ევროცენტრისტებს ხშირად მოყავთ ხოლმე ინგლისის მაგალითი, როგორც ერთ-ერთი ადრეული დემოკრატიისა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ინგლისი ყოველთვის მოწინავე კოლონიალური იმპერია იყო და ის პერმანენტულად აწიოკებდა სხვადასხვა კონტინენტებს, ქვეყნებს და ხალხებს, ინგლისის ისტორიულმა გამოცდილებამ უნიკალური ტრადიციებიც შემოგვინახა – მაგალითად ინგლისში რამდენიმე საუკუნის კანონიერი იყო ცოლების გაყიდვა აუქციონზე. დღესაც ერთ-ერთ ესეთ სამარცხვინო ინგლისურ ტრადიციაზე მოგითხრობთ, კერძოდ კი იმაზე თუ როგორ იყიდებოდა ოფიციალურად ამომრჩეველთა ხმები.
XVIII საუკუნის ინგლისში ამომრჩევლეთა ხმების ყიდვას თითქმის ოფიციალური სახე ჰქონდა. დღესდღეობით ლიბერალების მიერ ხშირად ციტირებადი ადამ სმიტი ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ხედავდა, უფრო მეტიც აი რაც წერდა ის:
“ხელისუფლება არის ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულია მდიდრები ღარიბებისგან დაიცვას და ისინი ვინ ქონებას ფლობს იმათგან – ვინც ქოენბას არ ფლობს”
პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ქონებრივი ცენზის გამო ინგლისში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 200-350 ათას ადამიანს ჰქონდა. მოსახლეობის გაცხრილვას უძრავი ქონების ფლობიდან გამომდინარე და ასევე ქონების ღირებულების მიხედვით ახდენდნენ. პასიურ საარჩევნო ხმასაც გააჩნდა თავისი ცენზი: 1711 წლის კანონის მიხედვით 600 ფუნტ სტერლინგამდე წლიური შემოსავალი საგრაფოებში ან 300 ფუნტ სტერლინგამდე შემოსავალი ქალაქებში არსებული უძრავი ქონებიდან (მიახლოვებით 61 000 და 30 500 თანამედროვე ფუნტი დღევანდელი გაანგარიშებით)
პარლამენტში არჩევის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ უცხოელებს, სახელმწიფო მოხელეებს, პენსიონერებს, თუ მათი პენსიები შეიძლება შეწყვეტილიყო ან დროებითი ხასიათი ჰქონდა, ასევე გვირგვინის მიმწოდებლებს და მენარდეებს, ბანკირების გარდა (ეს შემთხვევით არაა)
პოლიტიკოსების მიერ ხმის ყიდვის ნახატი – წყარო 1857 Harper’s Weekly.
ამომრჩევლების მოსყიდვა იმდენად მასშტაბური იყო, რამდენადაც ამის წარმოდგენა შეიძლება. ყველაფერი მარტივი იყო – ვინც ყველაზე მაღალ თანხას იხდიდა ამომრჩევლის ხმაში, საბოლოოდ ის იღებდა ამ ახმას. იმდროინდელ ინგლისში ხმის ფასი თითქმის ისეთივე სიზუსტით იყო განსაზღვრული როგორც პურის, ან მიწის ფასი.
საშუალოდ XVIII საუკუნის I ნახევარში პარლამენტში ადგილის ყიდვა 1-1.5 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძლებოდა (დღევანდელი გაანგარიშებით 100000-160000 ფუნტი). XVIII საუკუნის II ნახევარში პარლამენტში ადგილის ფასი 5000 ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა. (დღევანდელი გაანგარიშებით 650000 ფუნტი). ეს განპირობებული იყო იმით, რომ ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სოლიდურ კაპიტალს ფლობდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ პოლიტიკური ძალაუფლება და ამის გამოსწორება სურდათ. მათმა სწრაფვამ ნებისმიერ ფასად მოხვედრილიყვნენ პარლამენტში საგრძნობლად გაზარდა ხმის ფასი. ასე მაგალითად ბანკირი ლოპესი XIX საუკუნის დასაწყისში 20 ფუნტს უხდიდა ყველას, ვინც მას მიცემდა ხმას. აღმოსავლეთ რედფორდში 1 ხმის საფასურად 20 გინეას (ბრიტანული ოქროს მონეტა, რომელიც1663-1813 წლებში გამოდიოდა) იძლეოდნენ, 2 ხმის სანაცვლოდ – 40. 1830 წელს ლივერპულში მაგალითად ერთი ხმის საფასური 100 ფუნტი იყო.
ხმის ფასი იცვლებოდა ამომრჩეველთა რაოდენობის ცვლილების შედაგად. მაგალითად თუ ჰანიტონში სულ 350 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათ ფასი 5-დან 15 გინეამდე მერყეობდა, მაგრამ გრამპაუდში, სადაც მხოლოდ 42 ამომრჩეველი ცხოვრობდა, ხმის ფასი 300 გინეამდე იყო ავარდნილი. (32000-დან 40000 ფუნტამდე დღევანდელი კურსით)
ასევე სხვა ფაქტორებიც ახდენდნენ ხმის ფასზე ზეგავლენას – მაგალითად არჩევნების ხანგრძლივობა, რომელიც ხანდახანა 2-3 კვირამდე ან თვემდეც კი იწელებოდა, არჩევნების განმავლობაში დაპირისპირების ხარისხი და ა.შ
ელექტორატის მოსყიდვის ფორმები ძალიან განსხვავდებოდა, ფულით დაწყებული უფასო სადილით დამთავრებული. მოსახლეობის მოსყიდვის მიზნით კანდიდატები აქტიურად იყენებდნენ ალკოჰოლსაც. მაგალითად, ცნობილი ბრიტანელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი XIX საუკუნის ბოლოს ამტკიცებდა, რომ ამომრჩეველთა დათრობა ინგლისური ცხოვრების ნაწილია, რომელიც მხოლოდ უცხოელებს უკვირდათ.
ამომრჩეველთა ხმების ყიდვა ხდებოდა არა მხოლოდ ინდივიდუალურად ანუ საცალოდ, არამედ საბითუმოდაც. ინგლისში საამომრჩევლო კორუფცია იმდენად დახვეწილი და განვითარებული იყო, რომ სპეციალური აგენტებიც კი არსებობდნენ – borough managers, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების გაყიდვით იყვნენ დაკავებული და ამის სანაცვლოდ სოლიდურ საკომისიოებსაც იღებდნენ.
დღესდღეობით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული მაგალითების განხილვისას ხშირად მოყავთ განვითარებული ქვეყნების ისტორიული გამოცდილება, მაგალითად სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრის, ლი კუან იუს წარმატება. მაგრამ მსოფლიო ისტორიაში იყვნენ სხვა წარმატებული პოლიტიკოსებიც, რომელთა შესახებ “მსოფლიო თანამეგობრობა” სდუმს. ამის მშვენიერი მაგალითია აფიკელი პოლიტიკური მოღვაწის, ტომას სანკარას ბიოგრაფია (სრული სახელი Thomas Isidore Noël Sankara). ის გამოირჩეოდა ყველა იმ პრეზიდენტის, გენერლის და დიქტატორის ფონზე, რომლებიც სხვადასხვა დროს აფიკული ქვეყნების სათავეში იყვნენ.
ტომას ისიდორე ნოელ სანკარა დაიბადა 1949 წლის 21 დეკემბერს პატარა ქალაქ იაკოში უაგადუგუდან 109 კმ-ზე დაშორებით. მამამისის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვილდა საცხოვრისს, ამიტომ დაწყებითი სკოლა დაამთავრა ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ქალაქ გავეში, ხოლო საშუალო სკოლა კი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბობო დიულასოში.
მშობლებს სურდათ, რომ კათოლიკე მღვდელი გამოსულიყო, მაგრამ ტომასმა სამხედრო კარიერა არჩია, რადგან ჯერ ერთი ძირითადად მუსლიმურ ქვეყანაში კათოლიკე მღვდლობა წარმატების საწინდარი არ იყო, თანაც სანკარას დიდი წარმატების მიღწევა სურდა და ამისთვის ღარიბი ოჯახის შვილისთვის ერთადერთი გზა არმიის გავლით გადიოდა.
19 წლის ასაკში ტომასი არმიაში გაიწვიეს. 1 წლის შემდეგ კი მადაგასკარში, ანცირაბეს ოფიცერთა სკოლაში გააგზავნეს. აქ ის გახდა პრეზიდენტ ფილიბერტ ცირანანის (მადაგასკარის პირველი პრეზიდენტი 1959-1972 წლებში) ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ 1971-72 წლებში მოწყობილი 2 სახალხო მღელვარების მხილველი, რომელთა ჩახშობის მიუხედავად ცირანანი იძულებული გახდა გადამდგარიყო. ამავე დროს ის გაეცნო მარქსისა და ლენინის ნაშრომებს და სამშობლოში მხურვალე კომუნისტი დაბრუნდა.
ტომასმა თავი გამოიჩინა 1974 წელს მალისთან სასაზღვო კონფლიქტში, რომელიც მცირე ხნით გაგრძელდა და უშედეგოდ დასრულდა. მისი ავტორიტეტის ზრდას ხელს უწყობდა აგრეთვე ოფიცრისათვის აბსოლუტურად უცხო თვისებები: უკრავდა გიტარაზე პოპულარულ ჯაზჯგუფში „Tout-à-Coup Jazz“; წერდა ლექსებსა და პროზას, ბაიკერობდა.
1976 წელს სანკარა დანიშნეს კომანდოს სამხედროთა საწვრთნელი ბაზის ხელმძღვანელად, სადაც მან ჩამოაყალიბა სადესანტო კორპუსი და მის მეთაურად მსახურობდა. აქვე მიაღწია კაპიტნის ჩინამდე.
აღნიშნულ ბაზაზე სანკარამ უმცროს ოფიცრებთან – ბლეზ კამპაორესთან, (გაიცნო მაროკოში სტაჟირებისას 1975 წელს) ანრი ზონგოსთან და ბუკარი ლინგანისთან ერთად ჩამოაყალიბა საიდუმლო წრე, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ჯერ პრეზიდენტ ლამიზანას (1966-1980), შემდეგ კი დიქტატორ ზერბოს (1980-1982) მმართველობით. 1980 წელს კი მათ შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია „კომუნისტ ოფიცერთა ჯგუფი“.
1981 წლის სექტემბერში დიქტატორმა, პოლკოვნიკ ზერბომ სანკარა ინფორმაციის სახელმწიფო მდივნად დანიშნა. სანკარა კაბინეტის პირველივე სხდომაზე ველოსიპედით გამოცხადდა და ამით ყველას აგრძნობინა, რომ ხალხის ფულის ყვლეფას არ აპირებდა.
მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო 1982 წლის იანვარში მუშებისა და პროფკავშირების გამოსვლები დაიწყო, რომელიც ზერბომ სამხედრო ძალით ჩაახშო. 21 იანვარს სანკარამ სახალხოდ განაცხადა „უბედურება ელით იმათ, ვინც უხშობს ხალხს პირს“! და პროტესტისნიშნად თანამდებობიდან გადადგა.
ხალხის პროტესტს სათავეში ჩაუდგა მაიორი ჟან ბატისტ უედრაოგო, რომელიც მედიცინის დოქტორი და უაგადუგუს სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი იყო და არმიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაიორი დაუახლოვდა სანკარას, კომუნისტ ოფიცრებს და მათი დახმარებით 7 ნოემბერს სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ქვეყნის ხელმძღვანელი გახდა.
თავდაპირველად უედრაოგო იზიარებდა სანკარას სოციალისტურ მიდგომებს და 1983 წლის 10 იანვარს პრემიერ მინისტრადაც კი დანიშნა, მაგრამ მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. მაისის დასაწყისში ზემო ვოლტაში სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტ მიტერანის ვაჟი ჟან კრისტოფი, რომელმაც მოუწოდა პრეზიდენტ უედრაოგოს გადაეყენებინა რადიკალი მემარცხენე და პრო-საბჭოურად განწყობილი სანკარას მთავრობა (ამ დროს ცივი ომი მიმდინარებოდა ნატოს ქვეყნებსა და სსრკ-ს შორის და საფრანგეთი თავის ყოფილ კოლონიასა და გავლენის სფეროში პროსაბჭოურ ხელისუფლებას ვერ აიტანდა).
17 მაისს სანკარა გადააყენეს და შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. დააპატიმრეს მისი თანამებრძოლები ზონგო და ლინგანიც. პოპულარული ლიდერის დაპატიმრებამ უაგადუგუს ღარიბთა აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მათი გამოსვლები სისხლში ჩაახშეს.
სახელმწიფო მოღვაწეობა
1983 წლის 4 აგვისტოს დედაქალაქის გარნიზონმა ბლეზ კამპაორეს მეთაურობით გადატრიალება მოაწყო, სანკარა გაანთავისუფლა და „რევოლუციის ეროვნული საბჭოს“ მეთაურად დანიშნა. 9 აგვისტოს სანკარამ ჩაახშო პრო-დასავლური სამხედროთა კონტრევოლუციური მცდელობა და ძალაუფლება გაიმყარა.
1983 წლის 2 ოქტომბრის სახალხო გამოსვლის დროს სანკარამ გამოაცხადა სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დაწყება და აქტიური ურთიერთობა გააბა კუბისა და განის „სოციალისტ” (სამხედრო) ლიდერებთან – ფიდელ კასტროსა და ჯერი როლინგსთან (1981-2001 წლები).
1984 წლის 4 აგვისტოს სანკარამ გააუქმა ქვეყნის კოლონიალური სახელი „ზემო ვოლტა“, რომელიც შეცვალა სახელით „ბურკინა ფასო“, რაც ადგილობრივ ენებზე ”ღირსეული ადამიანების ქვეყანას‘’ ნიშნავს. მიღებული იქნა ქვეყნის ახალი დროშა და გერბი ჰიმნი (უკანასკნელი სანკარამ პირადად დაწერა).
მალე დაიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმები, რომლებსაც მოსახლეობის ცხოვრების დონე უნდა გაეუმჯობესებინა. ქარიზმატული ლიდერი სანკარა თვლიდა, რომ პრეზიდენტი თავად უნდა იძლეოდეს საკუთარი ცხოვრების წესით ღირსების მაგალითს და ასეც იქცეოდა. ის ცხოვრობდა კაპიტნის ხელფასით (თვეში 345$ -50$) და პრეზიდენტის ხელფასს (2000$) ობოლთა ფონდში რიცხავდა. როდესაც სანკარას მკვლელობის შემდეგ მისი ქონება აღწერეს აღმოჩნდა, რომ ტომასი ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი იყო. მის ქონებას შეადგენდა ძველი პეჟო, რომელიც წინა პრეზიდენტს დარჩა, მაცივარი გაფუჭებული საყინულით, 3 გიტარა, 4 ველოსიპედი და 560$ ბანკში.
სანკარას ერთერთი პირველი ღონისძიება იყო სახელმწიფო ჩინოვნიკთა შემოსავლებისა და ანგარიშების გამოქვეყნება. უფრო მეტიც, სანკარამ უარი თქვა თავის კაბინეტში კონდეციონერის დაყენებაზე, რადგან რცხვენოდა იმ ხალხის, ვისაც არ ჰქონდა ამის ფუფუნება. ამავე დროს აკრძალა თავისი ფოტოს საჯაროდ გამოკვრა დაწესებულებებსა და ოფისებში – „როგორიც მე ვარ, ასეთი ჩვენთან 7 მილიონიაო“ – ამბობდა იგი.
ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე სანკარამ გაყიდა სამთავრობო ავტოპარკის მერსედესები და მათ ნაცვლად აუცილებელი რაოდენობის “რენო 5” შეიძინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე იაფ ავტომობილს წარმოადგენდა.
პრეზიდენტმა შეუმცირა ხელფასები ჩინოვნიკებს, აუკრძალა საკუთარი მძღოლების ყოლა და პირველი კლასის ბილეთით ფრენა. ამასთან ჩინოვნიკებისთვის დააწესა ე.წ. „სამედიცინო გადასახადი“, რომლისგან შემოსული თანხებით ღარიბი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევა ხდებოდა. ამავე დროს მათ ავალებდა დასავლური კოსტიუმების ნაცვლად ტრადიციული ბურკინული სამოსის ტარებას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის შეკერილი იქნებოდა.
ჩინოვნიკები ვალდებული იყვნენ ახალი წლისთვის საქმიანობის შედეგები სოციალური ფონდებისათვის წარედგინათ. ერთხელ ნახევარი მინისტრთა კაბინეტი გადააყენა და კოლექტიურ ფერმაში გაგზავნა, რადგან მისი აზრით მათ მიწაზე მუშაობით უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეეძლოთ ქვეყნისთვის.
3 წლიანი შრომის შემდეგ მსოფლიო ბანკმა აღიარა რომ ამ კომუნისტურ ქვეყანაში გაქრა კორუფცია და მთავრობა რეალურად ხალხის სამსახურში ჩადგა, რაც აფრიკული კონტინენტისათვის სრულიად უცხო ხილი იყო.
სანკარას რეფორმების მიზანი იყო შიმშილისა და ეპიდემიების მოსპობა, უფასო განათლების სისტემის შექმნა, ტყეების გაშენება გაუდაბნოების შესაჩერებლად, ქალთა უფლებების დაცვა და ა.შ.
მისი პრეზიდენტობის დროს ბურკინა ფასოში დარგული იქნა 10 მილიონზე მეტი ხე, რისი წყალობითაც შეჩერებული იქნა საჰარას უდაბნოს ბურკინას ტერიტორიაზე გაფართოება. კუბელი მოხალისეების დახმარების წყალობით ბურკინასა და მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ 2,5 მილიონამდე ბავშვს ყოველწლიურად უტარდებოდა ინფექციურ დაავადებებზე (მენინგიტი, ყვითელი ცხელება, წითელ და სხვ.) ვაქცინაცია. შედეგად ბურკინაში ბავშვთა სიკვდილიანობა 2 ჯერ შემცირდა.
მიმდინარეობდა მოსწავლეთა სკოლაში სიარულისა და სკოლის დამთავრების წახალისება. 350 თემში აშენდა ახალი სკოლა. შედეგად 2 წელიწადში საშუალო განათლების მქონეთა რიცხვმა 12%-იდან 22%-მდე გაიზარდა.
სანკარამ გამოაცხადა მიწებისა და მინერალური რესურსების ნაციონალიზაცია. ახალი აგრარული კანონით მსხვილ ფეოდალური ტიპის მიწათმფლობელებს ჩამოერთვათ მიწები და ისინი მასზე მომუშავე უმიწო გლეხებს დაუნაწილდათ. ადგილობრივ ტომთა ბელადებს ჩამოერთვათ პრივილეგიები და ქონება და გლეხებს მათდამი სასარგებლოდ დაწესებული გადასახადი გაუუქმდათ. აღნიშნული რეფორმის შედეგად 3 წელიწადში ბურკინაში სოფლის მეურნეობის მოსავალი გასამმაგდა და მას უცხოეთიდან აუცილებელი პროდუქტების შემოტანა აღარ ესაჭიროებოდა.
ძველი სამხედრო-ტომობრივი სისტემის შესაცვლელად და არმიის ძალაუფლების შესაკვეცად (ეს აუცილებელი იყო, რათა ქვეყანაში გაუთავებელი სამხედრო გადატრიალებები შემწყდარიყო) ჩამოყალიბდა „რევოლუციის დამცველი კომიტეტები“, რომლებიც ორგანიზებას უკეთებდა რევოლუციის მომხრე უბრალო მოსახლეობის შეიარაღებას. სპეციალური მაღაზია, სადაც არმიის ოფიცრობა აუცილებელ საქონელს იაფად ჰყიდულობდა, გადაკეთდა ქვეყანაში პირველ ყველასათვის ხელმისაწვდომ სუპერმარკეტად.
წარმატებით მიმდინარეობდა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. შენდებოდა კაშხლები, ყველა სოფელში აიგო უფასო სამედიცინო ამბულატორიები და ა.შ.
ტომასმა რევოლუციის ერთერთ უპირველეს მიზნად ქალთა უფლებების დაცვა დასახა და ქალი მამაკაცის თანასწორად გამოაცხადა, რაც აფრიკისთვის უჩვეულო მოვლენა იყო. მთავრობაში შეიყვანა მრავალი ქალი, მისცა მათ უფლება და საშუალება ესწავლათ, აკრძალა ქალის ცემა და მათთვის ძველი წესით გენიტალიების მოკვეთა რაიმე დანაშაულის შემთხვევაში; იძულებითი ქორწინება და მრავალცოლიანობა. ამასთან ხელს უწყობდა ქალთა სამხედრო საქმით დაინტერესებას და ჩამოაყალიბა ქალთა ბატალიონები. რევოლუციის პირველივე წელს დაწესდა „ქალთა სოლიდარობის დღე“, როდესაც ქალები ისვენებდნენ და მამაკაცებს დაევალათ ქალის საქმეების კეთება (სადილის კეთება, სახლის მოწესრიგება, ბაზარში წასვლა და ასე შემდეგ), რათა მამაკაცებს ეგრძნოთ ქალის შრომის სიმძიმე.
ბურკინა ფასო აფრიკის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აღიარა შიდსის არსებობა და მასობრივად გავცელდა კონტრაცეპტივები მისგან თავის დასაცავად.
სანკარა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებიდან (მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი) ჰუმანიტარული დახმარების მიღებას, რადგან ამას კოლონიალიზმის გაგრძელებად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ყველა ქვეყანას თავი თვითონ უნდა გაეტანა. „ის ვინც გკვებავთ თქვენ, ის გაკონტროლებთ“ ამბობდა იგი.
სანკარა არ კმაყოფილდებოდა ბურკინა ფასოს გარდაქმნით და მესამე სამყაროს ქვეყნებში რევოლუციების გადატანასა და მათი ჩაგრული ხალხების განთავისუფლებაზე ოცნებობდა. მან პირველმა დაუჭირა მხარი დასავლეთ საჰარას ბრძოლას მაროკოსგან დამოუკიდებლობისათვის, ემხრობოდა ახალი კალედონიის მოძრაობას საფრანგეთისგან გამოსაყოფად, სასტიკად გმობდა ისრაელის მიერ პალესტინის არაბთა ტერიტორიების ოკუპაციას. სამაგიეროდ მეგობრობდა სოციალისტ ლიდერებთან; განსაკუთრებით კი ფიდელ კასტროსთან, რომელიც 1987 წლის ივლისში ჩავიდა უაგადუგუში და სანკარა კუბის ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.
ტომას სანკარა და ფიდელ კასტრო
1985 წელს მალისა და ბურკინა ფასოს შორის აგაშერის სასაზღვრო რაიონის გამო (იგი ეკუთვნოდა ბურკინას, მაგრამ ედავებოდა მალი, რადგან რაიონი მდიდარია ბუნებრივი აირითა და მინერალური რესურსებით) ახალი კონფლიქტი გაჩაღდა. წლის ბოლოს ბურკინას სტატისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსახლეობის აღწერისას ფულბეს ტომის (ცხოვრობს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე) ტერიტორიაზე აღწერისას გაუთვალისწინებლად გადავიდნენ მალის ტერიტორიაზე და იქ ატარებდნენ აღწერას. ეს მალიმ საბაბად გამოიყენა და ბურკინა ფასოს ომი გამოუცხადა. 25 აგვისტოს მალის ავიაციამ დაიწყო ბურკინას ქალაქი უაჰიგუა დაბობმა (დაიღუპა 300 მდე ადამიანი), ხოლო არმიამ ბურკინას სოფლების დაკავება დაიწყო. 30 დეკემბერს კოტდივუარის პრეზიდენტის უფუე ბუანის (1960-1993) ჩარევით მხარეები დაზავდნენ და საქმე განსახილველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა, რომელმაც 1986 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით ტერიტორია მეზობელ ქვეყნებს შუაზე გაუყო.
წარმატებულ რეფორმებთან ერთად სანკარას მმართველობა სულ უფრო ავტოკრატიული ხდებოდა. იზღუდებოდა პროფკავშირები და ოპოზიციური პრესა. ძალიან მკაცრი იყო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და ე.წ. „ზარმაცი მუშების“ მიმართ, რომელთაც „რევოლუციური ტრიბუნალი“ ასამართლებდა. სანკარა განსაკუთრებულად სასტიკად მომთხოვნი იყო ახლობლების მიმართ, რის გამოც გვერდიდან მეგობრები თანდათან შემოეცალა (ისინი მეგობრის აღზევებით პატივის მიღებას ელოდნენ, სანკარა კი მათ რევოლუციური იდეების ზედმიწევნით დაცვას, ხელმომჭირნეობასა და მუხლჩაუხრელ შრომას თხოვდა).
სანკარას სოციალურმა რეფორმებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მეზობელ აფრიკულ ქვეყნებში, სადაც იგი გმირად და განმანთავისუფლებლად მიაჩნდათ და იგივე რეფორმებს საკუთარ ქვეყნებშიც ითხოვდნენ, რაც ძალიან აშფოთებდათ ამ ქვეყნების უნამუსო დიქტატორებს. ამიტომ 1986 წლის სექტემბერში კოტდივუარის დედაქალაქ იამუსუკროში გაიმართა ბურკინას მეზობელ სახელმწიფოთა მეთაურთა კონფერენცია, რომელმაც საფრანგეთის პატრონატით სანკარას მოსთხოვა გაეუქმებინა სოციალისტური რეფორმები, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. მაშინ საფრანგეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა დაიწყეს სანკარას სალიკვიდაციო გეგმის მზადება, რომლის რეჟისორად ლიბერიელი პოლიტიკოსი (ამ ქვეყნის პრეზიდენტი 1997-2003 წლ და აშშ-ს CIA-ს აგენტი) ჩარლზ ტეილორი დაინიშნა, ხოლო აღმსრულებლად სანკარას მეგობარი და იუსტიციის მინისტრი ბლეზ კამპაორე.
ტომას სანკარას მკვლელობის კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებამდე მიდის, შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურენოვანი ბმული:
1 წლიანი მზადების შემდეგ კამპაორემ 1987 წლის 15 ოქტომბერს სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რომლის დროსაც მოკლული იქნა პრეზიდენტი სანკარა 20 უახლოეს თანამებრძოლთან ერთად. ისინი სასწრაფოდ საერთო საფლავში დამარხეს. მისი მეუღლე მარია 2 შვილთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცა და დღემდე აგრძელებს ბრძოლას სანკარას სიკვდილის მიზეზისა დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად. ზოგიერთი რევოლუციის დამცველი კომიტეტი რამდენიმე დღე აგრძელებდა ბრძოლას, ვიდრე საფრანგეთის დახმარებით კამპაორემ ისინი არ გაანადგურა.
გადატრიალებისთანავე კამპაორემ თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა და სანკარას რეფორმების გაუქმებას შეუდგა. სანკარას გამოყოფილი თანხა დედაქალაქ უაგადუგუს გარეუბნების კეთილმოსაწყობად აიღო და თავისთვის ახალი ბოინგი შეიძინა. გააუქმა „ნაციონალიზაცია“ და ჩინოვნიკებს ძველებური მაღალი ხელფასები აღუდგინა, თან სამედიცინო გადასახადის გაუქმებით.
1991 წელს კამპაორემ გამოცხადა დემოკრატიული სისტემის აღდგენა, მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უნდა აირჩეს საყოველთაო არცევნებზე 7 წლის ვადით და განუსაზღვრელი რაოდენობით. ამ „დემოკრატიული გარდაქმნებისთვის“ კამპაორემ საფრანგეთისგან 67 მლნ. ფრანკი კრედიტი მიიღო ძალაუფლების გასამყარებლად. ჩაატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიქატატორმა 86%-ით გაიმარჯვა (თუმცა არჩევნებზე მოსახლეობის მხოლოდ 7 % გამოცხადდა). იგივე განმეორდა 1998 წლის არჩევნებზე როდესაც დიქტატორმა 87,5 % აიღო, ხოლო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა. მაშინ ისევ დაიწყო პოლიტიკური კრიზისი რის საპასუხოდაც კამპაორემ კონსტიტუცია შეასწორა. ამჯერად პრეზიდენტი ირჩეოდა 5 წლით და მხოლოდ ორი ვადით. 2005 წლის არჩევნებზე მან 80,35 % მიიღო, ხოლო 2010 წელს 80,15 %. კამპაორეს 27 წლიანი მმართველობის შედეგად ბურკინა ფასო ერთერთ უღარიბეს ქვეყნად იქცა.
17,5 მილიონიანი ქვეყნის ეკონომიკა 2016 წლისთვის 11.872 მლრდ $-ია (130-ე ადგილი მსოფლიოში), რაც ერთ სულზე მოსახლეზე 644 დოლარს უდრის (181 ადგილი მსოფლიოში). მოსახლეობის 90% ელემენტარულ მეურნეობაში საქმიანობს. ძალიან დაბალია განათლების დონე, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობით ქვეყანა 203 ადგილზეა.
მრავალწლიანი პოლიტ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ 2014 წლის 31 ოქტომბერს კამპაორე გადადგა და პოლიტიკას ჩამოშორდა. მის შემდეგ რამდენიმე დიქტატორი გამოიცვალა და ბოლოს 2015 წლის ნომებრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ქვენის მომზადება ცნობილ ბურკინელ დიპლომატსა და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, 73 წლის მიშელ კაფანდოს დაევალა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგით. 29 ნოემბერს ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები გაიმართა რომელშიც კამპაორეს მრავალი წლის თანამებრძოლმა და ბოლო წლებში ოპოზიციაში გადასულმა როკ კაბორემ გაიმარჯვა 53,5%-ით.
მკვლელობამდე 1 კვირით ადრე ტომასმა საკუთარი კუმირ ჩე გევარასადმი მიძღვნილ მიტინგზე გამოსვლისას თავისი სიტყვა ასე დაასრულა:
„რევოლუციონერები შეიძლება მოკლა, მაგრამ რევოლუციური იდეების მოკვლა შეუძლებელია“!
სანკარას საფლავი აფრიკის მილიონობით მცხოვრებთათვის უწმინდესი ადგილია.
ტომას სანკარას მხარდამჭერების შეკრება მის საფლავთან 2007 წელს, მისი მკველობიდან 20 წლისთავზე