რას უმალავს ქართულ საზოგადოებას ევროკავშირის დიპლომატი კაუპო კანდი?

დიპლომატიურ პრაქტიკაში იშვიათობაა, რომ უცხოელმა დიპლომატმა ადგილსამყოფელ ქვეყანაში 3 წელიწადზე მეტი ხანი დაჰყოს, ვინაიდან მოქმედებს როტაციის პრინციპი, რომელიც დიპლომატიური კადრების შეცვლას ითვალისწინებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს პერიოდი კი, როგორც წესი, 3-წლიან ვადას შეადგენს. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, თანაც საკმაოდ ბევრი. მაგრამ, ძალიან დიდი იშვიათობაა, რომ ერთი და იგივე უცხოელი დიპლომატი ადგილსამყოფელ ქვეყანაში 15 წელიწადი და მეტიც მუშაობდეს, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის რანგში.

კაუპო კანდი

სწორედ ასეთი იშვიათი გამონაკლისია წარმოშობით ესტონელი კაუპო კანდი (Kaupo Känd), რომელიც საქართველოში ადრეული 2000-იანი წლებიდან არის მოვლინებული, როგორც ევროკავშირის დიპლომატი. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში, სადაც ასრულებდა ანალიტიკოსის და პროპაგანდისტის ფუნქციებს, ჩართული იყო შიდა ქართლში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, ასევე გახდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის – პიტერ სემნების პოლიტიკური მრჩეველი და ა. შ.   2016 წლიდან არის ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი და ამ სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, ადმინისტრაციულ დახმარებას აღმოუჩენდა 2008 წლის აგვისტოს ომის ცალკეული ეპიზოდების გამოძიებაში.

პარალელურად, ბ-ნი კენდი ბოლო დრომდე კითხულობს საჯარო ლექციებს.

ძირითადი, ფილოსოფოსის განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, სადოქტორო ნაშრომი ინგლისში მოამზადა, აქვს სამეცნიერო ხარისხი. არის დახვეწილი, ინტელიგენტი ადამიანი.

კაუპო კანდი

ასეთი დიპლომატის „ჩარჩენა“ საქართველოში ცოტა უცნაურია. როგორც ვთქვით, ეს დიდი გამონაკლისია და გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ ასე მხოლოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ან საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ ენთუზიასტებს შეუძლიათ მუშაობა, თუმცა მათთვისაც ბევრია 15 წელი. მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერია შესაძლებელი!

ბ-ნი კაუპოს „აგენტობას“ არ ვამტკიცებთ, მაგრამ გონივრულ ეჭვს გამოვხატავთ, მით უმეტეს, რომ ესტონელმა რადიო „თავისუფალი ევროპის“ და „თავისუფლების“ ჟურნალისტობაც მოასწრო – ვისია ეს რადიოსადგურები, ადრე თუ არ ვიცოდით, ახლა მაინც ვიცით.

კაუპო კანდის კავშირები აშშ და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან დიდი არაფერი ბედენაა თავისთავად, ვინაიდან საქართველო ისედაც გადავსებულია ათასი ჯურის მზვერავითა და ჯაშუშით, მაგრამ საქმე ეხება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს (ICC)-ს, რომელსაც აშშ არ აღიარებს და ამერიკელი მზვერავებისა და ჯაშუშების ყოფილმა თავკაცმა, უკვე სახელმწიფო მდივნის რანგში, მაიკ პომპეომ, ამ ორგანიზაციაზე და, კერძოდ, მის პროკურორზე, ფატუ ბენსუდაზე, გააფთრებული დიპლომატიური იერიში მიიტანა. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რომ თავისი ბატონი, ამერიკა, ასე მძაფრად დაუპირისპირდებოდა ჰააგის სასამართლოსა და მის ჩინოვნიკებს (არადა, ეს გასაგებია, რადგან ამერიკელი სამხედროები უხვად სჩადიან არაადამიანურ დანაშაულებებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში და ჰააგა მათთვის შესაფერისი „წამალი“ იქნებოდა), თორემ ალბათ საერთოდ უარს იტყოდა ამ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე.

2020 წელს აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდასა და იურისდიქციების განყოფილების ხელმძღვანელს, ფაკისო მოჩოჩოკოს პერსონალური სანქციები დაუწესა. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სანქციების იმ პირებისათვის დაწესებას, რომლებიც ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ომის შესაძლო დანაშაულის გამოძიებაში არიან ჩართულნი.

ბუნებრივია, ამერიკელებსაც აქვთ თავიანთი ხელი ჩაყოფილი ეგრეთ წოდებულ გამოძიებაში, რომელსაც კაუპო კანდისნაირი ხალხი აწარმოებს. შესაბამისად, ეს ხალხი ამერიკის ინტერესებს განახორციელებს და არა ობიექტურობის ინტერესებს (საქართველოს ინტერესებზე ხომ ისედაც ზედმეტია საუბარი).

ამერიკელებს არ აძლევთ ხელს ICC-ის მიერ ნეიტრალურად და წარმატებით ჩატარებული გამოძიება, რადგან სასამართლოს წარმატება მათ ინტერესებს აყენებს ზიანს. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან, გამოძიება დასრულდეს წარუმატებლად. ჩვენთვის უკეთეს შემთხვევაში, ჰააგის სასამართლო თავის დასკვნაში წყალ-წყალა ფორმულირებებით დაკმაყოფილდება და შეეცდება, ჯოხი უმნიშვნელო პირებზე გადატეხოს, უარეს შემთხვევაში კი ახალი გამწვავების პროვოცირებას მოახდენს საქართველოსა და რუსეთს შორის, სკანდალის ასაგორებლად.