რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადი?

სად იხდიან გადასახადების გადამხდელები ყველაზე მაღალ გადასახადებს? 2019 წლისთვის ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე პირები ყველაზე დიდ გადასახადს შვედეთში იხდიდნენ – 57.19%-ს, რაც ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით უფრო მეტია. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საშუალო მაჩვენებელი, სადაც ყველა განვითარებული ქვეყანაა თავმოყრილი – 41.65%-ს შეადგენს. ზოგადად საშემოსავლო გადასახადი სკანდინავიურ ქვეყნებში შედარებით მაღალია: დანიაში – 55.89, ფინეთში – 53.75 და ისლანდიაში – 46.24%.

საზოგადოებრივი პასუხიმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე ყველაზე შეძლებული მოქალაქეები შედარებით ნაკლებად წარმატებული თანამოქალაქეების მინიმალურ საჭიროებებს უზრუნველყოფენ. შემოსავლების გონივრული გადანაწილების გარეშე შეუძლებელია სოციალურად სამართლიანი, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მაღალი გადასახადები არა მხოლოდ ნაკლებად შეძლებული ადამიანების საჭიროებას აკმაყოფილებს, არამედ ყველა მოქალაქის, მათ შორის მდიდრების ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს და ამაზე ბევრი კვლევა არსებობს. ნიშანდობლივია, რომ სწორედ სკანდინავიური ქვეყნების მოქალაქეები ლიდერობენ ხოლმე ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში. მაღალი საშემოსავლო გადასახადების მიხედვით ნორდიკულ ქვეყნებს მხარს უბამენ ავსტრია, ჰოლანდია და ბელგია.

მეორეს მხრივ ზოგიერთ ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადი ან მინიმალურია, ან საერთოდ გაუქმებულია. ამ პოლიტიკის მიმდევრები ძირითადად ნავთობით განებივრებული ქვეყნები არიან, ისეთები როგორებიცაა საუდის არაბეთი, ყატარი და ქუვეითი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი ნავთობის რეალიზაციის შედეგად მიღებულ აურებელ შემოსავლებს მოქალაქეების საჭიროებების და მაღალი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოდ იყენებენ. კარიბის ზღვის ზოგიერთ კუნძულზე საშემოსავლო გადასახადები საერთოდ გაუქმებულია, მაგალითად ანტიგუა და ბარბუდა გამოდგება. ასევე კაიმანის და ბაჰამის კუნძულებიც და ბერმუდაც ცნობილია, როგორც საგასახადო ”სამოთხე”, სადაც დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და ფინანსური მაქინაციები ხდება.

Amazon გადასახადებისგან თავს ირიდებს

ამაზონის მიერ წარმატებულად წარმოებული ბრძოლა აშშ-ს საგადასახადო სისტემის წინააღმდეგ დაუბრკოლებლად გრძელდება. საცალო ვაჭრობით დაკავებულმა გიგანტმა 2020 წელს მიღწეული არნახული გაყიდვების და შემოსავლების შესახებ განცხადება გააკეთა; ამასთანავე, მისთვის ეფექტურმა ფედერალურმა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთმა მხოლოდ 9.4% პროცენტი შეადგინა, რაც სავალდებულო კორპორატიული გადასახადის – 21% – ნახევარზე ნაკლებია.

ყველა არსებული მონაცემით, პანდემიისას ამაზონის ზრდამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით წინა დასაბეგრმა შემოსავალმა (რედ. ინგ. pretax income ) 2020 წელს $24 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 73%-იან ზრდას წარმოადგენს პანდემიის წლამდე შემოსულ მოგებასთან შედარებით – $14 მლრდ დოლარი. მისი გაყიდვები წინა წელთან შედარებით პანდემიისას 38%-ით გაიზარდა. აშშ-ში კომპანიის შემოსავალი 2020 წელს $20 მლრდ დოლარი იყო. Amazon-ს რომ გადაეხადა მოგების სავალდებულო 21%-იანი ფედერალური საშემოსავლო გადასახადი ის შეადგენდა $4.1 მლრდ დოლარს. თუმცა, ამაზონმა განაცხადა $1.8 მლრდ დოლარის გადასახადის გადახდის შესახებ, რაც ნახევარზე ნაკლებია; ანუ, მან თავიდან აირიდა $2.3 მლრდ დოლარის ოდენობის გადასახადი.

მას შემდეგ, რაც ტრამპის GOP-საგადასახადო კანონი (რედ. GOP – “Grand Old Party” – დიადი ძველი პარტია ანუ აშშ-ს რესპუბლიკური პარტია) ძალაში შევიდა, რომელმაც სავალდებულო კორპორატიული საგადასახადო განაკვეთი 21%-მდე დაწია, ამაზონმა აშშ-ში მიღებული მოგებიდან ეფექტური ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის მხოლოდ 4.3% გადაიხადა. 2018-2020 წლებში ამაზონმა $7.2 მლრდ დოლარის ოდენობის სუბსიდია მიიღო; ეს ის სხვაობაა, რომლის გადახდაც კომპანიას მოუწევდა იმ შემთხვევაში, თუ ბოლომდე დაფარავდა 21%-იან განაკვეთს.

ტრამპის საგადასახადო კანონმდებლობის (რედ. GOP Tax Law) ფარგლებში Amazon-ის მიერ კორპორატიული გადასახადის თავიდან აცილების მონაცემები.
 
 2020201920183 წელი, 2018-2020
აშშ-ს წინა-საგადასახადო შემოსავალი (pretax income)$20.2 მლრდ$13.3 მლრდ$11.2 მლრდ$44.7 მლრდ
მიმდინარე ფედერალური საშემოსავლო გადასახადი$1.8 მლრდ$162 მლნ$-129 მლნ$1.9 მლრდ
ეფექტური ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი  9.4%  1.2%  -1.2%  4.3%

მეთოდები, რომლებსაც ორგანიზაცია იყენებს ეფექტური საგადასახადო განაკვეთის დასაწევად ძირითადად უცვლელი რჩება: კომპანიამ $1.8 მლრდ დოლარი დაზოგა საფონდო გარიგებებისთვის (რედ. stock options) მიღებულ საგადასახადო შეღავათებზე და დამატებით $639 მილიონი დოლარი შემოინახა სხვადასხვა საგადასახდო კრედიტების გამოყენებით.

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი

2018-2020 წლებში ამაზონმა აგრეთვე მიიღო გაუფასურების შეღავათები (რედ. depreciation breaks); თუმცა, ამან რაიმე ზეგავლენა კომპანიის მიერ 2020 წელს გადასახადების სახით გადახდილ საბოლოო ჯამზე ვერ მოახდინა. გაუფასურების შეღავათები აძლევს შესაძლებლობას კომპანიას შეამციროს აღჭურვილობაზე საჭირო თანხები იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს აღჭურვილობა უვარგისობაში მოვა. ამ მიდგომის მომხრეებს კონგრესში მიაჩნიათ, რომ ეს ხელს უწყობს ინვესტიციებს და ზოგადად ეკონომიკას; თუმცა, სავარაუდოდ, იგი უფრო აჯილდოებს კომპანიებს იმ ფინანსური დაბანდებებისთვის, რომლებსაც ისინი ისედაც გააკეთებდნენ.

გაუფასურების შეღავათები საკმაოდ რთული თემაა და კომპლექსურ ზეგავლენას ახდენს. ერთ-ერთია ის, რომ ხდება გადასახადის გადახდის მომავალში გადატანა იმის და მიუხედავად, რომ საბოლოო ჯამში, პერსპექტივაში, ეს ამცირებს კომპანიების მიერ შემოტანილი გადასახადების რაოდენობას. ამაზონის მსგავს კორპორაციებზე დაკვირვება კი ნათელს ხდის, რომ ეროვნული საგადასახადო კოდექსი ამ მიმართულებით საერთოდ ვერ უძალიანდება ამაზონს.

ამაზონის მიერ გადასახადებისგან თავის არიდება არის თანმიმდევრული. ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიამ აშშ-ში მიღებული მოგებიდან ეფექტური ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის მხოლოდ 4.3% გადაიხადა. ბოლო ათი წლის განმავლობაში კი, ამაზონის მიერ წინა-საგადასახადო მოგებაზე, რომელიც შეადგენდა $57 მლრდ დოლარს, ეფექტურმა ფედერალურმა საგადასახადო განაკვეთმა შეადგინა 4.7%-ი; ეს განსაკუთრებით გამაოგნებელია იმ ფონზე, რომ იმ დროისთვის კანონით დადგენილი განაკვეთი ძირითადად იყო 35%.

ნებისმიერი სხვა კომპანიისთვის $1.8 მლრდ დოლარის ოდენობის გადახდილი ფედერალური საშემოსავლო გადასახადი იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ორგანიზაციის ბუღალტრებმა უსაქმურად გაატარეს განვლილი წელი. თუმცა, ამაზონისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ბოლო საანგარიშო წელს $2.3 მლრდ დოლარის ოდენობის გადასახადს აარიდეს თავი. მსგავსი ვითარება შემაშფოთებელია, რადგან ამაზონის პანდემიური გამოცდილება მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ სასიცოცხლო საფრთხეებისგან, რომლებსაც განიცდის დანარჩენი ინდუსტრია; 2020 წლის ეკონომიკისთვის დამახასიათებელი იყო კომპანიების მიერ გაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირება და ნულოვანი მოგება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგადასახადო სისტემამ უნდა შეასრულოს დაპირებული მოვალეობები; მეტიც, როდესაც ამაზონს ძალუძს საკუთარი მოგების ნახევარზე მეტის გადასახადისგან გადამალვა, ეს იმის ნიშანია, რომ საგადასახადო სისტემა უდაოდ საჭიროებს ცვლილებას.

აქვე დავამატოთ ისიც, რომ მაშინ როდესაც Amazon-ის თანამშრომლების შრომის პირობები შემაშფოთებელია, მისი დამფუძნებლის – ჯეფ ბეზოსის ქონება რეკორდულად იზრდება. Amazon-ის თანამშრომლები 10 საათი მუშაობენ, გონებას კარგავენ დაუძლურებისგან. 4000 მათგანი საჭიროებს პროდუქტების ტალონებს; ზოგიერთი მათგანი პარკინგზე ცხოვრობს სამსახურთან ახლოს. შემოდგომას ისინი წუწუნუბდნენ, რომ მათ ნიღბებს არ აძლევენ. შემოდგომას კი 20000-მდე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

Amazon თვალთვალის პრაქტიკას იყენებს არამარტო საკუთარი თანამშრომლების, არამედ ასევე ეკოლოგების და აქტივისტების მიმართ სოციალურ ქსელებშიც, რადგანაც მათ პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს.

G7-ის ქვეყნები კორპორაციებს 15%-იანი მოგების გადასახადით დაბეგრავენ

G7-ის ქვეყნებმა მოილაპარაკეს ტრანსნაციონალური კოორპორაციებისთვის მოგების მინიმალური გადასახადი შემოიღონ, რაც 15%-ის ტოლი იქნება. ლონდონში შეკრებილმა ფინანსთა მინისტრებმა გადაწყვიტეს მსხვილი კომპანიების მხრიდან გადასახადის დამალვის და გადასახადის გადახდის არიდების მცდელობას მოგების გადასახადის ერთობლივი განაკვეთით ებრძოლონ.

G7-ის მინისტრების შეხვედრა ლონდონში

კორპორაციების ჩამონათვალი, რომლებიც ახალ საკანონმდებლო ცვლილებას უნდა დაემორჩილონ, საკმაოდ ვრცელია – მათ შორის არიან Amazon, Apple, Google და ბევრი სხვა. ამ პრობლემის მთელი სიმძიმის გასაანალიზებლად საკმარისია მაგალითად Microsoft-ის ამბავი განვიხილოთ. წინა წელს კომპანიამ ირლანდიაში კორპორატიული მოგების გადასახადი საერთოდ არ გადაიხადა, მაშინ როდესაც მისი მოგება 315 $ მლრდ-ს შეადგენდა, ფორმალურად იმიტომ რომ ბერმუდაში იყო რეგისტრირებული.

“G-7-ის ფინანსთა მინისტრებმა, მრავალწლიანი დისკუსიების შემდეგ, ისტორიულ შეთანხმებას მივაღწიეთ გლობალური საგადასახადო სისტემის შესახებ, რათა ის გლობალური ციფრული ეპოქის პირობებში გამოსადეგი იყოს – და, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ იყოს სამართლიანი, რათა კომპანიები სწორ გადასახადებს იხდიდნენ საჭირო ადგილებში” – განაცახადა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა.

შეთანხმება, რასაც G7-ის წევრებმა მიაღწიეს ასევე უფრო ფართო ფორმატის G20-ის შეხვედრაზეც განიხილება, სადაც რუსეთიც შედის.

აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერდა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ”სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ არსებობს ბევრი ქვეყანა, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს არიდებენ და ფულს {საგადასახადო სამოთხეებში} აგზავნიან.” – აღნიშნავდა IMF-ის მთავარი ეკონომისტი, გიტა გოპინატი. – ეს ამცირებს საგადასახადო ბაზას, საიდანაც მთავრობებს გადასახადების შეგროვება შეუძლიათ საჭირო სოციალური და ეკონომიკური ხარჯებისთვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოლფიო ბანკის აღშფოთება ამ საკითხზე ნიანგის ცრემლებს წააგავს, რადგანაც სწორედ მათი ნეოლიბერალური ეკონომიკის შედეგია ის ეკონომიკური უთანასწორობა და ტრანსნაციონალური კორპორაციების განუსაზღვრელი ძალაუფლება, რასაც ჩვენ ამჟამად ვიმკით. სწორედ ამ დასავლურმა ინსტიტუტებმა, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა (რონალდ რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი) და მათი გავლენის აგენტებმა შექმნეს ის ფინანსური ფრანკენშტეინი, რის სიხარბესაც საზღვარი არ გააჩნია.

ოფშორები

ის რომ ტრანსანიცონალური კორპორაციები, ოლიგარქები და მსხვილი კაპიტალის მფოლობელები საკუთარ ქონებას და აქტივებს მალავენ, რათა გადასახადები არ გადაიხადონ ეს თემა არახალია, მაგრამ სამწუხაროდ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებზე (დავოსი, სანკტ-პეტერბურგი) თუ კორპორატიული მედიაში ამ თემას არ ეძღვნება საკმარისი დრო.

ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და ტომას პიკეტის პროტეჟე, ეკონომისტმა გაბრიელ ცუკმანმა 2013 წელს მცირე ზომის წიგნი გამოსცა სახელად 【ერების დაკარგული სიმდიდრე】The Hidden Wealth of Nations


ცუკმანმა გამოითვალა, რომ 7.6 ტრლ. $ ოდენობის თანხა (მსოფლიო სიმდიდრის 8%) ოფშორულ ზონებში იკარგება. ეს ფული გადასახადით რომ დაბეგრლიყო, მაშინ მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტში დამატებით შევიდოდა 200 მლრდ. $.

ცუკმანმა ეს საკითხი დეტალურად გამოიკვლია და დაადგინა, რომ მთლიანი მოგების 20%-ს ამერიკული კომპანიები ოფშორულ ზონებში მიმართავენ. ეს მათ საშუალებას აძლევს ან საერთოდ არ გადაიხადონ გადასახადი, ან ძალიან მცირე პროცენტით დაიგებგრონ. აშშ-ში კორპორატიული მოგების გადასახადი 35%-ს შეადგენს, (მისი წიგნის გამოცემის დროისთვის) ამიტომაც ამერიკული მულტინაციონალური კომპანიები მოგების დამალვას და ფინანსურ მაქინაციებს არ ერიდებიან. ამერიკულმა კომპანიებმა საზღვარგარეთ 1.95 ტრლ. $-ის კონცენტრირება მოახდინეს.