მარქსი, როგორც პროგრესის დირიჟორი და ჩვენი უფლებებისთვის მებრძოლი გენიოსი

ძაღლები ყეფენ, დისკუსიები კი მარქსის პიროვნების და მისი მეცნიერების გარშემო დღითიდღე ახალ მასშტაბს იძენს. მას აქტუალობა არასდროს არ დაუკარგავს, უბრალოდ საქართველოში საბჭოთა კავშირის ნგრევის და ლიბერალური ელიტების ჩამოყალიბების პროცესში მარქსის და მარქსიზმის ხელოვნური დისკრედიტაცია მოხდა, მაგრამ ეკონომიკური უთანასწორობის მატებასთან, მასობრივი გაღარიბების ზრდასთან, კაპიტალიზმის ციკლურ კრიზისებთან ერთად მისი პოლიტეკონომიური სწავლების მიმართ ინტერესი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მაგნუს ოპუსი ”კაპიტალი” და ”კომუნისტური პარტიის მანიფესტი” ერთ-ერთი ყველა კითხვადი ნაშრომებია, ხოლო თვითონ მარქსი BBC-ის მიერ ჩატარებული ონლაინ გამოკითხვის თანახმად ათასწლეულის მოაზროვნედ დასახელდა.

საინტერესო იქნება კარლ მარქსის და მისი ნაშრომების წვლილის შეფასება კაცობრიობის განვითარების პროცესში, ასე რომ მაქსიმალურად მარტივი და გასაგებით ენით მკითხველს ვთავაზობთ გერმანელი ფილოსოფოსის, ეკონომისტის, რევოლუციონერის და აქტივისტის ფასდაუდებელ ზეგავლენას, რამაც თითქმის თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება გააუმჯობესა.

დღესდღეობით ნათელია, რომ მარქსი პროგრესული რევოლუციონერია და მან ბევრი მოვლენის წინასწარმეტყველება მეტისმეტი სიზუსტით შეძლო, კერძოდ: ის, რომ ძალიან მდიდარი ადამიანების მცირე ჯგუფი მსოფლიო ეკონომიკის მართვის სადავეებთან იქნებოდა, ის რომ კაპიტალიზმი არამდგრადი სისტემაა და ყველას სიკვდილამდე აშინებს თავისი დამანგრეველი ფინანსური კრიზისებით.

მარქსის მემკვიდრეობა კარგად შეიგრძნობა XXI საუკუნეშიც. ადამიანური განვითარების რა ტენდენციები განსაზღვრა წინასწარ ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა და რაში გამოიხატა მისი რევოლუციურობა?

1. მას სურდა, რომ ბავშვებს სკოლაში ევლოთ და განათლება მიეღოთ მუშაობის მაგივრად

დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ცხადზე ცხადი გვგონია, მაგრამ თავის დროზე ბავშვების შრომის ექსპლუატაცია კაპიტალისტური სამყაროს ნორმა იყო. 1848 წელს კარლ მარქსმა ფრიდრიხ ენგელსთან თანაავტორობით გამოსცა ცნობილი ”კომუნისტური პარტიის მანიფესტი”.

ჩვენს დროშიც კი, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყოველ მეათე ბავშვს მუშაობა უწევს. (2016 წლის მონაცემები)

ბავშვების უმრავლესობამ ქარხნებიდან სკოლებში, რომ გადაინაცვლა მეტწილად სწორედ მარქსის დამსახურებაა. ლინდა უეჰი, რომელიც ავტორია წიგნისა ”ცნობილი ეკონომისტები: როგორ შეიძლება მათი იდეები დაგვეხმაროს დღეს’‘ აღნიშნავს, რომ:

”[კომუნისტური პარტიის მანიფესტის] 10 პუნქტიდან ერთ-ერთი ბავშვების უფასო განათლება და ფაბრიკა-ქარხნებში საბავშვო შრომის გაუქმება იყო.”

მარქსი და ენგელსი არ იყვნენ პირველები, ვინც ბავშვების უფლებებისთვის დაიწყეს ბრძოლა, თუმცა მარქსისტულმა მოძრაობებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი როლი ითამაშეს ბავშვების გათავისუფლების საქმეში.

2. მას სურდა, რომ ჩვენ თავისუფალი დრო გვქონოდა და ჩვენვე გადაგვეწყვიტა, როგორ გამოვიყენებთ მას

მოგწონთ თუ არა იდეა არ იმუშავოთ 24 საათიის განმავლობაში კვირაში 7 დღე? ან სასადილო შესვენებაზე რას იტყოდით? გსურთ თუ არა სიბერეში პენსიის მიღება?

თუ თქვენ ერთ-ერთ კითხვაზე მაინც გაეცით დადებით პასუხი, მაშინ მადლობა კარლ მარქსს უნდა გადაუხადოთ.

პროფესორი მაიკ სევეჯი ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან აღნიშნავს: ”როდესაც თქვენ გაიძულებენ მუშაობას ბევრი საათის განმავლობაში, მაშინ თქვენ აღარ გაქვთ საკუთარი დრო. თქვენ აღარ ხართ საკუთარი სიცოცხლის განმკარგავი.”

მარქსი წერდა, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში უამრავი ადამიანი იძულებულია გაყიდოს ერთადერთი, რაც მათ გააჩნიათ – საკუთარი შრომა (სამუშაო ძალა) ფულის სანაცვლოდ.

მარქსის თანახმად, ეს არასრულფასოვანი გაცვლაა, რასაც მივყავართ ექსპლუატაციამდე და გაუცხოების გრძნობასთან: ადამიანი თავს ისე გრძნობს, თითქოს მან დაკარგა კავშირი საბაზისო ადამიანურ ფასეულობებთან.

მარქსი განიცდიდა მშრომელების ბედს: მას სურდა, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, შემოქმედებითები, ჩვენ რომ ვყოფილიყავით ჩვენი პირადი დროის ბატონ-პატრონი.

”მთლიანობაში მარქსი იმ აზრს ანვითარებს, რომ სამსახურმა არ უნდა განსაზღვროს ჩვენი ცხოვრება. ის გულისხმობდა ცხოვრებას, სადაც ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობის ნაწილი, სადაც ჩვენ თვითონ ვწყვეტთ, როგორ ვიცხოვროთ. დღეს მსგავსი ცხოვრების სტილი იდეალადაა მიჩნეული, რისკენ უამრავი ადამიანი მიილტვის” – აღნიშნავს სევიჯი.

”მარქსს აქვს ცნობილი ციტატა, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია დილაობით ნადირობა, შუადღეს – თევზაობა, საღამოს – პირუტყვის გამწყემსვა, ხოლო ვახშმის შემდეგ კრიტიკითაც შეიძლება დავკავდეთ. მას სჯეროდა თავისუფლების, ემანსიპაციის და გაუცხოებასთან ბრძოლის აუცილებლობის” – ამბობს მეცნიერი.

3. მას სურდა, რომ ჩვენ მუშაობისგან სიამოვნება მიგვეღო

ჩვენი მუშაობა შეიძლება სიხარულის წყაროდ იქცეს, თუ ადამიანი დაინახავს ”საკუთარ თავს იმ ობიექტებში, რასაც ის ქმნის”.

მუშაობამ შეიძლება მოგვცეს საშუალება ვიყოთ კრეატიულები და დაგვანახოს საუკეთესო, რისი შემძლეც ვართ: იქნება ეს ჩვენი ადამიანური თვისებები, ჭკუა ან უნარები.

მაგრამ თუ თქვენ უინტერესო სამსახური გაქვთ, რაც არ აღძრავს თქვენში არანაირ გრძნობებს, საბოლოოდ თქვენ თავს იგრძნობთ დათრგუნულად და დაჩარგრულად, ასევე გარიყულადაც.

ეს თანამედროვეობის რომელიმე მოტივაციის გურუს, ჯორდან პეტერსონის, ან სილიკონის ველის მეწარმის სიტყვები კი არაა, არამედ XIX საუკუნის შუახანში მოღვაწე მეცნიერისა, რომელიც დროს უსწრებდა. თავის ერთ-ერთ ადრეულ ნაშრომში, 1844 წლის ”ეკონომიკურ-ფილოსოფიურ ხელნაწერებში” მარქსი წარმოგვიდგება, როგორც ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე, რომელმაც სამუშაოსგან კმაყოფილების გრძნობა და კეთილდღეობა დააკავშირა.

ის აღნიშნავს, რომ თუ ჩვენ ბევრ დროს ვხარჯავთ სამსახურში, მაშინ მისგან რაიმე სიხარულს უნდა ვიღებდეთ სანაცვლოდ. საკუთარი შრომის ნაყოფის გამო სიამაყის გრძნობის დაუფლება აუციელებელია ბედნიერებისთვის – მიიჩნევდა გერმანელი ფილოსოფოსი.

მარქსი იკვლევდა, თუ როგორ მოახერხა კაპიტალიზმმა სიხარბის დევნაში, წარმოების და მოგების ზრდის კვალდაკვალ, სამუშაო პროცესის სპეციალიზება. მაგალითად თუ თქვენ ჭანჭიკების ჭრილებს ამზადებთ მუდმივად, დღეში რამდენიმე ათას ცალს, თქვენთვის შეიძლება არც თუ ისე მარტივი იყოს მუშაობისგან სიამოვნების მიღება.

4. მას სურდა, რომ ხალხი ცვლილებებისკენ მიისწრაფოდეს

თუ თქვენს სოციუმში რაღაც ისე არ მიდის, თუ თქვენ არასამართლიანობის და უთანასწორობის განცდა გაქვთ, თქვენ ხმას იმაღლებთ და ცვლილებებისთვის იწყებთ ბრძოლას. თუმცა XIX საუკუნის ბრიტანეთში ახალი კაპიტალისტური საზოგადოება დაუძლურებულ მუშას შეიძლება ერთადერთ და ურყევ მონოლითად მოჩვენებოდა. მაგრამ კარლ მარქს სჯეროდა ცვლილებების და სხვებსაც მოუწოდებდა ამისკენ. ეს კარგად ჩანს მის ერთ-ერთ ადრეულ ნამუშევარში ”თეზისები ფოიერბახის შესახებ”, სადაც ავტორი ამბობს:

“ფილოსოფოები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ სამყაროს ახსნას, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ის შეიცვალოს!”

სწორედ ეს ციტატაა დატანებული მარქსის საფლავის ქვაზე ლონდონში
ეპიტაფია მარქსის საფლავზე, ჰაიგეიტის სასაფლაოზე ლონდონში

მარქსის იდეებით შთაგონებული ხალხის საპროტესტო გამოსვლებმა სხვადასხვა ქვეყნებში უამრავი სასარგებლო სოციალური ცვლილება მოიტანა – რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონების მიღება, კლასობრივ უთანასწორობასთან ბრძოლის გაფართოება, მუშათა კლასის სოციალური საკითხების დაყენება დღის წესრიგში და ა.შ

ლონდონში მარქსიზმის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლუის ლინსენი ამბობს: ”საზოგადოების შესაცვლელად რევოლუციაა საჭირო; ჩვენ პროტესტებს ვაწყობთ საზოგადეობის გაუმჯობესებისთვის. სწორედ ამ გზით მიაღწიეს წარმატებას ჩვეულებრივმა ადამიანებმა ჯანმრთელობის დაცვის და 8 საათიანი სამუშაო დღის შემოღების მხრივ”

მარქსს ხშირად ფილოსოფოსს ეძახიან, მაგრამ ლუის ნილსენი ამ განსაზღვრებასთან არაა თანახმა. ”მიჩნეულია, რომ მარქსი ფილოსოფოსობდა და სხვადასხვა თეორიებს იგონებდა. მაგრამ თქვენ თუ გადახედავთ მის საქმიანობას, მაშინ დაინახავთ, რომ ის ასევე იყო აქტივისტი: მან დააარსა პირველი ინტერნაციონალი, ღარიბი მუშების დასახმარებელ ბევრ კამპანიაში მონაწილეობდა, რომლებიც გაფიცვებზე საკუთარი უფლებებისთვის გამოდიოდნენ და ა.შ ” – აღნიშნავს ნილსენი.

”მისი ლოზუნგი ”პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!” – ნამდვილი მოწოდებაა იარაღის ასასხმელად. მარქსის მემკვიდრეობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გაგვაჩნია უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის ტრადიცია. ის მარქსის თეორიას ეფუძნება, თუნდაც დემონსტრანტები საკუთარ თავს მარქსისტებს არ უწოდებდნენ” – დასძენს ნილსენი.

ძნელია ლინსენს არ დაეთანხმო. როგორ მოიპოვეს ქალებმა ხმის მიცემის უფლება? მმართველმა ელიტებმა კი არ გადაწყვიტეს ერთ მშვენიერ დღეს ქალებისთვის ეს უფლება მიენიჭებინათ, არამედ ქალებმა საკუთარი ბრძოლით და ორგანიზებული პროტესტით შეძლეს ამის მიღწევა. როგორ მოიპოვა კაცობრიობამ შაბათ-კვირას დასვენების უფლება? პროფკავშირებმა გაფიცვების და მასობრივი დემონსტრაციების ორგანიზება დაიწყეს. ამგვარი ბრძოლით მიაღწია კაცობრიობამ თითქმის ყველა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრესს.

როგორც ისტორიამ გვიჩვენა მარქსის ბრძოლა სოციალური რეფორმების ლოკომოტივითაა და ეს მრავალჯერ დადასტურდა. 1943 წელს ბრიტანელმა კონსარვატიულმა პოლიტიკოსმა, კვინტინ ჰოგმა თქვა: ”ჩვენ მათ უნდა დავთანხმდეთ რეფორმებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რევოლუციას მივიღებთ”

5. ის გვაფრთხილებდა სახელმწიფოს და მსხვილი ბიზნესის დაახლოებაზე და მასმედიისთვის თვალყურის მიდევნებას მოუწოდებდა

რას ფიქრობთ სახელმწიფოების და მსხვილი კორპორაციების მჭიდრო კავშირზე? მოგწონთ თუ არა Facebook-ის, Google-ის და სხვა კომპანიების მიერ მომხმარებლების პირადი ინფორმაციით ვაჭრობა და მანიპულირება?

მარქსმა და ენგელსმა ეს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იწინასწარმეტყველეს. რა თქმა უნდა იმ დროისთვის ჯერ არ არსებობდა სოციალური ქსელები, მაგრამ როგორც ბუენოს-აირესის კრიმინილოგიის პროფესორი, ვალერია ვეგ ვაისი იტყობინება, ისინი იყვნენ პირველები, ვინც მსგავსი საფრთხე გაანალიზეს.

”ისინი დეტალურად იკვლევდნენ იმ კავშირებს, რაც იმ დროს არსებობდა მთავრობებს, ბანკებს, ბიზნესს და კოლონიალური სისტემის მთავარ მოთამაშეებს შორის. ასე მათ XV საუკუნემდეც კი ჩააღწიეს.” – ამბობს ვეგ ვაისი.

მარქსი გვაფრთხილებდა, რომ პრესას საზოგადოებაზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია

”მარქსის და ენგელსის ანალიზის თანახმად თუ პრაქტიკა მოწმობს სახელმწიფოს და ბიზნესის თანაშმრომლობის ეფექტურობაზე, თუნდაც ეს მანკიერი პრაქტიკა იყოს, როგორც მონობის შეთხვევაში, მაშინ ეს უბიძგებს ამ კავშირის შემდგომ გაძლიერებას, როგორც მოხდა კოლონიების გაფართოების სახით.” – აღნიშნავს ვეგ ვაისი.

მარქსის გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი ხედვები პრესასთან მიმართებაში აქტუალურია XXI საუკუნეშიც. მარქსი კარგად ათვიცნობიერებდა პრესის მნიშვნელობას, როდესაც საქმე ეხებოდა საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას. დღეს ბევრი საუბრობს ყალბ ამბებზე, მედიასკანდალებზე, მსხვილი მედია საშუალებების მიკერძოებულობაზე, მაგრამ მარქსი უკვე მაშინ ხვდებოდა ამ საფრთხეებს. ის იკვლევდა სტატიებს, რომლებიც წამყვან გაზეთებში იბეჭდებოდა იმ დროს და შემდგომ დასკვნამდე მივიდა:

წვრილი დანაშაული და კრიმინალური შემთხვევები ღარიბების მონაწილეობით პრესაში საკმაოდ დიდ გამოხმაურებას პოულობდა, მაშინ როდესაც ”თეთრი საყელოების” (ინგლისური სლენგი whitecollar, რომელიც გამოიყენება დაქირავებული პროფესიონალის ან განათლებული თანამშრომლის, საოფისე კლერკის აღსანიშნად) მიერ ჩადენილი დანაშაული და პოლიტიკური სკანდალები ან საერთოდ არ შუქდებოდა, ან ძალიან მცირე დოზით.

პრესა საზოგადოების მანიპულირების და დანაწევრების ინსტრუმენტი იყო და ეს ძალიან კარგად შეამჩნია გერმანელმა მოაზროვნემ. მარქსის ანალიზის თანახმად იმდროინდელი პრესა ირლანდიელებს ინგლისელებთან აპირისპირებდა და წერდა, რომ ირლანდიელები ინგლისელებს პარავენ სამუშაო ადგილებს. შავკანიანებს თეთრკანიანების წინააღმდეგ გესლავდნენ, მამაკაცებს ქალების წინააღმდეგ, იმიგრანტებს ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაააღმდეგ. გამოდიოდა რომ საზოგადოების ღარიბი ფენის წარმომადგენლები ერთმანეთთან დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ, ხოლო მდიდრები კი წყნარად ცხოვრებას აგრძელებდნენ.

და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: მარქსიზმმა კაპიტალიზმს დაასწრო იმ გაგებით, რომ სანამ მსოფლიო კაპიტალიზმის შესახებ გაიგებდა, მან უკვე იცოდა მარქსიზმზე.

ლინდა უეჰის მტკიცებით, ტერმინი ”კაპიტალიზმი” ადამ სმიტის მიერ კი იქნა შემოღებული, რომელსაც დღევანდელი ლიბერალური ეკონომიკის მამად მიიჩნევენ, როდესაც ის ბაზირს ”უხილავ ხელზე” საუბრობდა, არამედ პირველად 1854 წელს გამოჩნდა უილიამ თეკერეის რომანში.

ულოფ პალმე – სოციალ-დემოკრატიის შვედი ლეგენდა

ულოფ პალმე

1986 წლის 28 თებერვალს, პარასკევს, 23 საათსა და 21 წუთზე შვედეთის პრემიერ-მინისტრი ოლოფ პალმე სტოკჰოლმის ქუჩაში მოკლეს. მისი მკვლელი დღემდე უცნობი და დაუსჯელია. (2020 წლის 10 ივნისს შვედეთის პროკურატურამ მკვლელის ვინაობა დაადგინა: ის სტიფ ენგსტრომი აღმოჩნდა, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო ან მეორე ვერსიით – თავი მოიკლა) ყოველ წელს ამ დღეს შვედური გაზეთები და მედია საშუალებები ახალთახალ თეორიებს აცხობენ მისი მკვლელის ვინაობის შესახებ. თუმცა, მხოლოდ ერთეულნი თუ აქცევენ ყურადღებას ამ მოვლენის პოლიტიკურ მხარეს და ზეგავლენას.

ოლოფ პალმეს შვედეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა 1969-1976 წლებში და 1982 წლიდან 1986 წლის მკვლელობამდე. ამ პერიოდში იგი სათავეში ედგა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც ერთგული რჩებოდა მსოფლიოს აღქმის მნიშვნელოვნად განსხვავებული ხედვის – კაპიტალიზმისადმი წინააღმდეგობა სახლში და იმპერიალიზმისადმი – ქვეყნის საზღვრებს მიღმა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პალმე მაინც უფრო ცნობილი იყო ბოლო საკითხის გამო. ტონი ბენის [ბრიტანელი პოლიტიკოსი და მწერალი, პარლამენტის წევრი] მსგავსად, ულოფ პალმეც წარმოშობით საზოგადოების შედარებით მაღალი ფენიდან იყო და გააჩნდა ზომიერი შეხედულებები, როდესაც 1950-იან წლებში პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა. პარადოქსულია, მაგრამ ზემოთ ხსენებული ბრიტანელივით, მანაც განიცადა რადიკალიზაცია 1960-იან წლებში დატრიალებული ანტიკოლონიალური და ანტისაომარი ჯანყისას. უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას პალმეს საერთაშორისო დღის განაწესი გამაოგნებელი იყო – იგი მხარს უჭერდა ვიეტნამში ვიეტ-კონგოელებს [სამხრეთ ვიეტნამის განთავისუფლების ეროვნული ფრონტი] ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბრძოლაში, მან ესპანეთში ციხეებში პოლიტიკური პატიმრების განადგურებისთვის უწოდა ფრანკოს რეჟიმს „ღვთის მიერ დაწყევლილი მკვლელები“ და ბოლოს 1975 წელს ეწვია კუბას, სადაც დაგმო ბატისტას მთავრობა და ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ადგილობრივ რევოლუციონერებს.

თუმცა, ზემოთ ხსენებული არ იყო პალმეს საერთაშორისო დღის განაწესის მწვერვალი. მისი ლიდერობით, შვედეთი არა მხოლოდ მხარს უჭერდა, არამედ აფინანსებდა კიდევაც ელ-სალვადორს, მათ შორის მის განმათავისუფლებელ მოძრაობას [ინგ. FMLN], და სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის [ინგ. FSLN] ნიკარაგუაში ბრძოლას აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი მემარჯვენე შეხედულებების მქონე ე.წ. სამხედრო კონტრას წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მან აგრეთვე მხარი დაუჭირა სამხრეთ აფრიკაში აფრიკის ეროვნული კონგრესისთვის [რედ. ინგ African National Congress] შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას. ის გახლდათ აპარტეიდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღია კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე. შვედეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის შემდეგ, აფრიკის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტმა ოლივერ რეჯინალდ ტამბომ მას საკუთარ მოგონებებში მიუძღვნა ბრწყინვალე ესე:

”ოლოფ პალმემ დაამტკიცა, ჩვენ მართლები ვიყავით, როდესაც გვჯეროდა, რომ წამყვანი დასავლელი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოღვაწეები სამხრეთ აფრიკაში ღარიბი, დევნილი, გამოყენებული და განადგურებული მოსახლეობის გვერდით დასადგომად გადალახავდნენ ყველა რეალურად არსებულ და გამოგონილ შეზღუდვებს. მისი სიკვდილის შემდეგ იმედის ნაპერწკალი ჩაქრა. ჩვენი რეგიონის, კონტინენტის და სამყაროს თანამედროვე და მომავალი თაობებიც ყოველთვის შეაქებენ ოლოფ პალმეს, როგორც ადამიანს, რომელიც წარმოადგენდა დიდ თავის ტკივილს იმ რეაქციული ძალებისთვის, რომლებიც წარმოადგენდნენ საშინელ და დამათრგუნებელ ძველ წესრიგს.”

ულოფ პალმე

პალმე და ე.წ. შვედური მოდელი

თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პალმე წინააღმდეგობაში მოდიოდა სახლშიც არსებულ გამჯდარ ინტერესებთან – იგი შვედური სოციალურ-დემოკრატიული ღირებულებების საუკეთესო ტრადიციებისადმი ერთგული იყო. მისი თანამდებობაზე ყოფნისას, მან გამოავლინა ერთგულება კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებისადმი; კერძოდ, იგი იცავდა ეკონომიკას იმით, რომ სადღაც სამუშაო ძალის 70-80% გაერთიანებული იყო პროფკავშირებში და სახელმწიფო ფლობდა ეკონომიკის ძირითად ნაწილს; საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იყო თითოეული მოქალაქისთვის საბაზისო მოთხოვნილებების და საჭიროებების ხელმისაწვდომობა.

ულოფ პალმეს წინამორბედი, ტაგე ერლანდერი, რომელიც 23 წლის განმავლობაში შეუსვენებლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შეხედულებების და მიუხედავად იყო მშვიდი და საზრიანი ადამიანი; მეტიც, ორთოდოქსი მარქსისტი და ჭეშმარიტი სოციალისტი. 1974 წელს მას ჰკითხეს თუ რა იყო თუ რა მომავალი ელოდა და იდეა იდგა ნაციონალიზაციისა და წარმოების კონტროლის მიღმა. მან უპასუხა, რომ „გადასახადების გზით კაპიტალისტური ეკონომიკიდან წარმოების სადღაც 50% იქნა ამოღებული. თუ ჩვენ შევძლებთ ამ წილის 60-70-80% გაზრდას, მაშინ ჩვენი კეთილდღეობის სახელმწიფო დაემსგავსება სოციალიზმის რაღაც ფორმას.

ულოფ პალმე და ტაგე ერლანდერი

სწორედ რომ ამ სახის ეკონომიკას აშენებდნენ მემარცხენეები. 1932 წელს შვედეთის სოციალურ-დემოკრატიულმა მოძრაობამ ე.წ. დიდი დეპრესიის ფონზე გაიმარჯვა არჩევნებში იმ დაპირებით, რომ ხელმისაწვდომს გახდიდა სრულ დასაქმებას და შესთავაზებდა მოსახლეობას ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას. ერნსტ ვიგფორსი, რომელიც შემდეგში ფინანსთა მინისტრი გახდა, თავს დაესხა მემარჯვენე მეტოქეებს რიტორიკული შეკითხვით „გაგვაჩნია მუშაობის უფლება თუ არა?“; მეტიც, განაცხადა, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპის (ინგ. laissez-faire – გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ საკითხებში მინიმალურ და/ან სრულად ჩაურევლობას, რასაც დღეს საბაზრო ეკონომიკას უწოდებენ) მიმდევრები აკნინებდნენ ქვეყნის განვითარებას იმით, რომ თვისობრივად ქადაგებდნენ მუშებისთვის უმუშევრობას და სიღარიბეს.

1932 წლიდან 1990 წლებამდე სოციალ-დემოკრატებისთვის სრული დასაქმება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტი. ცნობისთვის, უმუშევრობის დონე არასდროს ასულა 2-3% -ზე მაღლა ამ პერიოდში. კეთილდღეობის სახელმწიფოს გაფართოება იყო სტრატეგია, რომლის საშუალებითაც მიიღწეოდა სოციალიზმი; ამ მიდგომაში, სახელმწიფო სექტორის მიზანი იყო კაპიტალისტური წარმოების სისტემიდან გამოსვლა ისე, რომ გაგრძელებულიყო მოგებაზე ორიენტირებული პრინციპის შენარჩუნება.

ამ პოლიტიკურ თაობას, რომელმაც შექმნა რეფორმისტული სტრატეგიები, გააჩნდა ერთი საერთო რამ: დემოკრატიულ-სოციალისტური შეხედულებებისადმი ღრმა ერთგულება. პალმე და მისი წინამორბედი პოლიტიკოსები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მსოფლიოში უძლიერესი სოციალურ-დემოკრატიული პარტია, იყვნენ რეფორმისტები, რადგან მათ სურდათ კაპიტალისტური საზოგადოების შეცვლა. ზრდადი რეფორმების მიღმა იდგა დემოკრატიული სოციალიზმის აღმშენებლობის იდეა; ამ იდეის მიღწევა კი შესაძლებელი იყო სოციალურ-დემოკრატიული ღირებულებების მეშვეობით, მათ შორის და განსაკუთრებით, სიმდიდრის თანაბარი გადანაწილებით, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესით და სიტყვის თავისუფლების დაცვით.

თუ პალმეს მკვლელობას ამ კუთხით მივუდგებით, ეს პოლიტიკურ მკვლელობად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან გააჩნდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეგავლენა. როდესაც მან სვევიოგენის ქუჩა გადაკვეთა სტოკჰოლმში,1986 წლის 28 თებერვლის 23:17-ზე, იგი იყო იმ პარტიის ლიდერი, რომელიც დაუპირისპირდა პრივატიზაციის იდეას კეთილდღეობის სისტემის ფარგლებში და 1985 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა; მეტიც, შემოიტანა ე.წ. კერძო კომპანიებში შემოსავლის/მოგების მიმღების ფონდი [wage-earner funds – კერძო კომპანიის მოგების დაბეგვრა და მიღებული სახსრებით ამავე და/ან სხვა შვედური კომპანიების წილების შესყიდვა, რომ ორგანიზაცია ნელ-ნელა გადავიდეს კოლექტიურ მფლობელობაში ანუ სახელმწიფოს საკუთრებაში], ეწინააღმდეგებოდა ევროპული ეკონომიკურ თემში/გაერთიანებაში წევრობას [რედ. უწინ ინგ. the European Economic Community (EEC), დღეისთვის იგივე ევროკავშირი], ემხრობოდა საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის პოლიტიკას; და ბოლოს, იპოვა გზა იმისთვის, რომ მომხდარიყო საჯარო სექტორის სუბსიდირების გზით ნახევარ ეკონომიკაზე განვრცობა, ანუ შემოღებულ იქნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი გადასახადები. ის სოციალ-დემოკრატია, რომელიც აღმოცენდა ოლოფ პალმეს მკვლელობისთანავე შვედეთსა და მის მიღმა არანაირ კავშირში ზემოთ ხსენებულთან უკვე აღარ იყო.

პალმეს შემდეგ

1980 წელს შვედეთი სავარაუდოდ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეგალიტარული კაპიტალისტური სახელმწიფო იყო. პალმეს მმართველობისას წინა ათწლეულების მომხდარ ძვრებს ხელისუფლებამ უპასუხა ახალი სოციალურ-დემოკრატიული პოლიტიკით: საჯარო საყოველთაო საბავშვო მზრუნველობით, პენსიონერებისა და მცირეწლოვანი ბავშვების მქონე მშობლების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფით, თითოეულ ბავშვზე შესაბამისი ფულადი ჯილდოს დაწესებით და საყოველთაო უფასო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, მათ შორის, აბორტის შემთხვევაში.

თუმცა, OECD-ის [ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია] თანახმად, დღეისთვის შვედეთი მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის ზრდის კუთხით მოწინავე სახელმწიფოდ არის ჩათვლილი. სოციოლოგ გორან ტერბორნის წიგნის „კაპიტალიზმი, ძლევამოსილნი და ჩვენ დანარჩენნი“ (Capitalism, the Powerful and the Rest of Us)-ს თანახმად, კეთილდღეობის და სიმდიდრის გადანაწილების კუთხით შვედეთი მსოფლიოში ნაკლებად ეგალიტარულ სახელმწიფოთა სიაში შედის და უთანასწორდება ისეთ ქვეყნების, როგორიც არის ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ამერიკის შეერთებული შტატები.

1980-იან წლებში ეკონომიკიდან შემოსავლის დაბეგვრის პროცენტი გაიზარდა და აჭარბებდა 50%-ს. დღეისთვის, ეს არის 43%-ი ანუ სახეზეა 2000 წელთან შედარებით მთლიანი ეროვნული შემოსავლის 7%-იანი კლება; ანუ, საზოგადოებრივ სიკეთეებზე წელიწადში 240 მილიარდი შვედური კრონით (20 მლრდ ფუნტით) ნაკლები იხარჯება.

ათწლეულების განმავლობაში შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკა ეყრდნობოდა სრული დასაქმების ხედვას. 1990 წელს ეს მიდგომა შეიცვალა და მთავარი ყურადღება გამახვილდა დაბალ ინფლაციაზე. ეს ნაბიჯი იყო განპირობებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით, მაგრამ ამასთანავე, ასეთი ხედვა ათწლეულების მანძილზე იყო მხარდაჭერილი და განვითარებული ადგილობრივი მემარჯვენეებისა და მათი ეკონომიკური მრჩევლების მიერ. აქცენტების ცვლილებისას, უმუშევრობის დონე არცერთხელ ჩამოვარდნილა 6-8%-ზე დაბლა; რიცხვი, რომელიც სამჯერ აღემატება აქამდე არსებულ მონაცემებს.

ბოლო წლებში ჩვენ აგრეთვე გავხდით შეუკავებელი ნეოლიბერალური რევოლუციის მოწმენი, რომელიც წახალისებული იყო კერძო საკუთრებაში მყოფი მოგებაზე ორიენტირებული და ამასთანავე საჯარო სახსრებით დაფინანსებული სკოლების აღმოცენებით; დაწესებულებების, რომლებსაც თავის დროზე მხარს უჭერდა მილტონ ფრიდმანი. ეს სწორედ ის სკოლებია, რომლებსაც ე.წ. ”ჩიკაგოს ბიჭები” იყენებდნენ პინოჩეტის დროინდელ ჩილეში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად; თუმცა, იქაც კი, საბოლოო ჯამში, მოხდა მათი ჩამოშლა. დღეისთვის შვედეთში ყოველი მეხუთე ბავშვი დადის ასეთ კერძო სკოლაში, სადაც მათში აღრმავებენ უკვე გამოცხადებულ რასობრივ და კლასობრივ დაყოფას. უკვე რამდენიმე წელია, რაც ჯანდაცვის სისტემაში უსახსრობის გამო ბობოქრობს კრიზისი, რომელიც აგრეთვე გამყარებულია კერძო ჰოსპიტალური სექტორის აღმშენებლობის სფეროში არსებული ჩავარდნებით.

2018 წლის შემდეგ, შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება იყო, იძულებული გახდა დაედო ზავი ცენტრისტულ პარტიებთან; შესაბამისად, დასთანხმდა ნეოლიბერალურ პროგრამის ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის გადასახადის შემცირება, დასაქმების ცენტრების პრივატიზაცია და გასაქირავებლად გამზადებულ უძრავი ქონების სფეროში რეგულაციების მოხსნა.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ზავის დადების შემდეგ სოციალ-დემოკრატების რეიტინგის დონე ამომრჩევლებში მერყეობს 22-23%-ის ფარგლებში, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია ქვეყნის ყველაზე დიდ მემარჯვენე ექსტრემისტულ პარტიას – შვედეთის დემოკრატებს.

პოლიტიკურად სწორ სიტყვებს თუ შევარჩევთ, რაღაც დაემართა ულოფ პალმეს პარტიასა და მის ქვეყანას. მისი მკვლელობიდან 34-ე წლისთავზე სოციალ-დემოკრატია იმყოფება ეგზისტენციალურ საფრთხეში. ზემოთ მოყვანილმა პარადიგმის ცვლილებამ განაპირობა ათწლეულების მანძილზე უკუსვლა და ამას ჯერ-ჯერობით ბოლო არ უჩანს.

მემკვიდრეობა

მისი ხსოვნის დღეებში თქვენ შეიძლება გაიგონოთ სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსების მხრიდან სინანულის სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორ გაფერმკრთალდა და დაიკარგა პალმეს პოლიტიკური მიღწევები. თუმცა, დღევანდელმა პარტიამ თვისებრივად გაანადგურა ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა. ასეთ სიცარიელეში, პალმე სწრაფად გახდა უბრალოდ ისტორიის ნაწილი.

ოლოფ პალმე არ იყო მესია. ბევრი პოლიტიკოსის მსგავსად მასაც ჩაუდენია შეცდომები. მისი იდეები ხშირად თანხვედრაში არ მოდიოდნენ ცივი ომის დასრულების რეალობასთან და იმ მოცემულობასთან, რომ ახალ ერაში კაპიტალი აღარ ექვემდებარებოდა ერ-სახელწმიფოებს. თუმცა, პალმეს მკვლელობას გლობალური დატვირთვა გააჩნდა – დასრულდა რადიკალური, რეფორმისტული სოციალ-დემოკრატია, რომელსაც ჰქონდა კაპიტალისტური სისტემის მიღმა არსებული მსოფლიოს ხედვა და ახსოვდა საუკუნეების განმავლობაში იმპერიალიზმის მიერ ჩადენილი დანაშაული. პალმეს სიკვდილმა აგრეთვე მოკლა ეს პოლიტიკა.

გარდაცვლილი პოლიტიკოსის მემკვიდრეობა არ იქნა ჩანაცვლებული ახალი სოციალ-დემოკრატიული იდეებით; პირიქით, მოხდა ევროპის ცენტრისტულ-მემარცხენე პარტიების მიერ ნეოლიბერალიზმისადმი, მისი ეკონომიკური პოლიტიკისადმი მისადაგება. 1986 წლის შემდეგ სოციალ-დემოკრატიამ ვერანაირი საზოგადოებაზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა ვერ შვა; ნებისმიერ შემთხვევაში არა ისეთი, რომელიც კითხვის ქვეშ დააყენებდა ბიზნესს ელიტების მხრიდან წარმოების პროცესზე არსებულ მარწუხებს. ე.წ. კერძო კომპანიებში შემოსავლის/მოგების მიმღების ფონდი, რომელიც დაარსდა 1982 წელს გაუქმებულ იქნა 1991-94 წლებში მემარჯვენე მთავრობის მიერ ზედმეტი ხმაურის გარეშე.

პალმეს მოშორების შემდეგ სოციალ-დემოკრატიის მძლავრმა და კარგად ორგანიზებულმა მეტოქეებმა უფრო დამჯერი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული ოპონენტები გაიჩინეს. სოციალ-დემოკრატია, როგორც მდგრადი პოლიტიკური ხედვა ჩამოიშალა. დღეისთვის იგი ჩამოშორდა საუკუნის განმავლობაში დამოუკიდებელ მოაზროვნეების ინტელექტუალურ მემკვიდრეობას; განსაკუთრებით კი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის აქსელ დანიელსონის (ინგ. Axel Danielson) ხედვას, რომ მათ „უნდა გაევლოთ ხაზი საკუთარ თავსა და სხვებს შორის.“ დღეისთვის სოციალ-დემოკრატები წარმოადგენენ მორიგ, რიგით ჯგროს.

პარტიის ოფიციალური ხაზის თანახმად, პალმეს მკვლელობის მიზეზი იყო პიროვნული ზიზღი. თუმცა, ამ ზიზღის წარმოშობის შესწავლა არის საჭირო. უდავოა, რომ პიროვნული თვისებებით პალმე მართლაც, რომ გამომწვევი იყო, განსაკუთრებით მეტოქეებთან კამათისას. მაგრამ, საბოლოო ჯამში, სწორედ რომ მისი პოლიტიკური გზავნილი იდგა პიროვნული მიუღებლობისა და ზიზღის მიღმა. პალმე გახდა სამიზნე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან არ მოსწონდათ ის, თუ რის მიღწევა შეეძლო გადასახადების გაზრდის და დემოკრატიის გზით დაპირისპირებაზე ორიენტირებულ, აგრესიულ, თამამ და თავდაჯერებულ მშრომელთა მოძრაობას.

მსგავსი პოლიტიკის გარეშე ზიზღს ადგილი ვერ ექნებოდა. პალმესადმი მიუღებლობა არ იყო ერთ პროვოკაციაზე ორიენტირებული მოკამათე პოლიტიკოსისადმი მიუღებლობა, რომელმაც საკუთარ შედარებით მაღალ წარმომავლობას უღალატა; ეს იყო ერთი დაგეგმილი მიზანმიმართული კამპანია ადამიანის წინააღმდეგ, რომლის პოლიტიკა ემუქრებოდა გამჯდარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ინტერესებს.

ე.წ. შვედურმა მოდელმა იმედი მისცა მსოფლიოს მემარცხენეებს. ძლიერი პროფკავშირებმა, დახვეწილმა კეთილდღეობის სახელმწიფომ და გენდერულმა თანასწორობამ შვედეთი სამაგალითო სახელმწიფოდ გადააქციეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბერნი სანდერსი ხშირად იშველიებს სწორედ რომ ე.წ. ნორდიკულ სახელმწიფოებში არსებულ კეთილდღეობის მოდელს, მათში არსებულ უფასო ჯანდაცვასა და საუნივერსიტეტო განათლებას, როგორც სამგზავრო რუკას.

პალმეს დაკრძალვა

სამწუხაროდ დღეს შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტია საპირისპირო მიმართულებით მიდის. მისმა საერთაშორისო ოფიცერმა/წარმომადგენელმა, რომელმაც ახლახან მოინახულა ამერიკა, უწოდა სანდერს ზედმეტად „რადიკალი“. უკეთესია შეეკრა მილიარდერებს. დღეისთვის, პალმეს პოლიტიკური პარტიისთვის პიტ ბუტიგეგი [რედ. ამერიკელი დემოკრატი პოლიტიკოსი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მინისტრი/თავმჯდომარე] უფრო შთამაგონებელია. თუმცა, მილიონობით შვედი სოციალისტისთვის სწორედ რომ სანდერსი არის სამაგალითო პიროვნება და ხატი. მისი დებატებში გამოსვლები, დებატების წაქეზება და სიტყვით გამოსვლები აქტიურად ვრცელდება სოციალურ მედიაში, როგორც რიგითი, ასევე პოპულარული ადამიანების მიერ. მისი თამამი გამოსვლები ‘დემოკრატიული სოციალიზმის’ შესახებ დღემდე იპყრობს სოციალ-დემოკრატების გულებსა; იპყრობს თითოეული იმ ადამიანის გულს, რომელიც ჯერ კიდევ ოცნებობს მსოფლიოს შეცვლაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე.

28.02.2020 | დანიელ სუჰონენი | Tribune