დევიდ ჰარვი: სოციალისტები თავისუფლების ჩემპიონები უნდა იყვნენ

22.10.2020 | დავიდ ჰარვი | JACOBIN

მემარჯვენე პროპაგანდა ამტკიცებს, რომ სოციალიზმი ინდივიდუალური თავისუფლების მტერია. თუმცა, სიმართლე სწორედ რომ საპირისპიროა: სოციალისტები მუშაობენ ისეთი მატერიალური პირობების შესაქმნელად, რომ ყველას ნამდვილი თავისუფლება მიანიჭონ; გაათავისუფლონ კაპიტალიზმის მიერ მათ ცხოვრებაზე დაწესებული გადაუჭრელი შეზღუდვებისგან.

თავისუფლების თემა წამოიჭრა პერუში სიტყვის გამოსვლისას. სტუდენტებს ძალიან აინტერესებდათ შემდეგი შეკითხვა: „მოითხოვს თუ არა სოციალიზმი ინდივიდუალურ თავისუფლებებზე უარის თქმას?“

მემარჯვენეებმა შეძლეს თავისუფლების კონცეფციის მისაკუთრება და მისი სოციალისტების წინააღმდეგ კლასობრივ ბრძოლაში იარაღად გამოყენება. მათ განაცხადეს, რომ სოციალიზმის ან კომუნიზმის მიერ ადამიანის უყოყმანოდ სახელმწიფოსადმი დამორჩილება ყველა შესაძლო გზით უნდა იყოს თავიდან აცილებული.

მე ვუპასუხე, რომ ემანსიპაციაზე მიმართული სოციალისტური პროექტები ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებას ეყრდნობა; მეტიც, ინდივიდუალური თავისუფლებების მიღწევა არის ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი. თუმცა, ამისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევით ისეთი საზოგადოების აშენება, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის ექნება შესაბამისი უნარები და ცხოვრებისეული შესაძლებლობები.

მარქსი და თავისუფლება

მარქსს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გააჩნდა. ერთ-ერთი ასეთი მოსაზრების თანახმად, „თავისუფლების რეალობა იწყება მაშინ, როდესაც გადალახულია საჭიროების რეალობა“. თავისუფლება არაფერს ნიშნავს, თუ შენ არ გაგაჩნია საკმარისი საჭმელი, არ გაქვს შენთვის ხელმისაწვდომი შესაბამისი ჯანდაცვა, არ ხარ სახლით, ტრანსპორტირებით და განათლებით უზრუნველყოფილი და ა.შ. სოციალიზმის როლი კი იმაშია, რომ უზრუნველყოს ეს საბაზისო საჭიროებანი, რომ ადამიანები თავისუფალნი იყვნენ გააკეთონ ის, რაც უნდათ.

სოციალისტური გადასვლის [რედ. socialist transition] სამყარო ეს არის რეალობა, რომელშიც ინდივიდუალური შესაძლებლობები და უნარები განთავისუფლდნენ პოლიტიკურ-სოციალური სურვილებისგან, საჭიროებისგან და სხვა შეზღუდვებისგან. მემარჯვენეების მიერ ინდივიდუალურ თავისუფლებაზე მოპოვებულ მონოპოლიაზე თანხმობის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ეს კონცეფცია თვით სოციალიზმს.

მარქსმა იმაზეც მიუთითა, რომ თავისუფლებას ორი მხარე აქვს. მისი აზრით, მუშები კაპიტალისტურ საზოგადოებაში თავისებურად არიან თავისუფლები. მათ შეუძლიათ შრომის ბაზარზე შესთავაზონ საკუთარი უნარები ნებისმიერს. მეტიც, მათ შეუძლიათ თავისუფლად შეათანხმონ შრომის პირობები კონტრაქტში.

თუმცა, ამასთანავე, ისინი არ არიან თავისუფლები, რადგან არ გააჩნიათ კონტროლი ან წვდომა წარმოებაზე. შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან ჩააბარონ საკუთარი სამუშაო ძალა კაპიტალისტებს, რომ იარსებონ.

სწორედ ეს არის მათი თავისებური თავისუფლება. მარქსისთვის კაპიტალიზმის ფარგლებში ეს წინააღმდეგობრივი მოცემულობა არის ცენტრალური. თავში, რომელიც ეძღვნება კაპიტალში სამუშაო დღეს ეძღვნება ის ამას შემდეგნაირად აღწერს: კაპიტალისტს შეუძლია თავისუფლად უთხრას მუშას: „მე მსურს შენი დაქირავება მინიმალურ ფასად მაქსიმალური სამუშაო საათების გამოსამუშავებლად და თან იმ პირობით, რომ გააკეთო ყველაფერი ისე, როგორც მე შენ ამას გეტყვი. ეს არის შენი დასაქმების შემთხვევაში ჩემი ძირითადი მოთხოვნა.“ ჩვენი ვიცით, კაპიტალისტს შეუძლია ასეთი შემოთავაზების გაკეთება საბაზრო საზოგადოებაში, რადგან ეს საბაზრო საზოგადოებაში მუშაობს მოთხოვნის დაკმაყოფილების პრინციპით.

მეორეს მხრივ, მუშას შეუძლია უთხრას, რომ „შენ არ გაგაჩნია უფლება დღეში 14 საათი მამუშავო. შენ არ გაქვს უფლება საკუთარი სურვილისამებრ მიმართო ჩემი შრომა ნებისმიერი მიმართულებით, განსაკუთრებით, თუ ამან შეიძლება შელახოს ჩემი ჯანმრთელობა და საფრთხე შეუქმნას ჩემს სიცოცხლეს, კეთილდღეობას. მე მზად ვარ გავწიო შესაბამისი შრომა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.“

საბაზრო ეკონომიკის ბუნებიდან გამომდინარე, კაპიტალისტი და მუშაც მართლები არიან საკუთარ მოთხოვნებში. მარქსის მტკიცებით, ბაზარზე არსებული ურთიერთგაცვლის კანონის ფარგლებში [რედ. law of exchanges] ისინი თანაბრად მართალნი არიან. თანაბარი უფლებების დროს კი იმარჯვებს ძალა. კლასობრივი ბრძოლა კი წყვეტს ამ საკითხს კაპიტალისტს და მუშას შორის. შედეგი დამოკიდებულია იმ ძალთა გადანაწილებაზე, რომელიც არსებობს კაპიტალსა და მუშას შორის; ეს ურთიერთობები რაღაც მომენტში შეიძლება გახდეს ძალადობრივი და იძულებითი.

მედლის ორი მხარე

აუცილებელია, რომ ჩვენ შევხედოთ თავისუფლების კონცეფციას, როგორც ორი მხარის მქონე მედალს უფრო დეტალურად. ერთ-ერთი საუკეთესო ანალიზი ამ კუთხით მოცემულია კარლ პოლანის ნაშრომში. მის წიგნში ”დიდი ტრანსფორმაცია” [Great Transformation] პოლანი აღნიშნავს, რომ არის თავისუფლების კარგი და ცუდი ფორმები.

თავისუფლების ცუდ ფორმებს შორის ის აღნიშნავს ადამიანის უსასრულოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობას; თავისუფლება – მიიღო დიდი მოგება და არ შეიტანო შენი დადებითი წვლილი საზოგადოებრივ სამსახურში; თავისუფლება – არ დანერგო საზოგადოებრივი სარგებლისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები; თავისუფლება – მიიღო სარგებელი საზოგადოებრივი ან ბუნებრივი კატაკლიზმებისგან, რომელთა ნაწილი საიდუმლოდ არის დაგეგმილი კერძო სარგებლისთვის.

თუმცა, პოლანი აგრეთვე მიუთითებს საბაზრო ეკონომიკის იმ დადებით მხარეებზე, რომლებსაც ჩვენ ესოდენ ვაფასებთ. კერძოდ, მსჯელობის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, შეხვედრის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, სამსახურის მოძიების თავისუფლებას.

მაგრამ ეს თავისუფლებები არის იმავე ეკონომიკის შედეგები, რომელიც ქმნის თავისუფლების ცუდ ფორმებს. დღეს პოლიტიკური ძალების მიერ თავისუფლების წარმოჩინების და ნეოლიბერალური აზროვნების დომინირების ფონზე, პოლანი საკმაოდ უცნაურად ხსნის თავისუფლების ამ ორმაგ სტანდარტს.

მისი აზრით: „საბაზრო ეკონომიკის მიღმა გასვლა“ – ანუ საბაზრო ეკონომიკაზე გადაბიჯება – „შეიძლება გახდეს აქამდე უხილავი თავისუფლების დასაწყისი“. ეს მტკიცება, რომ ნამდვილი თავისუფლება იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ წარსულში დავტოვებთ საბაზრო ეკონომიკას არის შორის მომგვრელი. ის აგრძელებს:

”შეიძლება მივაღწიოთ უფრო ფართო და ზოგად იურიდიულ და რეალურ თავისუფლებას, ვიდრე ოდესმე გაგვაჩნდა. რეგულაციებს და კონტროლს შეუძლიათ მიაღწიონ თავისუფლებას არა ერთეულებისთვის, არამედ ყველასთვის; თავისუფლება არა, როგორც პრივილეგირებულების დანამატი, რომელიც საწყისშივე მცდარია, არამედ როგორც განუყოფელი ნაწილი, რომელიც სცდება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და უშუალოდ საზოგადოების ფუნდამენტშია ჩაბეჭდილი. შესაბამისად, უკვე არსებული თავისუფლებები და სამოქალაქო უფლებები დაემატება იმ უფლებებს, რომელსაც ინდუსტრიული საზოგადოება ქმნის ყველასთვის – თავისუფალი დრო და უსაფრთხოება. ასეთ საზოგადოებას აქვს უნარი იყოს სამართლიანი და თავისუფალი.”

თავისუფლება სამართლიანობის გარეშე

ჩემი აზრით, საზოგადოების იდეა, რომელიც ეყრდნობა სამართლიანობას და თავისუფლებას, სამართლიანობას და უფლებებს, იყო 1960-იანის და ე.წ. 68-წლის თაობის მოძრაობების პოლიტიკური დღის განაწესი. იყო ფართო მოთხოვნა სამართლიანობასა და თავისუფლებაზე: სახელმწიფოს მხრიდან იძულებისაგან თავისუფლებაზე, კორპორატიული კაპიტალის მხრიდან თავს მოხვეული იძულებისაგან თავისუფლებაზე, საბაზრო ეკონომიკის მიერ თავზე მოხვეული იძულებისაგან თავისუფლებაზე და აგრეთვე ადგილი ჰქონდა სოციალურ სამართლიანობაზე მძლავრ მოთხოვნას.

კაპიტალისტური პოლიტიკის პასუხი 1970-იან წლებში იყო საინტერესო. მან გადახედა არსებულ მოთხოვნებს და განაცხადა: „ჩვენ გაძლევთ თავისუფლებებს ზოგიერთი პირობით, თუმცა დაივიწყეთ სამართლიანობა“.

ეს თავისუფლებები იყო შეზღუდული. შინაარსობრივად ეს იყო საბაზრო საზოგადოებაზე არჩევანის გაკეთების უფლება. თავისუფლებაზე მოთხოვნაზე პასუხი იყო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფლება, მაგრამ სამართლიანობის სრული დავიწყება. სამართლიანობა მიანდეს საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში არსებულ კონკურენციას, რომელიც თეორიულად ისეთი გამართული არის, რომ თითოეული ადამიანი მიიღებს სამართლიანობის საკუთარ წილს. თუმცა, სინამდვილეში მაღალფარდოვანი თავისუფლებების სახელით გამოთავისუფლდა ბევრი ცუდი თავისუფლება (მაგალითად, სხვების ექსპლუატაცია).

ზემოთ ხსენებული რეალობა მკაფიოდ იყო გააზრებული და ჩამოყალიბებული პოლანის მიერ. მან დაინახა ასეთ დაპირისპირებაში მორალური დაბრკოლება, რომელსაც უწოდა „ლიბერალური უტოპია“. ჩემი აზრით, ჩვენ ჯერ კიდევ ლიბერალური უტოპიის მიერ შექმნილ პრობლემებს ვებრძვით. ეს არის მედიასა და პოლიტიკური დებატებში გავრცელებული იდეოლოგია.

დემოკრატიული პარტიის ლიბერალური უტოპია არის ის, რაც რეალურად დგას ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევის გზაზე. „დაგეგმარება და კონტროლი“ – წერდა პოლანი – „წარმოჩენილნი არიან, როგორც თავისუფლების მტრები და მუდმივ თავდასხმებს განიცდიან. თავისუფალი საწარმოები და კერძო საკუთრება კი თავისუფლების ფუნდამენტად არიან გამოცხადებულნი“. ეს მოსაზრებები არის განვითარებული ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრების მიერ.

ბაზრის მიღმა

ჩემთვის ეს ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ვაპირებთ თუ არა, რომ გავაღწიოთ საბაზრო ეკონომიკის მიერ დაწესებულ შეზღუდულ თავისუფლებებს და მოთხოვნა-მოწოდების ფორმატს, თუ ვაღიარებთ მარგარეტ ტეტჩერის მოსაზრებას, რომ სხვა ალტერნატივა არარსებობს? ჩვენ ვართ სახელმწიფოს კონტროლისგან თავისუფალნი, თუმცა საბაზრო ეკონომიკის მონები. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, არ არსებობს ამის მიღმა მეტი თავისუფლება. ეს არის ის, რასაც მემარჯვენეები ქადაგებენ და ბევრმა დაიჯერა ეს მოსაზრება.

ეს არის ჩვენი დროის პარადოქსი: თავისუფლების სახელით, ჩვენ ავითვისეთ ლიბერალური უტიპიის იდეოლოგია, რომელიც სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევის უფლებას არ გვაძლევს. მე არ მწამს თავისუფალი სამყაროსი, რომელშიც ადამიანმა, რომელსაც სურს განათლების მიღება, უზარმაზარი თანხები უნდა გადაიხადოს და სამომავლოდ მრავალწლიანი სტუდენტური ვალები დაიდოს.

ბრიტანეთში საცხოვრებლით დაკმაყოფილების უდიდესი ნაწილი 1960-იან წლებში საჯარო სექტორის ნაწილი იყო; ეს იყო სახლ-კარით დაკმაყოფილების სოციალური პროგრამა. ჩემს პატარაობაში, იგი წარმოადგენდა საბაზისო მოთხოვნის შესაბამისი სახსრების სანაცვლოდ დაკმაყოფილებას/უზრუნველყოფას. შემდეგ მოვიდა მარგარეტ ტეტჩერი, მოახდინა ყველაფრის პრივატიზაცია და განაცხადა: „თქვენ უფრო თავისუფალი იქნებით თუ გახდებით კერძო მესაკუთრეები; მეტიც, თქვენ შეძლებთ საკუთრების მქონე დემოკრატიის ნაწილი გახდეთ“.

ახლა კი, სახლ-კარით დაკმაყოფილების პროგრამის 60 %-ის ნაცვლად საჯარო სექტორში მხოლოდ 20 % თუ დარჩა, შეიძლება ნაკლებიც კი. სახლ-კარით დაკმაყოფილება გადაიქცა ვაჭრობის საგნად, ხოლო ვაჭრობა სპეკულაციების უფლებას იძლევა. საბოლოო ჯამში, სპეკულაციების შედეგად ჩვენ ვიღებთ გაძვირებულ ქონებას, რომლის შეძენა/მიწოდა შეზღუდული ხდება.

ჩვენ ვაშენებთ ქალაქებს, კარ-მიდამოებს, რომლებიც დიდ გასაქანს აძლევს მაღალი კლასის მქონე მოქალაქეებს და ამასთანავე სრულად უზღუდავს თავისუფლებას მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს. ეტყობა ამას გულისხმობდა მარქსი, როდესაც ამბობდა, რომ საჭიროების მდგომარეობა უნდა იყოს გადალახული, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება იყოს მიღწეული.

თავისუფლების განზომილება

სწორედ ასე ახდენს საბაზრო ეკონომიკა თავისუფლების შესაძლებლობების შეზღუდვას. და ამ კუთხით, სოციალისტურმა მიდგომებმა პოლანის მოსაზრებები უნდა გაიზიაროს. ანუ უნდა მოვახდინოთ თავისუფლებისადმი, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის საკითხების კოლექტივიზაცია. ჩვენ უნდა გადავიტანოთ ეს საკითხი საბაზრო ეკონომიკის განზომილებიდან საჯარო სივრცის განზომილებაში. სახლ-კარით უზრუნველყოფა საჯარო სივრცის ნაწილი – ეს არის ჩვენი მოწოდება. ეს არის თანამედროვე სისტემაში სოციალიზმის ერთ-ერთი საბაზისო იდეა – გადავიტანოთ საკითხები საჯარო სივრცეში.

ხშირად ამბობენ, რომ სოციალიზმის მისაღწევად ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ინდივიდუალიზმი, ჩვენ უნდა რამე დავთმოთ. შესაძლოა, ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ, როგორც პოლანი ამტკიცებს, მეტი/უკეთესი თავისუფლების მიღწევა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავაბიჯებთ ინდივიდუალური საბაზრო ეკონომიკის მიერ მინიჭებულ თავისუფლებების სასტიკ რეალობას.

მარქსი ამტკიცებს, რომ ინდივიდუალური თავისუფლების განზომილების გაზრდა შეიძლება მაშინ, როდესაც საჭიროების განზომილება არის დაძლეული. სოციალისტური საზოგადოების დანიშნულება არ არის ყველაფრის კონტროლი, რაც კი ამავე საზოგადოებაში ხდება; რა თქმა უნდა, არა. სოციალისტური საზოგადოების დანიშნულება არის უზრუნველყოს თითოეული მოქალაქე უფასო საბაზისო საჭიროებით, რომ ადამიანებმა შეძლონ გააკეთონ ის, რაც უნდათ, მაშინ, როდესაც უნდათ.

თუ თქვენ ახლა დაუსვამთ ნებისმიერ ადამიანს შეკითხვას „რამდენი თავისუფალი დრო გაქვს?“, როგორც წესი, პასუხი იქნება „მე ფაქტიურად არ მაქვს რაიმე თავისუფალი დრო. ეს დრო მიდის ამაზე და იმაზე“. თუ ნამდვილი თავისუფლება ეს არის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვაქვს თავისუფალი დრო, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც გვინდა – მაშინ  სოციალისტური ემანსიპაციური პროექტი სწორედ რომ ამას სთავაზობს. ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყველანი უნდა მივისწრაფოდეთ.

პუტინის რუსეთი მემარცხენეობის დევნაში

თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ანალიზისას ზედაპირული განათლების მქონე ლიბერალები ხშირად სვამენ ტოლობის ნიშანს საბჭოთა კავშირს და პუტინის რუსეთს შორის. ეს ცოტა კომიკურადაც კი გამოიყურება, რადგანაც რეალურად ისტორიული წარსულის გარდა თანამედროვე რუსეთს საბჭოთა კავშირთან ძალიან ცოტა რამ თუ აკავშირებს. პუტინის რუსეთი უკიდურესად ანტისოციალისტური, ველური კაპიტალიზმის და ფინანსური ოლიგარქიატის მქონე სახელმწიფოა, შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირის ერთგვარი ანტიპოდია. ჩვენი დროის რუსეთს საქართველოსთან უფრო მეტი საერთო აქვს თუნდაც, ვიდრე საბჭოთა კავშირთან. საქართველოს და რუსეთს აერთიანებს არასამართლიანი საგადასახადო სისტემა, როდესაც ყველაზე ღარიბები და მდიდრები ეთნაირი საგასახადო განაკვეთით იბეგრებიან, შემოსავლების და ქონების კატასტროფულად არათანაბარი გადანაწილება – ეკონომიკური უთანასწორობის (ჯინი ინდექსის) მიხედვით საქართველო და რუსეთი რეგიონის ლიდერები არიან.

თანამედროვე რუსეთი და საბჭოთა კავშირი განსხვავდება არა მხოლოდ იდეოლოგიურ დონეზე, არამედ გატარებული პოლიტიკების მიხედვით. თუ საბჭოთა კავშირი დასავლეთის რეალური ალტერნატივა იყო სოციალისტური ეკონომიკური მოწყობის კუთხით, თან საკმაოდ მძლავრი, თანამედროვე რუსეთი დასავლური იმპერიალიზმის დანამატია.

ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს ის გარემოება, რომ პუტინის რუსეთში ჭეშმარიტი მემარცხენეობის დევნა სხვადასხა ეგიდით ხდება, რადგანაც ხალხის ხარჯზე, სახელმწიფო ქონების მიტაცებით გამდიდრებული ელიტისთვის ჰუმანური, დემოკრატიული და განმათავისუფლებელი იდეების გავრცელება და ტირაჟირება შეიძლება საფრთხედ იქცეს. კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, პუტინის ყოფილმა მრჩეველმა – ვლადისლავ სურკოვმა, 2021 წლის ივნისში Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ: ”თავისუფლებით ზედოზირება სახელმწიფოსთვის სასიკვდილოა. ყველაფერი, რაც წამლის როლს ასრულებს, შეიძლება საწამლავიც აღმოჩნდეს. მთელი საქმე დოზირებაშია”

ამიტომაც პუტინის რუსეთში მმართველ პოლიტიკურ კლასს არ სურს მემარცხენე იდეებით მოსახლეობის ”ზედოზირება”. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან 3 სხვადასხვა იერიში ვიხილეთ მემარცხენე სუბიექტების მიმართ და დღევანდელ პუბლიკაციაში ზუსტად ამაზე გვსურს საუბარი.

DOXA

DOXA – რამდენიმე წლის წინ რუსეთში დაფუძნებული სტუდენტური საგნმანათლებლო პორტალია, სადაც თანამედროვე საუნივერსიტეტო პოლიტიკის კრიტიკული განხილვა ხდება და არამხოლოდ. DOXA-ს რედაქცია ღიად აკრიტიკებს რუსულ საგნმანათლებლო სისტემას, სტუდენტების სამოქალაქო გაერთიენებებს ეხმარება და რადიკალური ფილოსოფიის იდეების პოპულარიზაციას ახდენს: მარქსიზმის, ანარქიზმის და ფენიმინიზმის მიმართულებით. DOXA მემარცხენე დისკურსის წარმომადგენელია, გარკვეული ლიბერალური აქცენტით.

აღნიშნული ჟურნალი რუსეთის მასშტაბით ცნობილი გახდა გამოქვეყნებული მასალებით სტუდენტურ სოლიდარობაზე, აკადამიურ თავისუფლებაზე და გენდერულ პრობლემებზე რუსეთის უნივერსიტეტებში.

დაფუძნებიდან 4 წლისთავზე ჟურანალის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, არმენ არამიანმა გამოცემის მთავარი ლოზუნგი გააჟღერა: ”ნაივურობა. სოლიდარობა. პროვოკაცია”. DOXA გამოირჩევა ჰორიზონტალური რედაქციით, იერარქიის არქონით, რაც იმას ნიშნავს რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. გამოცემა მოსკოვის ”ეკონომიკის უმაღლესი სკოლის” (Высшая школа экономики) სტუდენტების ბაზაზე შეიქმნა. რამდენიმე წლის წინ ამ უნივერსიტეტმა მიიღო ეთიკური კოდექსი, რომელიც სტუდენტების და მასწავლებლებს უკრძალავს საკუთარ აფილირებას უნივერსიტეტთან პოლიტიკური თემების განხილვისას. თუმცა DOXA-ს აზრით პოლიტიკა ყველგანაა და მისი გამიჯვნა საუნივერსიტეტო საქმიანობიდან, ისევე როგორც ჩვენი ყოველდღიურობიდან, თითქმის შეუძლებელია.

მათ სპეციალური მაისურები და ჩანთებიც გამოუშვის ამ თემაზე – ”პოლიტიკა ყველგან”

2021 წლის 14 აპრილს, ჟურნალის 4 წლიანი იუბილის აღნიშვნიდან 2 თვეში ჟურნალის 4 რედაქტორის საცხოვრებელ სახლებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ისინი დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

გამომძიებლებმა დაკავებულთა ადვოკატებს შეატყობინეს, რომ აღძრული იყო საქმე შემდეგი მუხლით – არასრულწლოვნის ჩართვა ისეთ ქმედებაში, რაც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის სიცოცხლეს.

როგორც დაკავების შემდეგ გაირკვა, ჩხრეკა და DOXA-ს თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება დაკავშირებულია ვიდეორგოლთან, რომელიც DOXA-ს ჟურნალისტებმა 2021 წლის 23 იანვარს გამოაქვეყნეს. მასში ავტორებმა მიმართეს სტუდენტებს და აუხსნეს, რომ უკანონოა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მუქარა მათი გარიცხვის შესახებ თუ ისინი პოლიტიკურ აქციებში მიიღებენ მონაწილეობას. იანვარში „როსკომნადზორის“ მოთხოვნით აღნიშნული ვიდეო YouTube-იდან წაშალეს.

DOXA-ს რედაქტორების დაკავებიდან მალევე 60-მდე მეცნიერმა მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნიდან რედაქციის მხარდასაჭერი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე რომ საგნმანათლებლო საქმიანობით დაკავებული ჟურნალის თანამშრომლების დაჭერა იმის ნიშანია, რომ რუსეთში კრიტიკული აზროვნების კანონგარეშედ ქცევა სურთ. ამ წერილის ხელმომწერებს შორის არიან სლოვენიელი კულტუროლოგი და ფილოსოფოსი – სლავოი ჟიჟეკი, ამერიკელი ფილოსოფოსი ჯუდით ბატლერი და აკადემიური სფეროს ბევრი წარმომადგენელი.

აღმკვეთი ღონისძიების სახით DOXA-ს აქტივისტებს სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა. 00:00- 23:59 დროის მონაკვეთში მათ სახლის დატოვების უფლება არ აქვთ, ასევე ინტერნეტის და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებაზეც უარი ეთქვათ.

2021 წლის 16 ივნისს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ DOXA-ს დამფუძნებლებს აღმკვეთი ღონისძიება 14 სექტემრბამდე გაუხანგრძლივა, შესაბამისად ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა მოლოდინის რეჟიმშია. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის რედაქტორები, ალა გუტნიკოვა და არმენ არამიანი დაკითხვებზე თემატური წიგნებით დადიან, რაც პროტესტის კრეატიულ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ. ერთ-ერთ პირველ დაკითხვაზე არმენმა თან წაიღო ფრანგი ინტელექტუალის, მიშელ ფუკოს წიგნი ”ზედამხედველობა და დასჯა”, იმის შესახებ თუ როგორც ახდენს რეპრესიული სახელმწიფო საკუთარი ძალაუფლების რეალიზებას დასჯის და დისციპლინის მეშვეობით. ალა გუტნიკოვა კი ვალტერ ბენიამინის ესეების კრებულით ხელში დააფიქსირეს ფოტოკამერებმა.

როგორც DOXA-ს რედაქტორები აცხადებენ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ის წნეხი, რასაც ჟურნალისტური საქმიანობა აწყდება პუტინის რუსეთში უპრეცენდენტოა, მაგრამ DOXA-ს დამფუძნებლები ამის გამო საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებენ.

ოლეგ პლატოშკინი – «ახალი სოციალიზმისთვის»

ოლეგ პლატოშკინი გახლავთ რუსი პოლიტიკოსი, დიპლომატი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი. მან 2 წლის წინ საზოგადოებრივი მოძარობა დააფუძნა სახელად «ახალი სოციალიზმისთვის». მოძრაობის გაცხადებული მიზანი რუსეთში განახლებული სოციალიზმის აღდგენაა კანონიერი გზით – არჩევნების შედეგად. სტატისტიკური მონაცემებით აღნიშნულ პარტიაში უკვე 80 000-მდეა გაწევრიანებული და ის სიდიდით მე-2 მემარცხენე პარტია გამოდის რუსეთის მასშტაბით რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის შემდეგ.

პლატოშკინის წარსულს თუ გავიხსენებთ 2010-იან წლებში ის ხშირად გამოდიოდა რუსეთის ფედერალურ ტელევიზიებზე, სადაც დასავლეთის და ლიბერალიზმის კრიტიკით გამოირჩეოდა.

პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ ოლეგ პლატოშკინმა საკუთარ მხარდამჭერებს და Youtube არხის გამომწერებს პოლიტიკური პროგრამა წარუდგინა: «ქვეყანა დემოკრატიის უკმარისობისგან იხრჩობა. ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია საკმაოდ სახიფათოა» – აღნიშნავდა ის. რუსეთის გადასარჩენად ყოფილი დიპლომატი შემდეგი ნაბიჯების გადადმას მიიჩნევს საჭიროდ: საპენსიო რეფორმის გაუქმება, უფასო საშუალო და უმაღლესი განათლება, ერთიანი სახელმწიფო გამოცდის გაუქმება, პროგრესული საშემოსავლო გადასახადის დანერგვა, 1991 წელს გაყინული საბანკო ანაბრების კომპენსირება და ა.შ

ასე მაგალითად რუსეთის სახელმწიფო არხების ეთერში პლატოშკინი ღიად დაუპირისპირდა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ოლიგარქს, 90-იანი წლების რუსეთის პრივატიზაციის ერთ-ერთი ავტორს და ”თავისუფალი ბაზრის” გულმხურვალე ადეპტს, ანატოლი ჩუბაისს. ის ასევე ღიად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას საპენსიო რეფორმის გამო. პლატოშკინის მემარცხენე იდეების მხარდამჭერთა რაოდენობა, ისევე როგორც მისი გამომწერებისა დღითიდღე იზრდებოდა. Youtube-ის ოფიციალურ არხზე მისი გამომწერების რაოდენობამ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მომენტისთვის 477 000-ს ადამიანს შეადგენდა, ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ 617 000-მდე გაიზარდა.

2020 წლის 4 ივნისს ოლეგ პლატოშკინი მოსკოვში დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტმა რუსი პოლიტიკოსი საკუთარ Youtube არხზე არეულობების ორგანიზებაში და კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც უფრო გამოცხობილ ბრალდებას წააგავდა, ვიდრე რეალურს. მოგვიანებით, მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ მას შინაპატიმრობა შეუფარდა. თითქმის 1 წლის განმავლობაში მას სახლის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, გასეირნების მიზნითაც კი. ამან კი პლატოშკინის ჯანმრთელობის გაურესება გამოიწვია და დაპატიმრებიდან 2 თვეში ის პრეინფარქტული მდგომარეობის გამო საავდმყოფოს რეინიმაციაში მოხვდა. საბედნიეროდ ის გადარჩა. ერთი წლის განმავლობაში საგამოძიებო ჯგუფმა რეკორდულად რაოდენობის მასალა შეაგროვა, რაც 27 ტომს მოიცავდა. 2020 წლის 15 ივნისს Amnesty International-მა პლატოშკინი სინდისის პატიმრად აღიარა.

This image has an empty alt attribute; its file name is kmo_181897_00083_1-1152x768-1.jpg
განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოლეგ პლატოშკინს მისი მხარდამჭერები ეგებებიან

2021 წლი 19 მაისს მოსკოვის გაგარინის რაიონის სასამართლომ პლატოშკინის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 5 წლიანი პირობითი მიესაჯა და 700 ათასი რუსული რუბლის ოდენობის მსხვილი ფულადი ჯარიმა. ის ვერ შეძლებს 2021 წლის 19 სექტემბერს რუსეთში დაგეგმელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მისი სიტყვებით რუსეთის ხელისუფლების მთავარი მიზანი წინასაარჩევნოდ არასახარბიელო კონკურენტების განიტრალებაა, და საკუთარ თავსაც მათ რიცხვს მიაკუთვნებს, ისევე როგორც ალექსეი ნავალნის.

პაველ გრუდინინი

რუსეთის ხელისუფლების მე-3 სამიზნე მემარცხენე ტალღიდან ცნობილი პოლიტიკოსი და მეწარმე პაველ გრუდინინი გახდა. ის 1995 წლიდან «ლენინის სახელობის საბჭოთა მეურნეობის» დირექტორი იყო. ეს საწარმო რუსეთში კენკროვანი ხილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და ზოგადად გრუდინინმა ეს კომპანია საკმაოდ წარმატებულად აქცია.

2018 წელს მემარცხენე ძალებს შორის ჩატარებული ინტერნეტ პრაიმერიზის ფარგლებში პაველ გრუდინინმა გამარჯვება მოიპოვა და ”რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის” სახელით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად დასახელდა, იმის მიუხედავად რომ ის იმ მომენტისთვის პარტიის წევრი არ იყო. არჩევნების მასობრივი გაყალბების ფონზე გრუდინინი 11.77%-ით II ადგილზე გავიდა. საერთო ჯამში მან 8 660 000 ხმა მიიღო.

აღსანიშნავია რომ წარსულში, (1997-2011 წლებში) გრუდინინი მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი იყო. 2007-2010 წლებში მან ამჟამინდელი მმართველი პარტიის ”ერთიანი რუსეთის” წევრობაც მოასწრო.

პაველ გრუდინინი

2021 წლის 24 ივლისს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატების ფედერალური სიიდან ჩახსნა რუსეთის კომპარტიის კანდიდატი სახელმწიფო დუმაში, პაველ გრუდინინი (КПРФ). აღნიშნული გადაწყვეტილების საბაბი გახდა ის, რომ გრუდინინს უცხოური ბანკის ანგარიშზე აქტივები გააჩნდა.

გრუდინინის ყოფილმა ცოლმა ცესკოს მიმართა და განაცხადა, რომ მის ყოფილ მეუღლეს უცხოურ ოფშორულ კომპანიებში წილები გააჩნია, რაც არ ასახა საკუთარ დეკლარაციაში, როგორც სახელმწიფო დუმის დეპუტატობის კანდიდატმა. მსგავი პრეტენზიები გრუდინინის მიმართ 2018 წელსაც არსებობდა, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობდა, თუმცა მაშინ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვერ იპოვეს. როგორც თვით გრუდინინი აცხადებს მან ყველა ანგარიში ოფშორებში ჯერ კიდევ 2018 წელს დახურა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

აღსანიშნავია, რომ პაველ გრუდინინი საკმაოდ მაღალი რეიტინგით სარგებლოს რუსეთში და ფაქტიურად ალექსეი ნავალნის შემდეგ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა გააჩნია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის, უბრალოდ ნავალნისგან განსხვავებით ის მემარცხენე პოლიტიკის დღის წესრიგის მომხრეა. ხელისუფლების მიერ მისი დევნის 2 რეალური მიზეზი იკვეთება: პირველი და უმთავრესი ალბათ მისი, როგორც უხერხული პოლიტიკური ოპონენტის გაინეტრალებაა, ხოლო მეორე – ფინანსური ინტერესი. დეპუტატობის შეთმხვევაში გრუდინი იმუნიტეტს მიიღებდა, რაც მთავრობას მისი კომპანიის და კონკრეტულად მის სამართლებრივ დევნას გაურთულებდა. «ლენინის სახელობის საბჭოთა მეურნეობის» მიმართ კი ხელისუფლების კლანებს ეკონომიკური ინტერესი გააჩნიათ. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რაიმე საბაბით პაველ გრუდინინს წაართმევენ “Совхоз имени Ленина”-ის აქციებს, რაც ჯერ კიდევ შერჩა მას.

ქართველ მკითხველს უფრო ფართო წარმოდგენა რომ შეექმნას გრუდინინის პერსონაზე, გთავაზობთ მის ინტერვიუს 2018 წელს, ცნობილ რუს ჟურნალისთან იური დუძთან, სადაც ის საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს იმ ლიბერალურ მითებზე, რითაც რუსეთის მსგავსად საქართველოცაა მოცული როცა ზოგადად მემარცხენეობას ეხება საქმე, საბჭოთა წარსულს, სტალინის პიროვნებას და ა.შ

მმართველი პარტიის, “ერთიანი რუსეთის” რეიტინგი წინასაარჩევნოდ ისტორიულ მინიმუმდეა დაცემული და ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად მათ მხოლოდ გამოკითხულთა 27% უჭერს მხარს. ამ პირობებში რუსეთის მთავრობა ყველა ხერხს მიმართავს მემარცხენე-პატრიოტული ძალების დისკრედიტაციის და თამაშიდან გაყვანის მიზნით.

საქართველოს ენერგეტიკა იმპერიალიზმის საცეცეებში

დამოუკიდებელი საქართველოს ენერგეტიკა კარგი მაგალითია იმის გასაგებად თუ რატომ უნდა გვესმოდეს კაპიტალისტური იმპერიალიზმის რეალური მნიშვნელობა, გვესმოდეს რა გავლენას ახდენს იმპერიალისტური პოლიტიკა ჩვენს სახელმწიფოზე და ხალხის ცნობიერებაზე. განსაკუთრებით საინტერესო ამ მაგალითის შუქზე იმ ყალბი იდეოლოგიის წაკითხვაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იწარმოება. აგვისტოს ომის შემდეგ თავად ომზე არანაკლებ საინტერესო ამბები დატრიალდა. 2009 წლის 12 იანვარს კავკასიის უდიდესი ენერგოსადგური „ენგურჰესი“, რომელიც იმ მომენტისთვის ჩვენი ენერგიის 40%-ს აწარმოებდა რუსულ სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოს“ გადაეცა, კომპანია აფხაზეთისა და საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგებაზე გახდა პასუხისმგებელი.

„ინტერ რაო“ არ არის კერძო კომპანია, მისი აქციების 100% რუსული სახელმწიფოს საკუთრებაშია, იმ მომენტისთვის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად რაოს სამეთვალყურეო საბჭოში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ კრავჩენკოც შედიოდა. უკვე 2011 წელს ინტერ რაოს ხრამჰესი ერთი და ხრამჰესი ორიც გადაეცა, ანეკდოტს გავს, მაგრამ ობიექტების გაყიდვიდან შემოსული ფულით სახელმწიფომ ქუთაისის პარლამენტი ააშენა.

იგორ სეჩინი – რუსი ოლიგარქი,”ინტერ რაოს” დირექტორთა საბჭოთა თავჯდომარე და ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი პირი

საბოლოოდ რუსულ სახელმწიფოსთან დაკავშირებული კომპანიები ქართული ენერგეტიკის მსხვილი წილის მფლობელები გახდნენ. რუსული კომპანიების საკუთრებაში მყოფი ობიექტების შესახებ გვიყვება კვლევა სათაურით „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“. რა გამოდის? რომ ემბარგოს, ქართველების დეპორტაციის, ომის, დაღუპული ჯარისკაცების და რიგითი მოქალაქეების, დევნილების მორიგი ტალღის მიღების, ოკუპაციის შესახებ კანონის, რუსული არხების აკრძალვის და ლიბერალური ინტელიგენციის მიერ კულტივირებული ანტირუსული ისტერიის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ რუსული სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო სტრატეგიული აქტივები, რომლებიდანაც ელექტროენერგიით მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები მარაგდებიან. რას ნიშნავს ეს ყველაფერი იდეოლოგიურ დონეზე? მარტივ რამეს, ჩვენ ერთი იდეოლოგიური მატრიცის უნდა გვჯეროდეს, გატაცებულები უნდა ვიყოთ ანტისაოკუპაციო თეატრით, ეგზალტირებულები ვიქნევდეთ ხელებს და ვრადიკალიზდებოდეთ საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც კაპიტალი და გლობალური ძალები ჩვენს ზურგს უკან წყვეტენ ჩვენს ბედს, გვძარცვავენ და გვასუსტებენ.

ინტერ რაოსთან გაფორმებული ხელშეკრულების გამოთხოვას სხვადასხვა დროს ცდილობდნენ გაზეთი რეზონანსი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თუმცა ეს დოკუმენტი დღემდე საიდუმლოა, მისი მოპოვება ვერც სასამართლოს გზით მოხერხდა და ვერც მთავრობის ცვლილების შემდეგ. განსაკუთრებით საინტერესოა ამ გარიგებაში მეორე იმპერიული სახელმწიფოს ამერიკის ჩართულობაა, რა რეაქცია ქონდა „თავისუფალ“ ამერიკას, მისი ხელშეწყობით გაკეთდა ეს ამბავი თუ მის ზურგს უკან? რუსულ, ქართულ და ინგლისურ წყაროებში ძიების შემდეგ გარიგების შესახებ ინფორმაცია ვიკილიკსზე აღმოჩნდა. ვიკილიქსის საიტზე, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოჟონილი დოკუმენტები არის თავმოყრილი, ჯულიან ასანჟი, რომელმაც ეს არქივი შექმნა, დღესდღეობით ინგლისის ციხეში იხდის სასჯელს.

2009 წლის 13 იანვარს, ინტერ რაოსა და ქართულ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე დღეს, ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი ვრცელ რეპორტს აგზავნის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც ჩვენი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ხელშეკრულებისა და მოლაპარაკების დეტალებს, ასევე შესაძლო შედეგებს მიმოიხილავს. https://bit.ly/3DthIDU

ირკვევა რომ ქართული სტრატეგიული ობიექტების ბნელ, პუტინისტურ და „ბოლშევიკურ“ რუსეთზე გადაცემა არც ამერიკისთვის წარმოადგენს დიდ პრობლემას:

„საქართველოში ბევრი ადამიანი სვამს კითხვებს რუსი პარტნიორის სანდოობასთან დაკავშირებით ასეთ სტრატეგიულ აქტივსა და სექტორში, აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის გათვალისწინებით. რაოს ინტერესი ამ ინვესტიციაში უეჭველია დაფუძნებულია დიდი თურქული ბაზრის პოტენციალზე საქართველოს ზღურბლთან, ისევე როგორც მზარდ ელექტროენერგიის ბაზარზე თავად რუსეთში. რაოს ისევე როგორც საქართველოს, ელექტროენერგიის გაყიდვა ბევრად მაღალ ფასად თურქეთში შეუძლიათ, იმისათვის რომ ქვეყნის პიკური საზაფხულო მოთხოვნა დააკმაყოფილონ.“

ჯონ ტეფტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა, უკრაინასა და რუსეთში

ასე მუშაობს კაპიტალისტური სისტემა და ის რასაც მარქსისტული თეორიაში კომპრადორულ მმართველობას უწოდებენ. ომიდან ოთხ თვეში, ლიბერალური მთავრობა საქართველოს უმსხვილესი ენერგორესურსს მართვაში გადასცემს საკანონმდებლო დონეზე ოკუპანტად გამოცხადებულ სახელმწიფოს, ამის შესახებ იცის რუსეთმა, იცის ამერიკამ, იცის ჩვენმა კომპრადორულმა მთავრობამ, მაგრამ არ იცის ქართველმა ხალხმა. რატომ ხდება ასე? პასუხი მარტივია – ერთი მხრივ ამერიკის ინტერესი განსხვავდება რუსეთის ინტერესისგან, სადღაც ჩვენი კომპრადორული მთავრობების ინტერესებიც განსხვავდება ამ ორივეს ინტერესებისგან, მაგრამ კლასობრივი წაკითხვის დონეზე მათი ინტერესები ხშირად იკვეთება. როდესაც საქმე ასეთ საკითხებს ეხება გლობალური ბურჟუაზიის ინტერესებშია მშვიდად მიყვეს პროცესს და საზოგადოებისგან დაფარულად აკეთებდეს საკუთარ საქმეს.

დასკვნა:

არ ეგზალტირდეთ იმპერიალისტური იდეოლოგიების გავლენით, გლობალური იმპერიები არ იომებენ ჩვენს გამო, მათ ურჩევნიათ რომ ყველა მათგანზე ვიყოთ დამოკიდებული, აშშ იდეოლოგიურ აპარატს და სახელმწიფოს აკონტროლებს, რუსეთი ენერგეტიკას, თურქეთი კიდევ რაღაცას, რაც უფრო მეტი ბერკეტი აქვთ ამ სახელმწიფოებს ჩვენს ქვეყანაზე მით უფრო უკეთესად ახერხებენ ჩვენს დაყოფას და კონტროლს, რაც უფრო მეტად ვართ მათი იდეოლოგიების გავლენის ქვეშ მით უფრო მარტივია ჩვენი ექსპლუატაცია. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ძალებისგან და გლობალური კაპიტალიზმისგან იზოლირებული საქართველოს წარმოდგენა, მაგრამ ფიქრობდე პროგრესზე ნიშნავს არ იყო ამ იდეოლოგიური ისტერიის გავლენის ქვეშ, ცდილობდე იდეოლოგიური ბურუსიდან გამორკვევას და ქართველი ხალხის სამოქმედო არეალის გაფართოვებას ჩვენი ქვეყნის ექსპლუატაციასთან ბრძოლაში.

© გიორგი ღვინჯილია

სპეკულაციები მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ

მოლოტოვი და რიბენტროპი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მოსკოვში. 28 სექტემბერი, 1939 წ.

2021 წლის 23 აგვისტოს 82 წელი შესრულდა საბჭოთა-გერმანული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელისმოწერიდან, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული დოკუმენტი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების თავდასხმის ობიექტი გახდა, სადაც სჭარბობს სპეკულაციები, ფსევდომეცნიერული მიდგომები და ისტორიის გაყალბების და გადაწერის უხეში მცდელობები.

მსგავსი განწყობის წახალისება ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ხდება. ლიბერალური დასავლური პოლიტიკური ელიტა და მათი ადეპტები მესამე სამყაროს ქვეყნებში ძალ-ღონეს არ იშურებენ ტოტალიტარული რეჟიმების პასუხისმგებლობის გათანაბრების მცდელობაში II მსოფლიოს ომის გაჩაღების მცდელობაში. დასავლური ლიბერალური მედია საშუალებები და მათი ქართველი ანალოგები მათ მკითხველებს არწმუნებენ იმაში, რომ ჰიტლერს და სტალინს ”თაფლობის თვე” ჰქონდათ და ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი თანაბრად დამნაშავეები არიან კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომის დაწყების გამო.

ისტორიის მსგავსი რევიზიონიზმი ელემენტარულ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს, რამეთუ ესაა უმეცრების და ფაქტების ლოგიკური თანმიმდევრობის უგულებელყოფის უნიკალური სინთეზი. დავიწყოთ იქიდან, რომ 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაწყებული საბჭოთა დიპლომატები მაქსიმალურად ცდილობდნენ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების სისტემის ფორმირებას მესამე რაიხის წინააღმდეგ, სანამ ფაშისტი აგრესორი საკუთარი ძალაუფლების მაქსიმალურ გამყარებას მოახდენდა. მაგრამ ამ დროს მხვილი ამერიკული კომპანიები აქტიურად ეხმარებოდნენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ ნაცისტურ რეჟიმს, მათ შორის ისეთი ცნობილი ტრანსნაციონალური კომპანიები, როგორებიცაა: Coca-Cola, IBM, Metro Goldwyn Mayer, Dow Chemical, Ford Motor Company, General Motors და ბევრი სხვა. საბჭოთა კავშირის ინიციატივას ერთობლივი ფრონტის ჩამოყალიბების თაობაზე მხარი არ დაუჭირეს იმ სახელმწიფოებმა, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს პირდაპირ ან ირიბად საბჭოთა კავშირზე ცდილობენ ისრების გადატანას.

Coca-Cola-ს რეკლამა 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადიდან
ამერიკელი ისტორიკოსის, ედვინ ბლეკის წიგნის გარეკანი – ”სტრატეგიული ალიანსი ნაცისტურ გერმანიას და აშშ-ის ყველაზე მძლავრ კორპორაციას შორის”

1938 წლის სექტემბერში გაფორმებულმა ”მიუნხენის შეთანხმებამ’‘ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის მეთაურების მიერ საბოლოოდ შეცვალა ძალთა ბალანსი გერმანიის სასარგებლოდ – გერმანულ და პოლონურ ჯარებს საშუალება მიეცათ ჩეხოსლოვაკიის ნაწილის ანექსირება მოეხდინათ (სუდეტები, ტეშინის ოლქი). მთლიანი ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1939 წელს წამყვანი დასავლური ქვეყნების პოლიტიკის კანონზომიერი შედეგი იყო, რამაც ნაცისტების და მათი სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

ჩემბერლენი, დელადიე, ჰიტლერი, მუსოლინი და ჩიანო

გარდა ამისა 1939 წლის აგვისტომდე ჰიტლერთან თავდაუსხმელობის შეთანხმებები უკვე ხელმოწერილი ჰქონდათ პოლონეთს, (1934 წლის ”პილსუდსკი-ჰიტლერის პაქტი”) დიდ ბრიტანეთს, (ანგლო-ამერიკული საზღვაო შეთანხმება 1935 წ, ჰიტლერის და ჩემბერლენის მიერ ხელმოწერილი ანგლო-ამერიკული თავდაუსხმელობის დეკლარაცია 1938 წ. ) იტალიას, („ფოლადისებრი პაქტი” 1939 წ.) დანიას, (”თავდაუსხმელობის პაქტი’1939 წ.) საფრანგეთს, (”თავდაუსხმელობის დეკლარაცია’1938 წ, ”ბონე-რიბენტროპის პაქტი”) ესტონეთს, (”თავდაუსხმელობის შეთანხმება’1939 წ) ლიტვა, (”თავდაუსხმელობის პაქტი’1939 წ, ამ ხელშეკრულებით ასევე ლიტვა მესამე რაიხს უთმობდა კლაიპედას რაიონს, რაც 1945 წელს კვლავ საბჭოთა კავშირმა დაუბრუნა ლიტვის სსრ-ს)

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლატვიას და გერმანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება – 1939 წლის 7 ივნისს ხელი მოეწერა ”მუნტერს-რიბენტროპის პაქტს”. აღნიშნული პაქტში არსებობდა საიდუმლო დანართი, რომლის თანახმადაც ლატვია ვალდებულებას იღებდა ნაცისტური გერმანიის თანახმობით მიეღო ყველა საჭირო ზომა სამხედრო უსაფრთხოების კუთხით საბჭოთა კავშირთან მიმართებაში, რაც რეალურად მესამე რეიხის გეგმის ნაწილს წარმოადგენდა ბალტიისპირეთში საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის პლაცდარმის შესაქმნელად.

საბჭოთა-ფრანგულ-ბრიტანული მოლაპარაკებების კრახით დამთავრებამ მოსკოვში ურთიერთდახმარების შეთანხმებასთან დაკავშირებით მეტწილად ბრიტანეთის და საფრანგეთის გამო, რომელთაც საკუთარი წარმომადგენლებს შესაბამისი უფლებამოსილებაც კი არ დააკისრეს და ორ ფრონტზე ომის რეალურმა საშიშროებამ – დასავლეთში გერმანიასთან და აღმოსავლეთში იაპონიასთან (მდინარე ხალხინ-გოლზე უკვე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა) საბჭოთა კავშირს სხვა არჩევანი არ დაუტოვა.

ასე რომ საბჭოთა კავშირი ერთ-ერთი უკანასკნელი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც გერმანიასთან მსგავსი ხელშეკრულება გააფორმა. ამ ფაქტის აღიარებას რატომღაც გაურბიან დასავლური მეინსტრიმული მედია საშუალებები და მათი ადგილობრივი მსახურები, რომლებიც უფრო გარკვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან, ვიდრე ჭეშმარიტების დადგენას. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დამსახურებით გერმანული გავლენის ზონას ტოვებდა დასავლეთ უკრაინის და ბელარუსის სოლიდური ტერიოტორიები, რაც პოლონეთმა დაიპყრო 1921 წ, და ასევე ბალტიისპირეთიც. საბჭოთა კავშირმა ამ ტერიტორიების მოსახლეობა განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ მაინც დაიცვა გერმანული ოკუპაციის საშინელებებისგან და ნაცისტების «ახალი წესრიგისგან», მათ შორის ჰოლოკოსტისგან. ამ ქვეყნების უამრავი მოქალაქე წითელი არმიის რიგებში იბრძოდა და საერთო საკაცობრიო გამარჯვებაში თავისი წვლილი შეჰქონდა. მხოლოდ ლიეტუვაში (ყოფ. ლიტვა) ნაცისტების და მათი მოკავშირეების მიხერ ებრაული მოსახლეობის 96% იქნა განადგურებული.

აშშ-ის, ევროპული ქვეყნების და ევროპარლამენტის მცდელობა საბჭოთა კავშირს დააკისრონ პასუხისმგებლობა II მსოფლიო ომის გაღვივების პროცესში წინააღდეგობაში მოდის ისტორიულ ფაქტებთან და საღ აზრთან. ეს ასევე ეწინააღმდეგა ნიურნბერგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ”მოლოტოვ-რიბენტროპის” პაქტის დიპლომატიური მნიშვნელობა:

  • საჭირო იყო გერმანია-საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყების თარიღის მაქსიმალური გადავადება
  • საბჭოთა კავშირი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ცდილობდა, რათა ასობით ათასი ადამიანური სიცოცხლე გადაერჩინა
  • ის ევროპა გაეთავისუფლებინა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტებისგან, რომლის ქვეყნების უმრავლესობაც რეკორდულად სწრაფად დანებდა ნაცისტურ გერმანიას

1941 წლის 3 ივლისს იოსებ სტალინმა საბჭოთა კავშირის მოსახლეობას მიმართა და საჭიროდ ჩათვალა აეხსნა თავდაუსხმელობის პაქტის მნიშვნელობა ნაცისტურ გერმანიასთან:

«შეიძლება იკითხონ: როგორ მოხდა, რომ საბჭოთა მთავრობა თავდაუსხმელობის პაქტის დადებაზე წავიდა ისეთ დაუნდობელ და მტარვალ ხალხთან, როგორიც ჰიტლერი და რიბენტროპი იყო? საბჭოთა კავშირის მხრიდან რაიმე შეცდომა ხომ არ იქნა დაშვებული? რა თქმა უნდა, არა! თავდაუსხმელობის პაქტი არის სამშვიდობო შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის. ზუსტად ასეთი პაქტი შემოგვთავაზა ჩვენ გერმანიამ 1939 წელს. შეეძლო თუ არა საბჭოთა მთავრობას უარი ეთქვა ამ წინადადებაზე? მე მგონია, რომ არცერთ მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს არ შეუძლია უარი თქვას მეზობელ სუპერსახელმწიფოსთან (держава) სამშვიდობო შეთანხმებაზე, იმ შემთხვევაშიც თუ ამ სახლემწიფოს სათავეში ისეთი მტარვალები და კაციჭამიები არიან, როგორც ჰიტლერი და რიბენტროპია. რა მოვიგეთ ჩვენ გერმანიასთან გაფორმებული თავდაუსხმელობის პაქტით? ჩვენი ქვეყანა ჩვენ ვუზრუნველყავით მშვიდობით ორწლინახევრის განმავლობაში და საკუთარი ძალების მომზადების შესაძლებლობით წინააღმდეგობის გასაწევად, თუ ფაშისტური გერმანია გარისკავდა და პაქტის მიუხედავად ჩვენს ქვეყანას თავს დაესხმებოდა. ეს გარკვეული უპირატესობაა ჩვენთვის და წარუმატებლობა გერმანიისთვის».

რეზუმირების სახით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ესოდენ რადიკალური, ფსევდოისტორიული კონცეფციების წინა პლანზე წამოწევა ნეონაცისტური მოძრაობების თავის ნებაზე მიშვების ფონზე, საბჭოთა ჯარისკაცების და მონუმენტების ნგრევის პარალელურად ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, უკრაინასა და საქართველოში პირველ რიგში II მსოფლიო ომის მრავალმილიონიანი მსხვერპლის უპატივცემლობაა, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ევროპის და მთელი მსოფლიოს გათავისუფლებას ნაციზმისგან.

«ყირიმის პლატფრომა», ზელენსკი და საქართველო

ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა და პროამერიკული მარიონეტული ადმინისტრაციის მყისიერი დამხობა თალიბების მიერ, ყველაფერთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკან დაიხია და არსებითად შეასუსტა „ანაკონდას“ სტრატეგიის განხორციელება, რომელიც, რუსეთის საზღვრებს გარშემო „სანიტარული კორდონის“ შექმნის საშუალებით, ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, რუსეთის „გაგუდვას“ ანუ მის გრძელვადიან იზოლაციასა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ აუტსაიდერად გადაქცევას ისახავს მიზნად. ამიერიდან აშშ-მ იძულებით ამოიკვეთა ფეხი შუა აზიიდან.

ვაშინგტონში აცნობიერებენ, რომ რუსეთი იოლად ასაღები ბასტიონი არ არის და მასთან ბრძოლის გამწვავება არ ღირს. ეს ეხება არა მარტო შუა აზიის რეგიონს, არამედ შავი ზღვის რეგიონსაც, მათ შორის, ყირიმს. ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპის რუსოფობიულ რეჟიმებს დიდი მოლოდინები ჰქონდათ იმისა, რომ ბაიდენი გაამწვავებდა ვითარებას დონბასში და რუსეთს შეერკინებოდა კიდეც, თუმცა ვაშინგტონში გონიერებამ გაიმარჯვა და ამერიკა არ წავიდა  ვითარების გამწვავებაზე.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე არ დაძაბა “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის გაზსადენის მშენებლობის საკითხი რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში, უკრაინის გვერდის ავლით. ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ აშშ უკრაინის გამო რუსეთთან ისედაც გართულებული ურთიერთობის კიდევ გაუარესებას არ აპირებს.

ამ კონტექსტს, როგორც ჩანს, ჯეროვნად ვერ აცნობიერებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და ჯიუტად განაგრძობს უპერსპექტივო მცდელობებს, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გააძლიეროს, კერძოდ, ვითარება დაძაბოს ახლა უკვე ყირიმის საკითხის გარშემო. რა თქმა უნდა, ზელენსკის ამ საკითხში მოკავშირეები ამერიკაშიც ჰყავს, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, აშშ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არ აქვთ ხალისი, რუსეთს შეეჯახონ.  ზელენსკისთვის ყირიმის საკითხი უფრო საკუთარი მოქალაქეების ყურადღების გადატანაა საშინაო პრობლემებიდან რუსეთთან კონფრონტაციაზე, უკრაინის პოპულისტი პრეზიდენტი, რომელიც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფო მოღვაწედ, ცდილობს, რუსეთისთვის პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შიდაპოლიტიკური ქულები ჩაიწეროს და თან თავისი მყვირალა რუსოფობი მეზობლების – პოლონეთის, ლატვა-ლიტვიისა და ესტონეთის ხელისუფალთა გულები მოიგოს.

გამომდინარე თავისი უპასუხისმგებლობიდან და რეალობასთან შეუფერებელი ამბიციებიდან, ზელენსკიმ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ გამოაცხადა ე. წ. „ყირიმის პლატფორმის“ – საერთაშორისო პლატფორმის შექმნის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდირებას ყირიმის დეოკუპაციის მისაღწევად. 23 აგვისტოს უკრაინაში შედგა ამ პლატფორმის დამფუძნებელი სამიტი, უცხოური დელეგაციების მონაწილეობით. უკრაინის პრეზიდენტის მეხოტბე პროპაგანდისტები აქცენტს უცხოელი დელეგატების რაოდენობაზე აკეთებენ. უკრაინული ოფიციოზის ინფორმაციით, 22 აგვისტოს მდგომარეობით, სამიტზე ელიან 44 საზღვარგარეთელ პარტნიორს, აქედან უმაღლესი რანგით, პრეზიდენტების დონეზე წარმოდგენილნი იქნებიან ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სლოვენია, ფინეთი და ასევე ევროსაბჭო. პრემიერ-მინისტრების დონეზე წარმოდგენილები არიან რუმინეთი, საქართველო, ხორვატია, შვედეთი. სამიტს ასევე დაესწრება ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი შარლ მიშელი. ამ სამიტზე მონაწილე ქვეყნების უმრავლესობამ შედარებით დაბალი რანგის პოლიტიკოსები მიავლინა უკრაინაში, საგარეო საქმეთა მინისტრები და ელჩები.

«ყირიმის პლატფრომის» მონაწილეები კიევში, 2021 წ. 23 აგვისტო

სამიტი არ არის ისეთი წარმომადგენლობითი, როგორც ეს ზელენსკის სურდა. და, მართლაც, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი მთელმა მსოფლიომ ბუნდოვან პროექტს, რომელშიც მონაწილეობა დიდი ალბათობით გამოიწვევს რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას? რეალპოლიტიკის პრინციპების გათვალისწინებით ვის შეიძლება აძლევდეს ეს ხელს, თავად ზელენსკის გარდა? როგორც თვითონ განაწყენებულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ტელეარხ ”უკრაინასთან” აღნიშნა ინტერვიუში, რომ ბევრი დასავლელი ლიდერი არ ჩავიდა კიევში, იმიტომ რომ მათ რუსეთის ეშინიათ.

მან ასევე დასძინა, რომ:

”ჩვენ ყველა ევროპელი ლიდერი დავპატიჟეთ. მათ რუსეთის ეშინიათ. ეს სიმართლეა, ევროპას რუსეთის ეშინია”

ვლადიმერ ზელენსკი

ნათქვამი დასტურდება იმით, რომ ამ ღონისძიებას არ ესწრებიან წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი) საინტერესოა ასევე აშშ-ის მხრიდან დაგეგმილი დელეგაციის შემადგენლობაც. როგორც თეთრი სახლის ვებგვერდის მეშვეობით გახდა ცნობილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე ვაშინგტონი წარმოდგენილი იქნება ენერგეტიკის მინისტრის, ჯენიფერ გრენჰოლმის ხელმძღვანელობით. ეს გადაწყვეტილება ბოლო წამს იქნა მიღებული, იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი ტრანსპორტის მინისტრი იქნებოდა. იქნება ეს ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის მინისტრი, არცერთი ამ ჩინოვნიკის თანამდებობა არ უკავშირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ეს უფრო მეტად შეიძლება აშშ-ის ენერგეტიკულ ინტერესებს უკავშირდებოდეს უკრაინაში, მაგრამ ყველას კარგად ესმის რომ ენერგეტიკის მინისტრი არ არის ის პოლიტიკოსი, ვინც აშშ-ში საგარეო პოლიტიკურ დისკურსს განსაზღვრავს.

სამიტზე მონაწილეობას თავი ასევე აარიდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის „რუსულ სტატუსს“. თურქეთის ლიდერის მონაწილეობა არც კიევის მიერ 1944 წელს დეპორტირებული ყირიმელი თათრების საკითხის დემაგოგიური წინ წამოწევით მოხერხდა – სამიტს ყირიმელი მომღერალი ქალი „ჯამალა“ გახსნის სიმღერით „1944“. დიდი კითხვის ქვეშ არის თურქეთის საგარეო მინისტრ ჩავუშოღლუს მონაწილეობაც.

გერმანიის ჯერ  კიდევ მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი პუტნთან გამართული აუდიენციის შემდეგ 22 აგვისტოს კიევში ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. იგი მოწვეული იყო „ყირიმის პლატფორმაზეც“, მაგრამ მერკელმა 23 აგვისტოს გასამართ სამიტზე დასწრებაზე უარი განაცხადა. გერმანია, ისევე როგორც საფრანგეთი და სხვა დასავლეთევროპული სახელმწიფოები, მიზანშეუწონლად მიირჩნევენ აქამდე არსებული მოლაპარაკებების ფორმატების დუბლირებას . ისინი საკითხს ასე უდგებიან – რა საჭიროა „ყირიმის პლატფორმა“, თუკი ყირიმის საკითხი ისედაც განიხილება გაეროში, ევროსაბჭოში და ა. შ.?

ასე რომ, ზელენსკის სამიტში ძირითად მონაწილეებად ყბადაღებული „დიპკორპუსი“ რჩება – კიევში აკრედიტებული უცხოელი ელჩები. ისინი იქნებიან მონაწილეთა „მასა“. ძნელი სათქმელია, აცნობიერებს თუ არა ზელენსკი, რომ მან „ყირიმის პლატფორმის“ შექმნის მცდელობით საქმე უფრო გაიფუჭა, ვიდრე რამეს მიაღწია, მაგრამ მას ეს გაცნობიერებულიც რომ ჰქონდეს, ახლა უკან ვეღარ დაიხევს – იმხელა მასშტაბის ფინანსური, დიპლომატიური, საინფორმაციო ღონისძიებებია უკვე გატარებული ამ პროექტის განსახორციელებლად.

წამყვანი სახელმწიფოებისა და პოლიტიკოსების ნაკლებობის დეფიციტის შევსებას სამიტზე კიევი ისეთი სახელმწიფოების ხარჯზე ცდილობს, რომლებსაც რაიმე განსაკუთრებული ინტერესი შავი ზღვის რეგიონისა და, კერძოდ, უკრაინის მიმართ, არ გააჩნიათ. ეს ქვეყნები ასევე არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას მსოფლიოს დღის წესრიგსა და გეოპოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა ვინაიდან ახლა კიევისთვის ხარისხი მიუღწეველია, იგი რაოდენობით ცდილობს ფონს გასვლას. ეს არის უკრაინის პოლიტიკისა და პირადად ზელენსკისა და მისი მრჩევლების მარცხი.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვლადიმირ ზელენსკი

საქართველო ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რათა ზელენსკის ხრიკებში არ გარეულიყო, მით უმეტეს, ზელენსკისა და მთელ უკრაინულ ხელისუფლებას საქართველოსთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ. მხარდამჭერი განცხადებები ერთია – ამას საქართველოც არ აკლებს უკრაინას, მაგრამ რეალური საქმეებით უნდა იზომებოდეს მეგობრობა. რეალური საქმეებით თუ ვიმსეჯელებთ, ამჟამინდელმა და მისმა წინამორებდმა უკრაინულმა მთავრობამ, ჯერ პოროშენკოს, ხოლო შემდეგ ზელენსკის თაოსნობით პოლიტიკურ გვამად ქცეული მიხეილ სააკაშვილის და მისი კრიმინალური ნაციონალური მოძრაობის რეინიმაციას ცდა არა დააკლო. საქართველოს ყველა მოქალაქე ნათლად ხედავს, რომ ზელენსკი ხელს აფარებს ოდიოზურ სააკაშვილს, რომლის მიმართ ქართველ სამართალდამცველებს და, უფრო მეტად, ქართულ საზოგადოებას, უამრავი კითხვა დაუგროვდათ. ზელენსკი და მისი ხელისუფლება პატივს არ სცემენ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმური სტრუქტურების სურვილს. რას უნდა მოველოდოთ ასეთი „მეგობარსგან“ ძნელი სათქმელია, ამას დრო გვიჩვენებს.

საქართველოს ფორმალურად შეეძლო აღნიშნულ ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიევლინა, როგორც ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა, მაგრამ ქვეყნის პირველი პირის მონაწილეობა დიპლომატიურად სხვა გზავნის შემცველია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს «ყირიმის პლატფრომის» სამიტის მონაწილეებთან მიმართებაში.

ულოფ პალმე – სოციალ-დემოკრატიის შვედი ლეგენდა

ულოფ პალმე

1986 წლის 28 თებერვალს, პარასკევს, 23 საათსა და 21 წუთზე შვედეთის პრემიერ-მინისტრი ოლოფ პალმე სტოკჰოლმის ქუჩაში მოკლეს. მისი მკვლელი დღემდე უცნობი და დაუსჯელია. (2020 წლის 10 ივნისს შვედეთის პროკურატურამ მკვლელის ვინაობა დაადგინა: ის სტიფ ენგსტრომი აღმოჩნდა, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო ან მეორე ვერსიით – თავი მოიკლა) ყოველ წელს ამ დღეს შვედური გაზეთები და მედია საშუალებები ახალთახალ თეორიებს აცხობენ მისი მკვლელის ვინაობის შესახებ. თუმცა, მხოლოდ ერთეულნი თუ აქცევენ ყურადღებას ამ მოვლენის პოლიტიკურ მხარეს და ზეგავლენას.

ოლოფ პალმეს შვედეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა 1969-1976 წლებში და 1982 წლიდან 1986 წლის მკვლელობამდე. ამ პერიოდში იგი სათავეში ედგა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც ერთგული რჩებოდა მსოფლიოს აღქმის მნიშვნელოვნად განსხვავებული ხედვის – კაპიტალიზმისადმი წინააღმდეგობა სახლში და იმპერიალიზმისადმი – ქვეყნის საზღვრებს მიღმა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პალმე მაინც უფრო ცნობილი იყო ბოლო საკითხის გამო. ტონი ბენის [ბრიტანელი პოლიტიკოსი და მწერალი, პარლამენტის წევრი] მსგავსად, ულოფ პალმეც წარმოშობით საზოგადოების შედარებით მაღალი ფენიდან იყო და გააჩნდა ზომიერი შეხედულებები, როდესაც 1950-იან წლებში პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა. პარადოქსულია, მაგრამ ზემოთ ხსენებული ბრიტანელივით, მანაც განიცადა რადიკალიზაცია 1960-იან წლებში დატრიალებული ანტიკოლონიალური და ანტისაომარი ჯანყისას. უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას პალმეს საერთაშორისო დღის განაწესი გამაოგნებელი იყო – იგი მხარს უჭერდა ვიეტნამში ვიეტ-კონგოელებს [სამხრეთ ვიეტნამის განთავისუფლების ეროვნული ფრონტი] ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბრძოლაში, მან ესპანეთში ციხეებში პოლიტიკური პატიმრების განადგურებისთვის უწოდა ფრანკოს რეჟიმს „ღვთის მიერ დაწყევლილი მკვლელები“ და ბოლოს 1975 წელს ეწვია კუბას, სადაც დაგმო ბატისტას მთავრობა და ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ადგილობრივ რევოლუციონერებს.

თუმცა, ზემოთ ხსენებული არ იყო პალმეს საერთაშორისო დღის განაწესის მწვერვალი. მისი ლიდერობით, შვედეთი არა მხოლოდ მხარს უჭერდა, არამედ აფინანსებდა კიდევაც ელ-სალვადორს, მათ შორის მის განმათავისუფლებელ მოძრაობას [ინგ. FMLN], და სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის [ინგ. FSLN] ნიკარაგუაში ბრძოლას აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი მემარჯვენე შეხედულებების მქონე ე.წ. სამხედრო კონტრას წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მან აგრეთვე მხარი დაუჭირა სამხრეთ აფრიკაში აფრიკის ეროვნული კონგრესისთვის [რედ. ინგ African National Congress] შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას. ის გახლდათ აპარტეიდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღია კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე. შვედეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის შემდეგ, აფრიკის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტმა ოლივერ რეჯინალდ ტამბომ მას საკუთარ მოგონებებში მიუძღვნა ბრწყინვალე ესე:

”ოლოფ პალმემ დაამტკიცა, ჩვენ მართლები ვიყავით, როდესაც გვჯეროდა, რომ წამყვანი დასავლელი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოღვაწეები სამხრეთ აფრიკაში ღარიბი, დევნილი, გამოყენებული და განადგურებული მოსახლეობის გვერდით დასადგომად გადალახავდნენ ყველა რეალურად არსებულ და გამოგონილ შეზღუდვებს. მისი სიკვდილის შემდეგ იმედის ნაპერწკალი ჩაქრა. ჩვენი რეგიონის, კონტინენტის და სამყაროს თანამედროვე და მომავალი თაობებიც ყოველთვის შეაქებენ ოლოფ პალმეს, როგორც ადამიანს, რომელიც წარმოადგენდა დიდ თავის ტკივილს იმ რეაქციული ძალებისთვის, რომლებიც წარმოადგენდნენ საშინელ და დამათრგუნებელ ძველ წესრიგს.”

ულოფ პალმე

პალმე და ე.წ. შვედური მოდელი

თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პალმე წინააღმდეგობაში მოდიოდა სახლშიც არსებულ გამჯდარ ინტერესებთან – იგი შვედური სოციალურ-დემოკრატიული ღირებულებების საუკეთესო ტრადიციებისადმი ერთგული იყო. მისი თანამდებობაზე ყოფნისას, მან გამოავლინა ერთგულება კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებისადმი; კერძოდ, იგი იცავდა ეკონომიკას იმით, რომ სადღაც სამუშაო ძალის 70-80% გაერთიანებული იყო პროფკავშირებში და სახელმწიფო ფლობდა ეკონომიკის ძირითად ნაწილს; საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იყო თითოეული მოქალაქისთვის საბაზისო მოთხოვნილებების და საჭიროებების ხელმისაწვდომობა.

ულოფ პალმეს წინამორბედი, ტაგე ერლანდერი, რომელიც 23 წლის განმავლობაში შეუსვენებლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შეხედულებების და მიუხედავად იყო მშვიდი და საზრიანი ადამიანი; მეტიც, ორთოდოქსი მარქსისტი და ჭეშმარიტი სოციალისტი. 1974 წელს მას ჰკითხეს თუ რა იყო თუ რა მომავალი ელოდა და იდეა იდგა ნაციონალიზაციისა და წარმოების კონტროლის მიღმა. მან უპასუხა, რომ „გადასახადების გზით კაპიტალისტური ეკონომიკიდან წარმოების სადღაც 50% იქნა ამოღებული. თუ ჩვენ შევძლებთ ამ წილის 60-70-80% გაზრდას, მაშინ ჩვენი კეთილდღეობის სახელმწიფო დაემსგავსება სოციალიზმის რაღაც ფორმას.

ულოფ პალმე და ტაგე ერლანდერი

სწორედ რომ ამ სახის ეკონომიკას აშენებდნენ მემარცხენეები. 1932 წელს შვედეთის სოციალურ-დემოკრატიულმა მოძრაობამ ე.წ. დიდი დეპრესიის ფონზე გაიმარჯვა არჩევნებში იმ დაპირებით, რომ ხელმისაწვდომს გახდიდა სრულ დასაქმებას და შესთავაზებდა მოსახლეობას ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას. ერნსტ ვიგფორსი, რომელიც შემდეგში ფინანსთა მინისტრი გახდა, თავს დაესხა მემარჯვენე მეტოქეებს რიტორიკული შეკითხვით „გაგვაჩნია მუშაობის უფლება თუ არა?“; მეტიც, განაცხადა, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპის (ინგ. laissez-faire – გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ საკითხებში მინიმალურ და/ან სრულად ჩაურევლობას, რასაც დღეს საბაზრო ეკონომიკას უწოდებენ) მიმდევრები აკნინებდნენ ქვეყნის განვითარებას იმით, რომ თვისობრივად ქადაგებდნენ მუშებისთვის უმუშევრობას და სიღარიბეს.

1932 წლიდან 1990 წლებამდე სოციალ-დემოკრატებისთვის სრული დასაქმება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტი. ცნობისთვის, უმუშევრობის დონე არასდროს ასულა 2-3% -ზე მაღლა ამ პერიოდში. კეთილდღეობის სახელმწიფოს გაფართოება იყო სტრატეგია, რომლის საშუალებითაც მიიღწეოდა სოციალიზმი; ამ მიდგომაში, სახელმწიფო სექტორის მიზანი იყო კაპიტალისტური წარმოების სისტემიდან გამოსვლა ისე, რომ გაგრძელებულიყო მოგებაზე ორიენტირებული პრინციპის შენარჩუნება.

ამ პოლიტიკურ თაობას, რომელმაც შექმნა რეფორმისტული სტრატეგიები, გააჩნდა ერთი საერთო რამ: დემოკრატიულ-სოციალისტური შეხედულებებისადმი ღრმა ერთგულება. პალმე და მისი წინამორბედი პოლიტიკოსები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მსოფლიოში უძლიერესი სოციალურ-დემოკრატიული პარტია, იყვნენ რეფორმისტები, რადგან მათ სურდათ კაპიტალისტური საზოგადოების შეცვლა. ზრდადი რეფორმების მიღმა იდგა დემოკრატიული სოციალიზმის აღმშენებლობის იდეა; ამ იდეის მიღწევა კი შესაძლებელი იყო სოციალურ-დემოკრატიული ღირებულებების მეშვეობით, მათ შორის და განსაკუთრებით, სიმდიდრის თანაბარი გადანაწილებით, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესით და სიტყვის თავისუფლების დაცვით.

თუ პალმეს მკვლელობას ამ კუთხით მივუდგებით, ეს პოლიტიკურ მკვლელობად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან გააჩნდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეგავლენა. როდესაც მან სვევიოგენის ქუჩა გადაკვეთა სტოკჰოლმში,1986 წლის 28 თებერვლის 23:17-ზე, იგი იყო იმ პარტიის ლიდერი, რომელიც დაუპირისპირდა პრივატიზაციის იდეას კეთილდღეობის სისტემის ფარგლებში და 1985 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა; მეტიც, შემოიტანა ე.წ. კერძო კომპანიებში შემოსავლის/მოგების მიმღების ფონდი [wage-earner funds – კერძო კომპანიის მოგების დაბეგვრა და მიღებული სახსრებით ამავე და/ან სხვა შვედური კომპანიების წილების შესყიდვა, რომ ორგანიზაცია ნელ-ნელა გადავიდეს კოლექტიურ მფლობელობაში ანუ სახელმწიფოს საკუთრებაში], ეწინააღმდეგებოდა ევროპული ეკონომიკურ თემში/გაერთიანებაში წევრობას [რედ. უწინ ინგ. the European Economic Community (EEC), დღეისთვის იგივე ევროკავშირი], ემხრობოდა საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის პოლიტიკას; და ბოლოს, იპოვა გზა იმისთვის, რომ მომხდარიყო საჯარო სექტორის სუბსიდირების გზით ნახევარ ეკონომიკაზე განვრცობა, ანუ შემოღებულ იქნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი გადასახადები. ის სოციალ-დემოკრატია, რომელიც აღმოცენდა ოლოფ პალმეს მკვლელობისთანავე შვედეთსა და მის მიღმა არანაირ კავშირში ზემოთ ხსენებულთან უკვე აღარ იყო.

პალმეს შემდეგ

1980 წელს შვედეთი სავარაუდოდ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეგალიტარული კაპიტალისტური სახელმწიფო იყო. პალმეს მმართველობისას წინა ათწლეულების მომხდარ ძვრებს ხელისუფლებამ უპასუხა ახალი სოციალურ-დემოკრატიული პოლიტიკით: საჯარო საყოველთაო საბავშვო მზრუნველობით, პენსიონერებისა და მცირეწლოვანი ბავშვების მქონე მშობლების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფით, თითოეულ ბავშვზე შესაბამისი ფულადი ჯილდოს დაწესებით და საყოველთაო უფასო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, მათ შორის, აბორტის შემთხვევაში.

თუმცა, OECD-ის [ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია] თანახმად, დღეისთვის შვედეთი მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის ზრდის კუთხით მოწინავე სახელმწიფოდ არის ჩათვლილი. სოციოლოგ გორან ტერბორნის წიგნის „კაპიტალიზმი, ძლევამოსილნი და ჩვენ დანარჩენნი“ (Capitalism, the Powerful and the Rest of Us)-ს თანახმად, კეთილდღეობის და სიმდიდრის გადანაწილების კუთხით შვედეთი მსოფლიოში ნაკლებად ეგალიტარულ სახელმწიფოთა სიაში შედის და უთანასწორდება ისეთ ქვეყნების, როგორიც არის ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ამერიკის შეერთებული შტატები.

1980-იან წლებში ეკონომიკიდან შემოსავლის დაბეგვრის პროცენტი გაიზარდა და აჭარბებდა 50%-ს. დღეისთვის, ეს არის 43%-ი ანუ სახეზეა 2000 წელთან შედარებით მთლიანი ეროვნული შემოსავლის 7%-იანი კლება; ანუ, საზოგადოებრივ სიკეთეებზე წელიწადში 240 მილიარდი შვედური კრონით (20 მლრდ ფუნტით) ნაკლები იხარჯება.

ათწლეულების განმავლობაში შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკა ეყრდნობოდა სრული დასაქმების ხედვას. 1990 წელს ეს მიდგომა შეიცვალა და მთავარი ყურადღება გამახვილდა დაბალ ინფლაციაზე. ეს ნაბიჯი იყო განპირობებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით, მაგრამ ამასთანავე, ასეთი ხედვა ათწლეულების მანძილზე იყო მხარდაჭერილი და განვითარებული ადგილობრივი მემარჯვენეებისა და მათი ეკონომიკური მრჩევლების მიერ. აქცენტების ცვლილებისას, უმუშევრობის დონე არცერთხელ ჩამოვარდნილა 6-8%-ზე დაბლა; რიცხვი, რომელიც სამჯერ აღემატება აქამდე არსებულ მონაცემებს.

ბოლო წლებში ჩვენ აგრეთვე გავხდით შეუკავებელი ნეოლიბერალური რევოლუციის მოწმენი, რომელიც წახალისებული იყო კერძო საკუთრებაში მყოფი მოგებაზე ორიენტირებული და ამასთანავე საჯარო სახსრებით დაფინანსებული სკოლების აღმოცენებით; დაწესებულებების, რომლებსაც თავის დროზე მხარს უჭერდა მილტონ ფრიდმანი. ეს სწორედ ის სკოლებია, რომლებსაც ე.წ. ”ჩიკაგოს ბიჭები” იყენებდნენ პინოჩეტის დროინდელ ჩილეში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად; თუმცა, იქაც კი, საბოლოო ჯამში, მოხდა მათი ჩამოშლა. დღეისთვის შვედეთში ყოველი მეხუთე ბავშვი დადის ასეთ კერძო სკოლაში, სადაც მათში აღრმავებენ უკვე გამოცხადებულ რასობრივ და კლასობრივ დაყოფას. უკვე რამდენიმე წელია, რაც ჯანდაცვის სისტემაში უსახსრობის გამო ბობოქრობს კრიზისი, რომელიც აგრეთვე გამყარებულია კერძო ჰოსპიტალური სექტორის აღმშენებლობის სფეროში არსებული ჩავარდნებით.

2018 წლის შემდეგ, შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება იყო, იძულებული გახდა დაედო ზავი ცენტრისტულ პარტიებთან; შესაბამისად, დასთანხმდა ნეოლიბერალურ პროგრამის ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის გადასახადის შემცირება, დასაქმების ცენტრების პრივატიზაცია და გასაქირავებლად გამზადებულ უძრავი ქონების სფეროში რეგულაციების მოხსნა.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ზავის დადების შემდეგ სოციალ-დემოკრატების რეიტინგის დონე ამომრჩევლებში მერყეობს 22-23%-ის ფარგლებში, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია ქვეყნის ყველაზე დიდ მემარჯვენე ექსტრემისტულ პარტიას – შვედეთის დემოკრატებს.

პოლიტიკურად სწორ სიტყვებს თუ შევარჩევთ, რაღაც დაემართა ულოფ პალმეს პარტიასა და მის ქვეყანას. მისი მკვლელობიდან 34-ე წლისთავზე სოციალ-დემოკრატია იმყოფება ეგზისტენციალურ საფრთხეში. ზემოთ მოყვანილმა პარადიგმის ცვლილებამ განაპირობა ათწლეულების მანძილზე უკუსვლა და ამას ჯერ-ჯერობით ბოლო არ უჩანს.

მემკვიდრეობა

მისი ხსოვნის დღეებში თქვენ შეიძლება გაიგონოთ სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსების მხრიდან სინანულის სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორ გაფერმკრთალდა და დაიკარგა პალმეს პოლიტიკური მიღწევები. თუმცა, დღევანდელმა პარტიამ თვისებრივად გაანადგურა ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა. ასეთ სიცარიელეში, პალმე სწრაფად გახდა უბრალოდ ისტორიის ნაწილი.

ოლოფ პალმე არ იყო მესია. ბევრი პოლიტიკოსის მსგავსად მასაც ჩაუდენია შეცდომები. მისი იდეები ხშირად თანხვედრაში არ მოდიოდნენ ცივი ომის დასრულების რეალობასთან და იმ მოცემულობასთან, რომ ახალ ერაში კაპიტალი აღარ ექვემდებარებოდა ერ-სახელწმიფოებს. თუმცა, პალმეს მკვლელობას გლობალური დატვირთვა გააჩნდა – დასრულდა რადიკალური, რეფორმისტული სოციალ-დემოკრატია, რომელსაც ჰქონდა კაპიტალისტური სისტემის მიღმა არსებული მსოფლიოს ხედვა და ახსოვდა საუკუნეების განმავლობაში იმპერიალიზმის მიერ ჩადენილი დანაშაული. პალმეს სიკვდილმა აგრეთვე მოკლა ეს პოლიტიკა.

გარდაცვლილი პოლიტიკოსის მემკვიდრეობა არ იქნა ჩანაცვლებული ახალი სოციალ-დემოკრატიული იდეებით; პირიქით, მოხდა ევროპის ცენტრისტულ-მემარცხენე პარტიების მიერ ნეოლიბერალიზმისადმი, მისი ეკონომიკური პოლიტიკისადმი მისადაგება. 1986 წლის შემდეგ სოციალ-დემოკრატიამ ვერანაირი საზოგადოებაზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა ვერ შვა; ნებისმიერ შემთხვევაში არა ისეთი, რომელიც კითხვის ქვეშ დააყენებდა ბიზნესს ელიტების მხრიდან წარმოების პროცესზე არსებულ მარწუხებს. ე.წ. კერძო კომპანიებში შემოსავლის/მოგების მიმღების ფონდი, რომელიც დაარსდა 1982 წელს გაუქმებულ იქნა 1991-94 წლებში მემარჯვენე მთავრობის მიერ ზედმეტი ხმაურის გარეშე.

პალმეს მოშორების შემდეგ სოციალ-დემოკრატიის მძლავრმა და კარგად ორგანიზებულმა მეტოქეებმა უფრო დამჯერი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული ოპონენტები გაიჩინეს. სოციალ-დემოკრატია, როგორც მდგრადი პოლიტიკური ხედვა ჩამოიშალა. დღეისთვის იგი ჩამოშორდა საუკუნის განმავლობაში დამოუკიდებელ მოაზროვნეების ინტელექტუალურ მემკვიდრეობას; განსაკუთრებით კი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის აქსელ დანიელსონის (ინგ. Axel Danielson) ხედვას, რომ მათ „უნდა გაევლოთ ხაზი საკუთარ თავსა და სხვებს შორის.“ დღეისთვის სოციალ-დემოკრატები წარმოადგენენ მორიგ, რიგით ჯგროს.

პარტიის ოფიციალური ხაზის თანახმად, პალმეს მკვლელობის მიზეზი იყო პიროვნული ზიზღი. თუმცა, ამ ზიზღის წარმოშობის შესწავლა არის საჭირო. უდავოა, რომ პიროვნული თვისებებით პალმე მართლაც, რომ გამომწვევი იყო, განსაკუთრებით მეტოქეებთან კამათისას. მაგრამ, საბოლოო ჯამში, სწორედ რომ მისი პოლიტიკური გზავნილი იდგა პიროვნული მიუღებლობისა და ზიზღის მიღმა. პალმე გახდა სამიზნე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან არ მოსწონდათ ის, თუ რის მიღწევა შეეძლო გადასახადების გაზრდის და დემოკრატიის გზით დაპირისპირებაზე ორიენტირებულ, აგრესიულ, თამამ და თავდაჯერებულ მშრომელთა მოძრაობას.

მსგავსი პოლიტიკის გარეშე ზიზღს ადგილი ვერ ექნებოდა. პალმესადმი მიუღებლობა არ იყო ერთ პროვოკაციაზე ორიენტირებული მოკამათე პოლიტიკოსისადმი მიუღებლობა, რომელმაც საკუთარ შედარებით მაღალ წარმომავლობას უღალატა; ეს იყო ერთი დაგეგმილი მიზანმიმართული კამპანია ადამიანის წინააღმდეგ, რომლის პოლიტიკა ემუქრებოდა გამჯდარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ინტერესებს.

ე.წ. შვედურმა მოდელმა იმედი მისცა მსოფლიოს მემარცხენეებს. ძლიერი პროფკავშირებმა, დახვეწილმა კეთილდღეობის სახელმწიფომ და გენდერულმა თანასწორობამ შვედეთი სამაგალითო სახელმწიფოდ გადააქციეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბერნი სანდერსი ხშირად იშველიებს სწორედ რომ ე.წ. ნორდიკულ სახელმწიფოებში არსებულ კეთილდღეობის მოდელს, მათში არსებულ უფასო ჯანდაცვასა და საუნივერსიტეტო განათლებას, როგორც სამგზავრო რუკას.

პალმეს დაკრძალვა

სამწუხაროდ დღეს შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტია საპირისპირო მიმართულებით მიდის. მისმა საერთაშორისო ოფიცერმა/წარმომადგენელმა, რომელმაც ახლახან მოინახულა ამერიკა, უწოდა სანდერს ზედმეტად „რადიკალი“. უკეთესია შეეკრა მილიარდერებს. დღეისთვის, პალმეს პოლიტიკური პარტიისთვის პიტ ბუტიგეგი [რედ. ამერიკელი დემოკრატი პოლიტიკოსი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მინისტრი/თავმჯდომარე] უფრო შთამაგონებელია. თუმცა, მილიონობით შვედი სოციალისტისთვის სწორედ რომ სანდერსი არის სამაგალითო პიროვნება და ხატი. მისი დებატებში გამოსვლები, დებატების წაქეზება და სიტყვით გამოსვლები აქტიურად ვრცელდება სოციალურ მედიაში, როგორც რიგითი, ასევე პოპულარული ადამიანების მიერ. მისი თამამი გამოსვლები ‘დემოკრატიული სოციალიზმის’ შესახებ დღემდე იპყრობს სოციალ-დემოკრატების გულებსა; იპყრობს თითოეული იმ ადამიანის გულს, რომელიც ჯერ კიდევ ოცნებობს მსოფლიოს შეცვლაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე.

28.02.2020 | დანიელ სუჰონენი | Tribune

დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავი – ”ძლევაი საკვირველი”

დიდგორის ბრძოლას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. ეს გამარჯვება დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოა. იმავდროულად, დიდგორი ქართული სამხედრო წარმატებების ნიშანსვეტია.

არ იქნებოდა დიდგორი, რომ არა დავით IV აღმაშენებლის 32-წლიანი მოღვაწეობა. არ დაუდგებოდა საქართველოს “ოქროს ხანა”, დიდგორზე ბრწყინვალე გამარჯვება რომ არ მოგვეპოვებინა.

მსოფლიოს ნებისმიერი ერი ამაყობს თავისი სამხედრო წარმატებებით. ხშირად პომპეზურობით აღნიშნავენ გამარჯვების დღეს. ბუნებრივია, ქართველებსაც გვმართებს, მოვუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას და სათანადო პატივი მივაგოთ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს.

121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ვიწროებში მდგარ ქართველ მეომრებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ეს დღე მათი სამშობლოსა და მათი ოჯახებისთვის შეიძლებოდა გადამწყვეტი გამხდარიყო. ერი და ბერი საგანგებოდ ემზადებოდა. სამეფო კარი ჯარს საბრძოლველად ამზადებდა. ეკლესიებში ქართველთა გამარჯვების ლოცვას აღავლენდნენ. სამწუხაროდ, წერილობით წყაროებს არ შემოუნახავთ ცნობები, როგორ ემზადებოდა ქართველობა დიდგორის ბრძოლისთვის, ეს ამბები სამუდამოდ ჩაიკარგა ისტორიის ქარტეხილებში. რამდენ უძილო ღამეს გაატარებდა დავით აღმაშენებელი ბრძოლის საბოლოო გეგმის შემუშავებისას. მტერი საკმაოდ გამოცდილი იყო და ამიტომაც ყოველივე გათვლილ-დაანგარიშებული უნდა ყოფილიყო.

მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი ნელ-ნელა მოიწევდა საქართველოს სიღრმისკენ. მტერი დიდ იმედს ამყარებდა ამ ლაშქრობაზე. ერთხელ და სამუდამოდ “ჭკუა უნდა ესწავლებინათ” ქართველთათვის, რომლებმაც არა მარტო შეავიწროეს თურქ-სელჩუკები, არამედ ამიერკავკასიაში პირველობისთვის დაიწყეს ბრძოლა. 1120-1121 წლები ქართველთათვის მეტად წარმატებული გამოდგა. დავით აღმაშენებელმა რამდენიმე დიდ გამარჯვებას მიაღწია თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში. 1120 წლის 14 თებერვალს ქართველებმა ბოტორასთან დაამარცხეს თურქები. მალე ქალაქი ყაბალაც აიღეს და შირვანიდან განდევნეს მტერი. იმავე წლის ნოემბერში დავითმა აშორნიასთან სასტიკად დაამარცხა სელჩუკები. ქართველთა ეს წარმატება 1121 წელსაც გაგრძელდა. ამიერკავკასიაში ქართველთა სამხედრო უპირატესობა აშკარა შეიქნა. ამით შეშფოთებულმა განძელ-თბილელ-დმანელმა ვაჭრებმა და ადგილობრივმა მუსლიმმა მმართველებმა სპარსეთის სულთანს სთხოვეს დახმარება საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. სულთანმა მაჰმუდ მუჰამედის ძემ მთელ მუსლიმანურ სამყაროს მიმართა თხოვნით, დიდი კოალიციური ლაშქარი შეეკრიბათ ქართველთა წინააღმდეგ. სულთნის ამ თხოვნას ბევრი გამოეხმაურა. უმოკლეს ხანში შეიკრიბა 300-400-ათასიანი არმია. მას მაჰმუდ მუჰამედის ძემ სარდლად ნეჯმ ად-დინ ილღაზი დაუყენა. აღმოსავლეთში ილღაზის სახელი იმ დროისთვის დიდების შარავანდედით იყო მოსილი. იგი ფლობდა ბაღდადის, მარდინისა და ალეპოს ციხე-ქალაქებს. ილღაზმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ევროპელ რაინდებთან ბრძოლაში. 1119 წელს მან მდინარე ორონტის ნაპირებთან ე.წ. “სისხლიან ველზე” სასტიკი დამარცხება აგემა ჯვაროსნებს. ამ გამარჯვების გამო ილღაზს “ნეჯმ ად-დინი” – “სარწმუნოების ვასკვლავი” უწოდეს.

ნეჯმ ად-დინ ილღაზთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობდნენ დუბაის ემირი იბნ-სადაყა, თოღრულ მოჰამედის ძე, თუღან არსლან კუზიანი, განძის ათაბაგი და სხვა მუსლიმი მმართველები.
აგვისტოს დასაწყისში მუსლიმანური კოალიცია საქართველოსკენ დაიძრა. ილღაზი ჯერ არზრუმში მოვიდა. სწორედ აქ უნდა მოეყარათ თავი სხვადასხვა მხრიდან წამოსულ ილღაზის მოლაშქრეებს. თოღრულ მოჰამედის ძე განძის მხრიდან, ხოლო თუღან არსლან კუზიანი დვინის მხრიდან მოემართებოდა. “პაემანი” თრიალეთში იყო დათქმული. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიხედვით, მტერი “მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა”. დავით აღმაშენებელი დიდგორის ვიწროებში ელოდებოდა მტერს, რომელიც იყო “სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა”.

სავსებით სამართლიანად მიუთითებს აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომ დიდგორის მდებარეობის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა დავით აღმაშენებლის მიერ მისი ბრძოლის ადგილად შერჩევა. დიდგორის ვიწრობები მტერს საშუალებას არ მისცემდა, გაშლილიყო და თავისი რიცხობრივი უპირატესობა გამოეყენებინა.

მაგრამ მუსლიმური კოალიციის დიდგორზე შემოტყუება არც ისე ადვილი იყო. ილღაზს ჰქონდა თბილისამდე მისაღწევი სხვა გზაც. დავითის წინაშე იდგა ერთი ამოცანა, მას სამხედრო ეშმაკობის წყალობით უნდა მოეტყუებინა მტერი და ისე მიეყვანა ის ქართველებისთვის მომგებიან პოზიციებზე, რომ ისინი ვერ მიმხვდარიყვნენ. სხვაგვარად გეგმა ჩაიშლებოდა. მუსლიმ ავტორ ქემალ ად-დინს აქვს ერთი ცნობა, რომელიც ნათელს ფენს ქართველთა სამხედრო ხრიკს. ისტორიკოსი მოგვითხრობს: “მუსლიმანებმა, რომლებმაც თავდაპირველად დაამარცხეს ისინი (ე.ი. ქართველები), მისდიეს მტერს და მოექცნენ მათ ზურგში მთის გადასასვლელზე” (თარგმანი გურამ კუტალიასი). როგორც ვხედავთ, დიდგორი არ ყოფილა ქართველებისა და მუსლიმური კოალიციის დაპირისპირების პირველი პუნქტი. ამ სამხედრო კამპანიის მიხედვით, მათ მანამდეც ჰქონიათ შეტაკება, მაგრამ ქართველები დამარცხებულან. აქ ერთი რამ არის გასარკვევი, ქართველები მართლა დამარცხდნენ თუ სტრატეგიული მიზნების გამო გაითამაშეს დამარცხების სცენა. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი მოსაზრება უფრო მისაღებია, რადგანაც სწორედ ამ სამხედრო ხრიკის წყალობით დავითმა მტერი საფარში შეიტყუა. ვინც დიდგორზე ყოფილა, დამეთანხმება, ჭკვიანი და გამოცდილი სარდალი აქ ჯარს ნამდვილად არ შემოიყვანდა, მით უმეტეს, თუ აქცენტი მის რიცხობრიობაზეა გადატანილი. ილღაზი საკმაოდ გამოცდილი იყო იმისთვის, რომ სამხედრო სტრატეგიის ეს ელემენტარული დეტალი არ სცოდნოდა. ჩვენი აზრით, ილღაზს ქართველები უკვე “დამარცხებული” ეგონა, როდესაც დიდგორზე მივიდა. სწორედ ამის იმიტაცია შეუქმნა მას დავითმა. ამდენად, საქართველოს საზღვრის გადმოლახვიდან მოყოლებული ილღაზს ეგონა, რომ საკუთარი სამხედრო გეგმის მიხედვით მოქმედებდა, არადა ეს იყო ქართველ მხედართმთავართა მიერ წინასწარ შემუშავებული სტრატეგია.

დავით აღმაშენებლის ფრესკა გელათის მონასტერში

1121 წლის 12 აგვისტო, გარიჟრაჟი. დიდგორის ველზე ჯერ კიდევ სიწყნარეა, მხოლოდ აბჯრის ჟღარუნი და ცხენების ფრუტუნი ისმის. აქა-იქ მეომრები გადაუძახებენ ერთურთს. დავითმა ჯარის საბრძოლო მზადყოფნა ბრძანა. ხუცესები მეომრებს ლოცავენ. ანტიოქიის სამთავროს კანცლერ გოტიეს ცნობით, ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელს მგზნებარე მოწოდებით მიუმართავს თავის მეომრებისთვის:

”მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმე გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ.”


ბრძოლის წინ დავითმა საგანგებოდ შეარჩია 200 მეომარი. მათ უდიდესი მისია დაეკისრათ. ბრძოლის ბედი ბევრად იყო იმაზე დამოკიდებული, როგორ შეასრულებდნენ ისინი მეფის დავალებას. ამ მეომრებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სამშობლოს, რწმენისა და მეფის ერთგულებისთვის სიკვდილზე მიდიოდნენ. რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ ამ 200 გმირი ქართველის არც სახელი და არც ოჯახური წარმომავლობა არ ვიცით.

ყივჩაღი მეომრები

გათენდა. უეცრად ქართველთა ლაშქარს 200 მეომარი გამოეყო და ილღაზის ბანაკისკენ დაიძრა. მორჩილების ნიშნად ხმლები მაღლა ჰქონდათ აწეული. მტერმა იფიქრა, დანებებას აპირებენო და კარგა ღრმად შეუშვეს ბანაკში. უეცრად ქართველებმა იარაღი იშიშვლეს და მოწინააღმდეგეს დაერივნენ. ილღაზის მეომრები დაიბნენ. სანამ გონს მოვიდოდნენ, დავით აღმაშენებელმა შეტევა წამოიწყო და მტერს რამდენიმე მხრიდან შეუტია. ლაშქრის ცენტრს დავითი ედგა სათავეში. ფლანგებზე ყივჩაღთა და დემეტრე უფლისწულის ჯარები იყო განლაგებული. ბრძოლის დაწყებისთანავე დემეტრე უფლისწული დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დაეშვა და ილღაზის არმიას გვერდიდან შეუტია. პირველივე შებრძოლებისას მტრის ბანაკი შეირყა. სარკინოზები არ ელოდნენ ქართველთა ასეთ სწრაფ და ფართომასშტაბიან იერიშს. დავითმა მართლაც გენიალური სამხედრო გეგმა დაუპირისპირა ილღაზს. მტერი 300-400 ათასამდე იყო, ხოლო ქართველთა ლაშქარი 55 600 მოლაშქრისგან შედგებოდა. სარკინოზთა რიცხობრივი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ხანგრძლივ ომს ქართველთა ლაშქარი ვერ გაუძლებდა. ამიტომაც, პირველ მასობრივ შეტევას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. ბრძოლა სამ საათამდე გაგრძელდა. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა ასეთ იერიშს და უკუიქცა. ბრძოლის ბედი გადაწყვეტილი იყო. ილღაზის არმიას ქართველებმა დიდგორიდან 70 კილომეტრზე სდიეს. ტყვე და ალაფი აუარებელი იყო. მართლაც, დიდგორზე ქართველობამ შეუძლებელი შეძლო. შემთხვევითი არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი დიდგორის გამარჯვებას “ძლევაი საკვირველს” უწოდებს.

ქართველი ერი ყოველთვის დიდი მოწიწებით იხსენიებდა დიდგორის გმირებს. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად კი ხალხმა ეროვნული დღესასწაული “დიდგორობა” დააწესა.

ჯაბა სამუშია
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადი?

სად იხდიან გადასახადების გადამხდელები ყველაზე მაღალ გადასახადებს? 2019 წლისთვის ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე პირები ყველაზე დიდ გადასახადს შვედეთში იხდიდნენ – 57.19%-ს, რაც ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით უფრო მეტია. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საშუალო მაჩვენებელი, სადაც ყველა განვითარებული ქვეყანაა თავმოყრილი – 41.65%-ს შეადგენს. ზოგადად საშემოსავლო გადასახადი სკანდინავიურ ქვეყნებში შედარებით მაღალია: დანიაში – 55.89, ფინეთში – 53.75 და ისლანდიაში – 46.24%.

საზოგადოებრივი პასუხიმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე ყველაზე შეძლებული მოქალაქეები შედარებით ნაკლებად წარმატებული თანამოქალაქეების მინიმალურ საჭიროებებს უზრუნველყოფენ. შემოსავლების გონივრული გადანაწილების გარეშე შეუძლებელია სოციალურად სამართლიანი, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მაღალი გადასახადები არა მხოლოდ ნაკლებად შეძლებული ადამიანების საჭიროებას აკმაყოფილებს, არამედ ყველა მოქალაქის, მათ შორის მდიდრების ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს და ამაზე ბევრი კვლევა არსებობს. ნიშანდობლივია, რომ სწორედ სკანდინავიური ქვეყნების მოქალაქეები ლიდერობენ ხოლმე ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში. მაღალი საშემოსავლო გადასახადების მიხედვით ნორდიკულ ქვეყნებს მხარს უბამენ ავსტრია, ჰოლანდია და ბელგია.

მეორეს მხრივ ზოგიერთ ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადი ან მინიმალურია, ან საერთოდ გაუქმებულია. ამ პოლიტიკის მიმდევრები ძირითადად ნავთობით განებივრებული ქვეყნები არიან, ისეთები როგორებიცაა საუდის არაბეთი, ყატარი და ქუვეითი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი ნავთობის რეალიზაციის შედეგად მიღებულ აურებელ შემოსავლებს მოქალაქეების საჭიროებების და მაღალი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოდ იყენებენ. კარიბის ზღვის ზოგიერთ კუნძულზე საშემოსავლო გადასახადები საერთოდ გაუქმებულია, მაგალითად ანტიგუა და ბარბუდა გამოდგება. ასევე კაიმანის და ბაჰამის კუნძულებიც და ბერმუდაც ცნობილია, როგორც საგასახადო ”სამოთხე”, სადაც დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და ფინანსური მაქინაციები ხდება.

Amazon გადასახადებისგან თავს ირიდებს

ამაზონის მიერ წარმატებულად წარმოებული ბრძოლა აშშ-ს საგადასახადო სისტემის წინააღმდეგ დაუბრკოლებლად გრძელდება. საცალო ვაჭრობით დაკავებულმა გიგანტმა 2020 წელს მიღწეული არნახული გაყიდვების და შემოსავლების შესახებ განცხადება გააკეთა; ამასთანავე, მისთვის ეფექტურმა ფედერალურმა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთმა მხოლოდ 9.4% პროცენტი შეადგინა, რაც სავალდებულო კორპორატიული გადასახადის – 21% – ნახევარზე ნაკლებია.

ყველა არსებული მონაცემით, პანდემიისას ამაზონის ზრდამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით წინა დასაბეგრმა შემოსავალმა (რედ. ინგ. pretax income ) 2020 წელს $24 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 73%-იან ზრდას წარმოადგენს პანდემიის წლამდე შემოსულ მოგებასთან შედარებით – $14 მლრდ დოლარი. მისი გაყიდვები წინა წელთან შედარებით პანდემიისას 38%-ით გაიზარდა. აშშ-ში კომპანიის შემოსავალი 2020 წელს $20 მლრდ დოლარი იყო. Amazon-ს რომ გადაეხადა მოგების სავალდებულო 21%-იანი ფედერალური საშემოსავლო გადასახადი ის შეადგენდა $4.1 მლრდ დოლარს. თუმცა, ამაზონმა განაცხადა $1.8 მლრდ დოლარის გადასახადის გადახდის შესახებ, რაც ნახევარზე ნაკლებია; ანუ, მან თავიდან აირიდა $2.3 მლრდ დოლარის ოდენობის გადასახადი.

მას შემდეგ, რაც ტრამპის GOP-საგადასახადო კანონი (რედ. GOP – “Grand Old Party” – დიადი ძველი პარტია ანუ აშშ-ს რესპუბლიკური პარტია) ძალაში შევიდა, რომელმაც სავალდებულო კორპორატიული საგადასახადო განაკვეთი 21%-მდე დაწია, ამაზონმა აშშ-ში მიღებული მოგებიდან ეფექტური ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის მხოლოდ 4.3% გადაიხადა. 2018-2020 წლებში ამაზონმა $7.2 მლრდ დოლარის ოდენობის სუბსიდია მიიღო; ეს ის სხვაობაა, რომლის გადახდაც კომპანიას მოუწევდა იმ შემთხვევაში, თუ ბოლომდე დაფარავდა 21%-იან განაკვეთს.

ტრამპის საგადასახადო კანონმდებლობის (რედ. GOP Tax Law) ფარგლებში Amazon-ის მიერ კორპორატიული გადასახადის თავიდან აცილების მონაცემები.
 
 2020201920183 წელი, 2018-2020
აშშ-ს წინა-საგადასახადო შემოსავალი (pretax income)$20.2 მლრდ$13.3 მლრდ$11.2 მლრდ$44.7 მლრდ
მიმდინარე ფედერალური საშემოსავლო გადასახადი$1.8 მლრდ$162 მლნ$-129 მლნ$1.9 მლრდ
ეფექტური ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი  9.4%  1.2%  -1.2%  4.3%

მეთოდები, რომლებსაც ორგანიზაცია იყენებს ეფექტური საგადასახადო განაკვეთის დასაწევად ძირითადად უცვლელი რჩება: კომპანიამ $1.8 მლრდ დოლარი დაზოგა საფონდო გარიგებებისთვის (რედ. stock options) მიღებულ საგადასახადო შეღავათებზე და დამატებით $639 მილიონი დოლარი შემოინახა სხვადასხვა საგადასახდო კრედიტების გამოყენებით.

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი

2018-2020 წლებში ამაზონმა აგრეთვე მიიღო გაუფასურების შეღავათები (რედ. depreciation breaks); თუმცა, ამან რაიმე ზეგავლენა კომპანიის მიერ 2020 წელს გადასახადების სახით გადახდილ საბოლოო ჯამზე ვერ მოახდინა. გაუფასურების შეღავათები აძლევს შესაძლებლობას კომპანიას შეამციროს აღჭურვილობაზე საჭირო თანხები იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს აღჭურვილობა უვარგისობაში მოვა. ამ მიდგომის მომხრეებს კონგრესში მიაჩნიათ, რომ ეს ხელს უწყობს ინვესტიციებს და ზოგადად ეკონომიკას; თუმცა, სავარაუდოდ, იგი უფრო აჯილდოებს კომპანიებს იმ ფინანსური დაბანდებებისთვის, რომლებსაც ისინი ისედაც გააკეთებდნენ.

გაუფასურების შეღავათები საკმაოდ რთული თემაა და კომპლექსურ ზეგავლენას ახდენს. ერთ-ერთია ის, რომ ხდება გადასახადის გადახდის მომავალში გადატანა იმის და მიუხედავად, რომ საბოლოო ჯამში, პერსპექტივაში, ეს ამცირებს კომპანიების მიერ შემოტანილი გადასახადების რაოდენობას. ამაზონის მსგავს კორპორაციებზე დაკვირვება კი ნათელს ხდის, რომ ეროვნული საგადასახადო კოდექსი ამ მიმართულებით საერთოდ ვერ უძალიანდება ამაზონს.

ამაზონის მიერ გადასახადებისგან თავის არიდება არის თანმიმდევრული. ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიამ აშშ-ში მიღებული მოგებიდან ეფექტური ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის მხოლოდ 4.3% გადაიხადა. ბოლო ათი წლის განმავლობაში კი, ამაზონის მიერ წინა-საგადასახადო მოგებაზე, რომელიც შეადგენდა $57 მლრდ დოლარს, ეფექტურმა ფედერალურმა საგადასახადო განაკვეთმა შეადგინა 4.7%-ი; ეს განსაკუთრებით გამაოგნებელია იმ ფონზე, რომ იმ დროისთვის კანონით დადგენილი განაკვეთი ძირითადად იყო 35%.

ნებისმიერი სხვა კომპანიისთვის $1.8 მლრდ დოლარის ოდენობის გადახდილი ფედერალური საშემოსავლო გადასახადი იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ორგანიზაციის ბუღალტრებმა უსაქმურად გაატარეს განვლილი წელი. თუმცა, ამაზონისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ბოლო საანგარიშო წელს $2.3 მლრდ დოლარის ოდენობის გადასახადს აარიდეს თავი. მსგავსი ვითარება შემაშფოთებელია, რადგან ამაზონის პანდემიური გამოცდილება მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ სასიცოცხლო საფრთხეებისგან, რომლებსაც განიცდის დანარჩენი ინდუსტრია; 2020 წლის ეკონომიკისთვის დამახასიათებელი იყო კომპანიების მიერ გაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირება და ნულოვანი მოგება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგადასახადო სისტემამ უნდა შეასრულოს დაპირებული მოვალეობები; მეტიც, როდესაც ამაზონს ძალუძს საკუთარი მოგების ნახევარზე მეტის გადასახადისგან გადამალვა, ეს იმის ნიშანია, რომ საგადასახადო სისტემა უდაოდ საჭიროებს ცვლილებას.

აქვე დავამატოთ ისიც, რომ მაშინ როდესაც Amazon-ის თანამშრომლების შრომის პირობები შემაშფოთებელია, მისი დამფუძნებლის – ჯეფ ბეზოსის ქონება რეკორდულად იზრდება. Amazon-ის თანამშრომლები 10 საათი მუშაობენ, გონებას კარგავენ დაუძლურებისგან. 4000 მათგანი საჭიროებს პროდუქტების ტალონებს; ზოგიერთი მათგანი პარკინგზე ცხოვრობს სამსახურთან ახლოს. შემოდგომას ისინი წუწუნუბდნენ, რომ მათ ნიღბებს არ აძლევენ. შემოდგომას კი 20000-მდე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

Amazon თვალთვალის პრაქტიკას იყენებს არამარტო საკუთარი თანამშრომლების, არამედ ასევე ეკოლოგების და აქტივისტების მიმართ სოციალურ ქსელებშიც, რადგანაც მათ პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს.

სოციალური მობილობა – ნამდვილი დემოკრატიის ინდიკატორი

ლიბერტარიანელები მათთვის დამახასიათებელი ბრიყვული დამაჯერებლობით ყოველთვის დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ადამიანის წარმატება პირველ რიგში მასზეა დამოკიდებული, რომ თუ ადამიანი ღარიბია, ეს პირველ რიგში მისი ”დამსახურებაა” და არა საზოგადოებრივი მოწყობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის.

თუ ადამიანს საღი აზრი ოდნავ მაიცნ შერჩა, მისთვის გასაგებია იქნება, რომ თავისუფლება თანასწორობის გარეშე აზრს კარგავს, ისევე როგორც პირიქით. თანასწორობა კი უბრალოდ ფარატინა ქაღალდზე კი არ უნდა იყოს გაწერილი, არამედ შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას უნდა გულისხმობდეს მოქალაქეებისთვის, იმის მიუხედავად ისინი მდიდარი ოჯახის წარმომადგენლები არიან, თუ ღარიბის. ესაა ჭეშმარიტი დემოკრატია. ამისთვის კი საჭიროა სოციალური ლიფტები, რომლის მეშვეობითაც ამა თუ ადამიანის შეუძლია ერთი ფენიდან მეორაში გადავიდეს, სოციალური სტატუსი შეიცვალოს, საზოგადოებრივ იერარქიაში დაწინაურდეს და ერთი სიტყვით საკუთარი შრომით, მონდომებით და ნიჭით უკეთესი ცხოვრებით იცხოვროს, ვიდრე ამას მისი მშობლები ახერხებდნენ.

სოციალური მობილობა – მიუთითებს იმაზე ექნებათ თუ არა შვილებს მშობლებზე უკეთესი ცხოვრება ან შეინარჩუნებენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს.

სოციალური მობილობა უკუკავშირშია უთანასწორობასთან. რაც უფრო მეტია უთანასწორობა, მით უფრო დაბალ ნიშნულზეა სოციალური მობილობა, და პირიქით – რაც უფრო ნაკლებია უთანასწორობა, მით უფრო სოციალურად მობილურია საზოგადოება.

ამიტომაც სოციალურ მობილობაში აბსოლუტური ჩემპიონები სკანდინავიური ქვეყნები არიან, სადაც მეტი დოზითაა სოციალ-დემოკრატია, სადაც ადამიანების წარმატება დრამატულად არაა დამოკიდებული მშობლების ქონებაზე თუ სტატუსზე, ხოლო ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, რუსეთი, არც თუ ისე შესაშურ პოზიციებზე არიან. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, მედიცინა, სოციალური დაცვა, ღირსეული სამუშაო პირობები, სამართლიანი ანაზღაურება – სოციალური მობილობის შეფასებია ძირითად კომპონენტებია.

იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ყველას მაინც არ აქვს წარმატების მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობები და ძალიან ბევრი ადამიანი დაბადებიდანვე განწირულია მძიმე ცხოვრებისთვის, თუ რაიმე ფენომენალური უნარები არ აღმოაჩნდა.

მსოფლიო ეკონომიური ფორუმის კვლევაში 82 ქვეყნის მონაცემებია შედარებული.

82 სახელმწიფოში არსებული სოციალური მობილობის მაჩვენებელი ეყრდნობა 5 ძირითად მახასიათებელს: ჯანდაცვა, განათლება, ტექნოლოგიებისადმი წვდომა, სამსახურის ხელმისაწვდომობა და სოციალური დაცვა.

სამწუხაროა, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობები შეიძლება ნაწილობრივ შეიზღუდოს იმ სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით, რომელიც ბავშვის დაბადებისას მის ოჯახს გააჩნდა.

„დაბადების ლატარეა“ სამომავლოდაც განაპირობებს შემდეგი თაობების ცხოვრებასაც, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკურ „კიბეზე“ ზევით აძრომა მაინც შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა კი განპირობებულია იმ პირობებით, რომელსაც ადამიანს სთავაზობს მისი სახელმწიფო.

აღნიშნული ჩამონათვალი ეყრდნობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ წარდგენილ გლობალური სოციალური მობილობის კვლევას. იგი იძლევა 82 სახელწიფოში არსებული ვითარების ანალიზს და მათ დახარისხებას ხუთ ძირითად მახასიათებელზე დაყრდნობით: ჯანდაცვა, განათლება, ტექნოლოგიებზე წვდომა, შრომითი პირობები [რედ. პირველად გამოყენებული იყო ტერმინი work opportunities, რაც შეიძლება ითარგმნოს ქართ., როგორც სამსახურის ხელმისაწვდომობა, თუმცა აქ უკვე მითითებულია working conditions, რაც ქართ. ითარგმნება, როგორც შრომითი პირობები] და სოციალური დაცვა.

ყველა სახელმწიფო ცდილობს შესაბამისი „სათამაშო მოედნის“ შექმნას, თუმცა საინტერესოა თუ რომელი ქვეყნები უკეთესად უმკლავდებიან ამ მართლაც რომ მძიმედ დასაძლევ გამოწვევას?

სოციალური მობილობის სპექტრი

სოციალური მობილობა გულისხმობს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით სოციალურ-ეკონომიკურ „კიბეზე“ დაწინაურებას, დაქვეითებას ან იმავე სტატუს-კვოს შენარჩუნებას; მაგალითად, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახი, რომელიც შემდეგში ხდება საშუალო კლასის წარმომადგენელი.

უფრო მაღალი სოციალური მობილობის მქონე სახელმწიფოებში შეინიშნება ნაკლები საშემოსავლო უთანასწორობა; მეტიც, მოქალაქეებს ყველა ხუთივე მახასიათებელში მეტი თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა.

სიაში მოცემული სახელმწიფოთა ჯგუფი არის სოციალური მობილობის კარგი მაგალითი, რომელსაც შეიძლება სხვებმა მისდიონ.

ყველაზე მაღალი სოციალური მობილობის ქვეყნები

პირველ ათეულში ყველა სახელმწიფო არის ევროპული, თუმცა მათ შორისაც ურყევი მოწინავე პოზიციები სკანდინავიურ ქვეყნებს უკავიათ.

დანია 85.2-ი ქულით არის ყველაზე სოციალურად მობილური სახელმწიფო. შესაბამისად, თუ ადამიანი დაბალ შემოსავლიან ოჯახში იბადება მას დასჭირდება ორი თაობა, რომ საშუალო შემოსავალს მიაღწიოს. საპირწონედ, მაგალითად, ბრაზილიაში ან სამხრეთ აფრიკაში არსებული მიმდინარე მონაცემებით, ამას დასჭირდება ცხრა თაობა.

დანია, კოპენჰაგენი

კანადას, როგორც პირველ ოცეულში შემავალ არაევროპულ სახელმწიფოს, აგრეთვე კარგი შედეგები აქვს ყველა ძირითად მახასიათებელში; თუმცა, დანიის მსგავსად მას შეუძლია გააუმჯობესოს ე.წ. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის [რედ. ინგ. lifelong learning] მიმართულებით არსებული ვითარება, რაც გულისხმობს უმუშევრებისთვის მხარდაჭერას და კომპიუტერული უნარების შესწავლას.

საქართველო ყველაზე ნაკლებად სოციალურად მობილური სახელმწიფოები

აღნიშნულ რეიტინგში საქართველო 53-ე პოზიციაზე იმყოფება, საშუალოზე მაღალი ჯგუფის ქვეყნებში, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგია. ყველაზე დაბალი ქულები საქართველოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის [რედ. ინგ. lifelong learning] მიმართულებით (37 ქულა 100-დან) და სოციალური დაცვის კუთხით აქვს (33 ქულა 100-დან).

განვითარებადი სახელმწიფო კოტ-დ ‘ივუარი სულ რაღაც 34.5 ქულით არის სიის ბოლოში. ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც გაცამტვერებული იყო შიდა კონფლიქტებით და ეკონომიკური ცვალებადობით, სიღარიბის მაჩვენებელი აღწევს 46.3%-ს.

მთავრობამ გააუმჯობესა წვდომა საბაზისო სოციალურ მომსახურებებზე, მაგრამ გამოწვევად რჩება განათლებასა და სამართლიან ხელფასებზე წვდომა; აგრეთვე, შეინიშნება მსოფლიოში გენდერული უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ინდოეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აბსოლუტური სიღარიბის მიღმა ცხოვრობს. ამის და მიუხედავად, მას მაინც უკავია საკმაოდ დაბალი 76-ე ადგილი. შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად სახელმწიფოში საჭიროა ყველა სფეროში სტრუქტურული რეფორმები; ეს განსაკუთრებით ეხება სამართლიან ხელფასებს და განათლებას.

რატომ უნდა დავაბანდოთ სოციალურ მობილობაში?

კვლევის თანახმად, ეკონომიკების უმრავლესობა ძალზედ შორს არის თითოეული მოქალაქის განვითარებისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნისგან; და ეს განპირობებულია მთელი რიგი გამოწვევებით, დაწყებული სოციალური დაცვის ნაკლებობით და დაბალი შემოსავლებით და დამთავრებული ე.წ. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის ნაკლოვანებით.

სოციალური მობილობის ძირითად მაჩვენებლებში დაბანდების არარსებობამ შესაძლოა მთავრობას და მოქალაქეებს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი:

  • არასაიმედობა (უსაფრთხო შრომითი პირობების და კარგი ანაზღაურების არარსებობით გამოწვეული არამდგრადობა);
  • იდენტობისა და ღირსების დაკარგვის შეგრძნება;
  • დასუსტებული საზოგადოებრივი კავშირები [რედ. social fabric – გულისხმობს საზოგადოების წევრებს შორის ისეთ ურთიერთობებს და კავშირებს, რომლებიც განამტკიცებენ მის მდგრადობას და ერთობას];
  • ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკნინება;
  • პოლიტიკური პროცესისგან ნდობისა და პატივისცემის დაკარგვა.

სოციალური სარგებლის გარდა, სოციალური მობილობის მახასიათებლებში დაბანდებას გააჩნია აგრეთვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება.

ნამდვილი საფასურის დათვლა

ზემოთ ხსენებულ კვლევაში აგრეთვე არის მოცემული ის ეკონომიკური საფასური, რომელიც თან ახლავს დაბალ სოციალურ მობილობას; მაგალითად, დათვლილ იქნა, რომ თითოეული სახელმწიფოს მიერ საკუთარი ქულის 10 ერთეულით გაზრდის შემთხვევაში ეს 2030 წლისთვის გამოიწვევდა გლობალური ეკონომიკის მშპ-ს 4.41%-იან ზრდას, რაც უდრის $5.1 ტრილიონ დოლარს.

საკუთარი ქულის 10 ერთეული გაზრდისას მხოლოდ ერთ ჩინეთს შეუძლია 2030 წლისთვის $1 ტრილიონი დოლარის მშპ-ს გამომუშავება.

სოციალური მობილობის ეკონომიკური სარგებლის მიუხედავად, ბევრი სახელმწიფო მაინც ვერ ახერხებს მოქალაქეებისთვის განვითარების მუხტის მისაცემად შესაბამისი პირობების შექმნას. ასეთი ქვეყნებისთვის გლობალიზაცია და ტექნოლოგიური წინსვლა შეიძლება მომავალშიც დარჩეს საშემოსავლო უთანასწორობის განმაპირობებელი ფაქტორები.

თუ სახელმწიფოები ვერ იპოვიან სოციალური მობილობის ისეთ გზებს, რომლებიც წაახალისებენ ჩართულობაზე ორიენტირებულ ეკონომიკას [inclusive economies], მათ წინაშე შეიძლება ღრმად გამჯდარი უთანასწორობის პერსპექტივა გადაიშალოს; და ისტორია, როგორც წესი, მეორდება.