჩვენებმა ფენომენალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ის გლობალურ ზესახელმწიფოდ გადააქცია; თუმცა, სამივე ქვეყანამ წინსვლის გამაოგნებელ მაჩვენებლებს მიაღწიეს. 1989 წლიდან 2018 წლამდე განვლილ სამ ათწლეულში ჩინეთმა აჩვენა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 8.4%-თ ზრდის ტემპი (გრაფა 1). ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ აღწერილ ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფი ზრდის მესამე საუკეთესო მაჩვენებელი. ვიეტნამმა დაიკავა მეხუთე ადგილი საშუალო ზრდის 5.4%-ით, ხოლო ლაოსი მეექვსეა – 5.1%-ით.[1]

გრაფა 1. წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე ზრდის მონაცემები: ჩინეთი 1978-2017, ლაოსი/ვიეტნამი: 1985-2017
წყარო: data.worldbank.org

სამივე სახელმწიფომ ზრდის შედარებით მსგავსი ტრენდი აჩვენეს, თუმცა განსხვავებული მონაცემები გვაქვს განვითარების სხვა მაჩვენებლებში. კერძოდ, ჩინეთი და ვიეტნამი დაუსახელებელი ჩემპიონები არიან სიღარიბის დაძლევის კუთხით. ჩინეთის წარმატებული ისტორიის ფარგლებში, საბაზრო რეფორმის დაწყების შემდეგ დაახლოებით 850 მილიონი ადამიანის სიღარიბიდან ამოყვანა გახდა შესაძლებელი; ხოლო ვიეტნამმა მხოლოდ 2000-იანი წლების პირველ ორ ათწლეულში შეძლო დაახლოებით 45 მილიონის. და ბოლოს, ლაოსმა გაანახევრა სიღარიბე ბოლო ოცი წლის განმავლობაში, თუმცა ამ მხრივ მაინც ჩამორჩება საკუთარ სოციალისტურ მეზობლებს.

საბოლოო ჯამში, ჩინეთი და ვიეტნამი წარმოადგენენ უფრო „წამატებულ ისტორიებს“, ვიდრე ლაოსი. ამის და მიუხედავად, სამივე სახელმწიფო სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით წლიურ მშპ-ზე დაყრდნობით არსებული სოციალური და მატერიალური მაჩვენებლების მთელ რიგში დაწინაურებულნი არიან (ცხრილი 1). რეალურად, 1990-2015 წლების პერიოდში ჩინეთი, ვიეტნამი და ლაოსი იყვნენ გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსში სახელმწიფოთა პირველ ათეულში.

ცხრილი 1. სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის განვითარების მონაცემები
 
 ჩინეთი 1990ჩინეთი 2017ვიეტნამი 1990ვიეტნამი 2017ლაოსი 1990ლაოსი 2017
 
მშპ/ყოველ სულზე/მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (მიმდ. საერთაშორისო $)98716.8079396.7751.1037.023
უკიდურესი სიღარიბე ($1.90 ნაკლებზე მცხოვრები მოსახლეობის %)66.60.7 (2015)52.9 (1992)2 (2016)32.2 (1992)22.7 (2012)
ადამიანური განვითარების ინდექსი0.5020.7520.4750.6940.4000.601
ჩვილთა მოკვდაობა (1000 დაბადებულზე)42.183716.7106.148.6
დედათა მოკვდაობა (100,000 მშობიარეზე), 2015 წელი972713954905197
წერა-კითხვა (ზრდასრულთა ჯამი, 15 წლიდან)77.895 (2010)87.6 (1989)93.5 (2009)60 (1995)58 (2011)
წვდომა ელექტროენერგიაზე (მოსახლეობის %, 2016)92.210074.110015.387.1
 
წყარო: მსოფლიო განვითარების ინდიკატორები და ადამიანის განვითარების ინდექსი.
 
ვიეტნამელ ქალბატონს ტრადიციული გრძელი კაბა აცვია ”ao dai” გიგანტური პოსტერის ფონზე მმართველი კომუნისტური პარტიის მე-13 ეროვნული კონგრესის წინა დღეებში – 22 ინავარი, 2021 REUTERS/Kham

თუ გავითვალისწინებთ, წარმატებული განვითარების განმარტებას (ინგ. definition of developmental success), რომელიც ყურადღებას აქცევს ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის დაძლევას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ჩინეთი და ვიეტნამი ამის ნათელი მაგალითები არიან, ხოლო ლაოსი ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ნაწილობრივ. თუმცა, თუ დამატებით იქნება გაანალიზებული იქნება ბურჟუაზიული პოლიტიკური თავისუფლება და გარემოს მდგრადობა, მაშინ სამივე სახელმწიფო ნაკლებად წარმატებულია. ქვეყნების სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ დიდი ზეგავლენა იქონია ბუნებრივ რესურსებსა და გარემოზე; შესაბამისად, კლიმატურმა ცვლილებებმა და ბუნებრივმა კატასტროფებმა შეიძლება შეაფერხონ შემდეგომი განვითარება. ბევრი ადამიანი დიდხანს ელოდებოდა რეჟიმების სიხისტის შემცირებას ფულადი კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, მაგრამ ბოლო დროის კვლევები ცხადყოფენ, რომ ვიეტნამში, ლაოსსა და, განსაკუთრებით, ჩინეთში ხელისუფლებები პირიქით, უფრო ძალადობრივ პოლიტიკას აწარმოებენ.

მეტიც, სამივე ქვეყანაში რეფორმების პერიოდში უთანასწორობის დონე გაიზარდა. ჩინეთში 2010-15 წლებში ე.წ. ჯინის [რედ. ჯინის ინდექსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პოპულაციის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი] საშუალო კოეფიციენტი შეადგენდა 42.2-ს, რაც იყო აშშ-ზე ცოტაოდენ მეტი. გასათვალისწინებელია, რომ ამერიკაში დაფიქსირებულია უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს შორის. ვიეტნამსა და ლაოსში ამ მხრივ ვითარება უკეთესია, მაგრამ მაინც საჭიროებს გამოსწორებას. სამივე სახელმწიფოს ელიტებმა მოახდინეს წარმოუდგენელი სიმდიდრის და ძალაუფლების დაგროვება. დამატებით, სახეზეა დიდი უფსკრული ეთნიკურ უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის; ბოლონი სამივე სახელმწიფოს მიერ აღრიცხულ სიღარიბის სტატისტიკას მნიშვნელოვნად ავსებენ.

განსხვავებული და სრულფასოვანი მოდელი?

‘’სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა’’ არის განვითარების განსხვავებული მოდელი, რადგან იგი წარმოადგენს კომუნისტური რეჟიმების მიერ დანერგილ საბაზრო რეფორმებს. ჩინეთს, ვიეტნამსა და ლაოსს აქვთ საერთო საბჭოთა მემკვიდრეობა გეგმიური ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციისა და სახელწმიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიების სახით.

სამივე ქვეყანამ დანერგეს საბაზრო რეფორმები 1980-იან წლებში, ჩინეთში ‘’გაიგე კაიფანგ’’ (ინგ. Gaige kaifang) (‘რეფორმა და გახსნილობა’, 1978/79), ვიეტნამში ‘’დოი მოი’’ (ინგ. Doi moi) (‘განახლება’, 1986) და ლაოსში ‘’ჩინ თანაკაან მაინ’’ (ინგ. Chin Thanakaan Mai) (‘ახალი აზროვნება~ ან ‘ახალი ეკონომიკური მექანიზმები’, 1986). ეს მიდგომები განიხილებიან ეკონომიკური ცვლილებების ოფიციალურ ათვლის წერტილებად.

სახელმწიფოს დღემდე წამყვანი როლი უკავია სამივე ქვეყანაში. დიდი და პოლიტიკურად მხარდაჭერილი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კორპორაციები განასახიერებენ სოციალისტურ მემკვიდრეობას, თუმცა მათი ზეგავლენა დაკნინდა. ბევრი ადარებს სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკას, განსაკუთრებით ჩინეთსა და ვიეტნამში, აზიურ განვითარებადი კონცეფციის მიმდევარ სახელმწოფოებთან (ინგ. Asian developmental states – რედ. იგულისხმება სახელმწიფოები, რომლებშიც ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული ეკონომიკაში, მათ შორის რეგულაციების დანერგვის კუთხით). საინტერესოა, რომ ზოგიერთმა დაინახა სამივე ქვეყანაში ნეოლიბერალიზაციის პროცესები, სხვებმა კი ეს კომუნისტური რეჟიმები ნეოლიბერალურადაც კი მონათლეს. მიგვაჩნია, რომ უფრო მართებული იქნება თუ განვიხილავთ ამ რეჟიმების მიერ წარმოებულ განვითარების სტრატეგიას, როგორც ნაერთს ნეოლიბერალიზმისა (ინგ. (neo)liberal) და სტატიზმისა (ინგ. statist); განვითარებადი სახელმწიფოს (ინგ. developmental state) კონცეფციის მომხრეებისთვის, ისინი ეკონომიკური გაგებით ზედმეტად სტატისტურები (ინგ. statist) არიან ნეოლიბერალიზმისთვის და ზედმეტად ლიბერალურები საკუთარ რიგებში ჩასარიცხად.

რა შეიძლება ითქვას სოციალურ პოლიტიკაზე? წესისამებრ, პასუხი შერეული და არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ, სოციალისტური იდეალები ჩანს უადგილო საჯარო სერვისების პრივატიზაციისა და უთანასწორობის ზრდის ფონზე. თუმცა, სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით ამ სამ სახელმწიფოში განვითარების არჩეული მოდელი უფრო ინკლუზიურია ანუ უკეთესად არის გააზრებული და გავრცელებული მოსახლეობაში.

აღსანიშნია, რომ ამ განვითარების მოდელს აქვს მკაფიოდ ურბანული სახე. გლეხური წარმომავლობის და სამივე სახელმწიფოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სოფლად ყოფნის მიუხედავად[2], კომუნისტური რეჟიმებისთვის ”თანამედროვე და ცივილიზებული” საზოგადოებები მაინც უფრო აღქმულია ურბანულ ჩარჩოში. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ თანამედროვე ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში ”ახალი სოციალისტი ადამიანი”-ს (ინგ. ‘new socialist man’) ხედვა შეიცვალა; ახლა იგი წარმოადგენს ქალაქელს, საშუალო კლასის  ”სოციალისტ მომხმარებელს” (ინგ. ‘socialist consumer’).

იმის და მიუხედავად, რომ ”სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა” ცალკე მოდელია, იგი არ არის ბოლომდე სრულფასოვანი, რადგან აქვს განსხვავებები სამივე ზემოთ მოყვანილ სახელმწიფოში. მაგალითად, ჩინეთმა, ვიეტნამმა და ლაოსმა საბაზრო ეკონომიკაზე დაგვიანებული გადასვლის შესაძლებლობა განსხვავებულად გამოიყენეს. ჩინეთმა შეძლო დიდი საგარეო ინვესტიციების მოზიდვა, განსაკუთრებით, საკუთარი საექსპორტო ინდუსტრიის სექტორში; ამასთანავე, მოხერხდა შიდა ინდუსტრიის განვითარებაც და ახლა ქვეყანა გადადის მაღალ ტექნოლოგიებზე. თავის მხრივ, ვიეტნამმა განიცადა „შეფერხებითი გარდასვლა“ (ინგ. ‘stalled transition’) ანუ ძირითადად შეძლო  პირდაპირ საგარეო ინვესტიციებზე და მუშა-ხელზე ორიენტირებული ინდუსტრიული სექტორის განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის გარეთ წარმოებულ ტექნოლოგიებზე. ლაოსი კი სრულად ამოვარდნილია ამ სურათიდან. იგი დღემდე ძირითადად აგრარული სახელმწიფოა და კონცენტრირებულია რესურსების ექსპორტზე რაიმე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული განვითარების გარეშე.

სამაგალითო მოდელი?

მას შემდეგ, რაც სი ძინპინმა 2017 წელს მე-19 პარტიულ ყრილობაზე განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის სხვებისთვის წარდგეს სამაგალითო ქვეყნად, დროა უფრო კარგად და სიღრმისეულად გავაანალიზოთ სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის წყობა. 2007-2009 წლებში გლობალური ფინანსური კრიზისისას პეკინი არ შედიოდა კამათში თემაზე თუ რომელი მოდელი იყო უფრო მდგრადი და განვითარებაზე ორიენტირებული – ჩინური თუ ე.წ. საბაზრო-ლიბერალური ვაშინგტონის კონსენსუსი. სი ძინპინის მმართველობა ნაკლებად ზომიერია/თავშეკავებულია. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ სხვა განვითარებად სახელმწიფოებს შეუძლიათ ჩინეთის ზრდის მოდელის გამოყენება. სამყარო ახალი სამაგალითო მოდელების აქტიურ ძიებაშია და საინტერესოა, თუ რამდენად შესაძლებელია აზიურმა ”სოციალისტურმა საბაზრო ეკონომიკებმა” რეალური ალტერნატივა შესთავაზონ სხვა განვითარებად სახელმწიფოებს? თუ ჩინეთი მართლაც მზად არის ახლა ჩადოს ფული და რესურსები საკუთარი განვითარების მოდელის ექსპორტში სამხრეთ-სამხრეთის დიალოგის  ფარგლებში (ინგ. south-south dialogue), მაშინ სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკურ მოდელს უნდა სრული სერიოზულობით მივუდგეთ.

ეს მოდელი სხვა ქვეყნებისთვის წამოადგენს კარგ „სამაგიდო წიგნს“ მისი განსხვავებული მახასიათებლების და ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში სხვადასხვა ვარიანტების არსებობის გამო. უნდა აღინიშნოს, სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა არ არის სხვაგან მარტივად გადასატანი და დასანერგი მოდელი. მეტიც, სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა არის უნიკალური ისტორიული პერიოდის შედეგები, როდესაც კომუნისტური სახელმწიფოები ცივი ომის ზეგავლენას განიცდიდნენ, ეწყობოდნენ გლობალიზაციის პროცესებს და ვაჭრობისა და ფინანსური ნაკადების ლიბერალიზაციას. ამის და მიუხედავად, ჩინეთი, ვიეტნამი და ლაოსი ნათელი მაგალითები არიან იმ ზრდის პოტენციალის, რომელიც გააჩნიათ გლობალური და რეგიონალური ეკონომიკების ინტეგრაციას და სახელმწიფოს მიერ განვითარებაზე ორიენტირებულ პრაგმატულ რეფორმებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გააჩნია ადამიანური და გარემოს დაცვითი დანაკარგები, რაც თან ახლავს კაპიტალისტური წარმოების სისტემებს და ავტორიტარულ ლენინიზმს.

იო ინგე ბეკკევოლდი არის უსაფრთხოების კვლევის ნორვეგიული ინსტიტუტის უფროსი მრჩეველი და ყოფილი დიპლომატი ნაშრომებით ჩინეთსა და ვიეტნამზე.

არვე ჰანსენი არის პოსტ-დოქტორანტი განვითარებისა და გარემოს დაცვის ცენტრში, ოსლოს უნივერსიტეტი.

კრისტინ ნორდჰაუგი არის განვითარების კვლევების პროფესორი საერთაშორისო კვლევებისა და ინტერპრეტირების დეპარტამენტში, ოსლო მეტროპოლიტან უნივერსიტეტი.

შენიშვნები:

  1. გამოთვლილია data.worldbank.org-ზე დაყრდნობით. ეკვატორულ გვინეას ჰქონდა საშუალო ზრდის უმაღლესი მაჩვენებელი – 13%, შემდეგი იყო ბოსნია და ჰერცეგოვინა – 8.4%, ხოლო მეოთხე ადგილი დაიკავა მიანმამ (ბირმამ) – 7.4%.
  2. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2019 წელს სოფლად მცხოვრები ადამიანების წილი შეადგენდა ჩინეთის მთლიანი მოსახლეობის 39.7%-ს, ვიეტნამის – 63.3%-ს და ლაოსის – 64.3%-ს.

პირველადი წყარო:

https://developingeconomics.org/2021/01/11/the-socialist-market-economy-in-china-vietnam-and-laos-a-development-model-to-embrace/