ბაიდენის მიერ რუსეთთან ურთიერთობების გამძაფრება უკრაინის გამო საშინელი აზრია

რიჩარდ საკვა რუსეთის და ევროპული პოლიტიკის პროფესორია კენტის უნივერსისტეტში. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამორჩეული ინგლისურენოვანი სპეციალისტია და მისი ანალიზის გაცნობა ყოველთვის საინტერესოა. მისმა ბოლო წიგნმა უკრაინის საკითხის გარშემო ”უკრაინის ფრონტის ხაზი’ [Frontline Ukraine: Crisis in the Borderlands] საკმაოდ მაღალი შეფასებები მოიპოვა დასავლურ ინტელექტუალურ წრეებში.

რიჩარდ საკვა

დასავლეთის ხელისუფლებები მოუწოდებენ, რომ უკრაინაში მეტი იარაღი გააგზავნონ – ეს შეიარაღების გაზრდა მხოლოდ გააღვივებს ისედაც შესაძლო კატასტროფულ დაპირისპირებას. სინამდვილეში ჩვენ გვესაჭიროება რეგიონში მშვიდობის დამყარების სრულფასოვანი გეგმა.

ბოლო კვირებში დასავლური მედია 1930-იანი წლების ყველასთვის კარგად ნაცნობ მოვლენებს დაუბრუნდა, რომ ახსნას რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო „ცხელი ომის“ შედეგები. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა განმარტებულია საჭიროებით, რომ არ მოხდეს რუსეთის მორიგი „დაშოშმინება“; ხოლო კიევის უფლება გაწევრიანდეს ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში მიჩნეულია, როგორც ეროვნული გადარჩენის საკითხი.

უკრაინის ფრონტის ხაზი: კონფლიქტი მოსაზღვრე მიწაზე-ს ავტორი, პროფესორი რიჩარდ საკვა რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ბევრად უფრო რთულ სურათს ხატავს. მისი აზრით, უკრაინული საზოგადოება დღემდე დაპირისპირებაში იმყოფება ორ ძალას შორის: პლურალისტურ ბანაკს, რომელიც ქვეყნის განვითარებას უფრო კომპლექსურად ხედავს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან და ნაციონალისტურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის მოსაზრებების ერთგულნი არიან.

2014 წლის მაიდანის პროტესტები, სამხედრო კონფლიქტი დონბასის რეგიონში და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ მხოლოდ გააღვივა ეს დაყოფა. თუმცა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაინც მხარე დაუჭირა მინსკის II ხელშეკრულებას და ნორმანდიის ფორმატს, რომელთა მიზანი მაინც კონფლიქტის ჩაცხრობაა; გარდა ამისა, ხმა მისცეს ისეთ კანდიდატებს, მათ შორის 2019 წელს საპრეზიდენტო კანდიდატს ვლადიმირ ზელენსკის, რომლებიც პროცესების დარეგულირების მომხრენი იყვნენ და არიან. თუმცა, საკვას აზრით, ხმაურიანი ულტრა-მემარჯვენე უმცირესობა აწარმოებს „ტყვედ აყვანის“ პოლიტიკას, რაც აგრეთვე ასაზრდოებს მკაცრი და უხეში პოლიტიკის მიმდევრებს მოსკოვში.

ამერიკული სოციალისტური გამოცამა Jacobin პროფესორ რიჩარდ საკვას უკრაინის კრიზისზე, დაპირისპირების წინაპირობების და მშვიდობიანი პროცესის წარმოების შესახებ გაესაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულად ქართულ ენაზე.

ჟურნალისტი  | დასავლურ მედიაში უკრაინაში ფაქტიურად წარმოჩენილი, როგორც რუსეთის ანტიპოდი, მასთან სრულად დაპირისპირებული მხარე. გაზეთ Times-ს თანახმად, „უკრაინელები მზად არიან გაგლიჯონ რუსები შიშველი ხელებით“. მეტიც, 2008 წლის ნატო-ს სამიტის შემდეგ, ზოგადად მიღებულია, რომ უკრაინელებს სურთ ამ ალიანსში გაწევრიანება, რასაც ხელს სწორედ რომ რუსეთი უშლის. რა სამხილები არსებობს ამასთან დაკავშირებით?

რიჩარდ საკვა  | ამაზე საუბრისთვის ჩვენ კიდევ უფრო შორეულ წარსულში უნდა გავეშუროთ, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, რომელზეც საქართველოც და უკრაინაც დაპატიჟებულნი იყვნენ ალიანსში. საუბარია იმაზე, თუ როგორ იყო განმარტებული უკრაინული პოლიტიკა წლების განმავლობაში მისი ევროპული არჩევანის თვალსაზრისით; არჩევანი, რომელიც მუდამ იყო სადავო არსებული გამოკითხვებიდან გამომდინარე, რადგან უკრაინული საზოგადოება ყოველთვის გაყოფილი იყო. უდავოა, რომ ქვეყნის დასავლეთს, გალიციურ ელემენტს, მართლაც სურს დასავლეთთან შეერთება და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა.

პოსტკოლონიალურობა, თუ ეს ტერმინი შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენს შემთხვევაში, გულისხმობს ჰიბრიდულობას, მაგალითად, ლინგვისტურ და კულტურულ დონეებზე; ხოლო, კულტურული სეპარატიზმის თანახმად, ყოფილ მეტროპოლიასთან ყველა კავშირი უნდა იყოს გაწყვეტილი. ამის ფონზე, უკრაინის სამხრეთი და აღმოსავლეთი უფრო მიდრეკილია სწორედ რომ ჰიბრიდულობისკენ და სურთ, რომ ახლო კავშირები შეინარჩუნონ რუსეთთან. აქედან გამომდინარე ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერი არიან კულტურის, ისტორიის, შერეული ქორწინებების და სხვა ფაქტორების თვალსაზრისით არ არის უსაფუძვლო; მას არასდროს უთქვამს, რომ ისინი ერთ სახელმწიფოს წარმოადგენენ – ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

მე ვიმოგზაურე დონბასში 2008 წელს და ყველგან შენობებზე ეწერა „არა ნატოს“. ამ დროს კი ვიკილიქსის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაჟონილი 2010-2011 წლების საბუთების თანახმად, ამერიკის ელჩი კიევში აგზავნიდა დეპეშებს შეტყობინებებით, რომ მთელ უკრაინას სასწრაფოდ სურდა ნატო-ში გაწევრიანება; ეს მოსაზრება დასაბამიდანვე იყო მცდარი და ხელოვნური; რუსეთი კი წარმოჩენილი იყო, როგორ მუხრუჭი ამ სურვილების, რაც არღვევდა ქვეყნის სუვერენულ უფლებებს და მას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევდა.

დღევანდელი გამოკითხვები ამას ადასტურებს, რომ ვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია. ჯერარდ ტოლმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ გამოკითხულთა გამაოგნებლად მაღალი რაოდენობა, მოსახლეობის სადღაც 30% ან 40%, გამოთქვამს რუსეთთან ახლო ურთიერთობების სურვილს; და ეს, ყირიმისა და დონბასის გამოკლებით. ზოგიერთს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლაც კი სურს. ეს არის ის, რასაც ზბიგნევ ბჟეზინსკი, იქამდე კი სამუელ ჰანტინგტონი უწოდებდა გახლეჩილ, გაყოფილ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მცდარია იმ დასკვნის გაკეთება, რომ უკრაინაში ყველა განურჩევლად მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას. თუმცა, ეს მოსაზრება თავს იქნა მოხვეული განსაკუთრებით 2014 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ნეო-ნაციონალისტური მთავრობა მოვიდა.

ჟურნალისტი  | ვლადიმირ იჟჩენკოს ანალიზიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 1990-იან წლებში ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა ძალიან დაბალი იყო; შემდეგ იგი გაიზარდა და 2014 წლის ომის შემდეგ, ლოგიკურად, მხოლოდ უნდა გამყარებულიყო. თუმცა, 2019 წელს ვლადიმირ ზელენსკის არჩევით, რომელიც მხარს უჭერდა მინსკი II-ის ხელშეკრულებას, ომის პარტია დამარცხდა და უნდა მომხდარიყო მოვლენების დაშოშმინება. რატომ ვერ მოხერხდა ეს ცხოვრებაში?

რიჩარდ საკვა  | დიახ, ზელენსკი არჩეულ იქნა, როგორც მშვიდობის კანდიდატი. თუმცა, მე გავბედავ და ვიტყვი, რომ 2014 წელს, როდესაც პეტრო პოროშენკო აირჩიეს – ისიც მშვიდობის კანდიდატი იყო, ოლიგარქი ახლო კავშირებით რუსეთთან და ა.შ. თუმცა, ვერცერთმა ვერ შეძლო ვითარების დაშოშმინება.

2019 წლის დეკემბერში ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ გერმანია, უკრაინა, რუსეთი და საფრანგეთი. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მხრიდან იყო ხელშეკრულების იმპლიმენტაციის სურვილი. თუმცა, უკვე ამ მომენტისთვის ხალხმა დაიწყო შეკრება მაიდანზე და იმის გაცხადება, რომ ისინი არ მიიღებდნენ მინსკი II-ის ხელშეკრულების დანერგვის ნებისმიერ ფორმატს, რომელიც იგულისხმებდა დონბასისთვის ფართო უფლებების (ავტონომიის) მინიჭებას.

შესაბამისად, პირველი მიზეზი არის კარგად მობილიზებული ულტრა-მემარჯვენე უმცირესობა, რომელსაც მოსახლეობა ტყვედ ჰყავს აყვანილი (ტყვედ აყვანის პოლიტიკა). მეორე, ეს უმცირესობა მხარდაჭერილია გეოპოლიტიკურად დასავლური ძალების მიერ, რასაც მე ვუწოდებ ატლანტიკური ძალის სისტემას; ამ უმცირესობის ბნელ მხარეებზე, როგორც წესი, დუმან ხოლმე. თუმცა, აქ საუბარია არა მხოლოდ ნატო-ზე, არამედ ევროკავშირზე, რომელიც არ მისდევს გაცხადებულ ღირებულებებს.

ზელენსკი პოროშენკოზე უარესი გამოდგა, როდესაც საუბარია რუსულენოვანი კულტურის და მედია ინსტიტუტების დაკნინებაზე; მეტიც, ისტორიის დამახინჯებულ აღქმაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შიდა და გარე ფაქტორები შეირწყნენ ისე, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის თხრობა ახლა დომინანტია. თუმცა, უკრაინა დღემდე რჩება გახლეჩილ ერად.

სინამდვილეში, უკრაინელები მეტად მშვიდობიანი ერია. სწორედ ამიტომ არის ეს კატასტროფა, რომ ჩვენ საუბრობთ კონფლიქტსა და ომზე. თუმცა, ეს ყველაფერი უფრო დიდი სურათის – მეორე ”ცივი ომის” ნაწილია. და თუ ეს მართლაც ”ცივი ომია”, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ვმართოთ კრიზისი. მე ვამტკიცებ, რომ ჩვენ დღეს ნელ-ნელა ვუახლოვდებით კუბის რაკეტების კრიზისს. 1962 წლის ოქტომბერში ის მშვიდობიანი გზით იყო განმუხტული. იუპიტერის რაკეტები მოშორებული იქნა თურქეთიდან, საბჭოთა კავშირმაც წაიღო საკუთარი შეიარაღება და აშშ-მა კუბაში შეჭრისგან თავი შეიკავა.

სწორედ ამას ითხოვს პუტინი, აქამდე ითხოვდა ბორის ელცინი და ამაზე მსჯელობდა მიხეილ გორბაჩოვი, როდესაც ამბობდა, რომ ატლანტიკური სამხედრო უსაფრთხოების სისტემის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება იყო დაუშვებელი. შესაბამისად, ეს თემა უკვე ბოლო 30 წელი აქტუალურია. 2018 წელს პუტინმა ერისადმი მიძღვნილ სიტყვაში, როდესაც სუპერ სწრაფ რაკეტებზე ისაუბრა განაცხადა, რომ „თქვენ ჩვენ არ მოგვისმინეთ მაშინ, მაშ მოგვისმინეთ ახლა“. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით.

თუმცა, ეს მაინც არ ცვლის იმ რეალობას, რომ უკრაინული საზოგადოება არის გახლეჩილი. ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს მშვიდობის მომხრე უდიდესი ნაწილი, ხოლო მეორე მხარეზეა დასავლეთის მიერ მოკლევადიანი გეოპოლიტიკურ სარგებლისთვის მხარდაჭერილი უკრაინული საზოგადოების ყველაზე ცუდი ელემენტები. სულ რაღაც ახლახან უკრაინა ნეიტრალიტეტის ერთგული იყო.

თუ ირლანდია არის ნეიტრალური, თუ ავსტრია არის ნეიტრალური, თუ ფინეთი არის ნეიტრალური, რატომ არ შეუძლია უკრაინას იყოს ნეიტრალური, თუ ამის რეალური წინაპირობა უშუალოდ ქვეყნის შიგნითაც არსებობს?! ეს ხომ იყო სახელმწიფო პოლიტიკა 2014 წლამდე, როდესაც ნეო-ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება.

ჟურნალისტი  | მოვლენების გაჟღერებისას ზოგიერთი იყენებს მიხეილ გორბაჩოვის სიტყვებს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ ყოფილა განხილული ცივი ომის დასრულებისას. ამით, ისინი ცდილობენ უარყონ რუსეთის მტკიცება, რომ „პირობა იყო დადებული, თუმცა არ შესრულდა“. თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ ამ პოსტ-ცივი ომისეულ გაფართოებაში არ იგულისხმებოდა რუსეთი, რაც აპრიორი მთელ პროცესს მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად წარმოაჩენდა. რამდენად სერიოზულად შეიძლება იყოს აღქმული გორბაჩოვის, შემდეგ ელცინისა და პუტინის მიერ გაკეთებული შემოთავაზება „დიდი ევროპის“ შესახებ, რამაც უნდა ჩაანაცვლოს მეორე ”ცივი ომი”?

რიჩარდ საკვა  | ეს არ არის უბრალოდ გორბაჩოვის, ელცინის და პუტინის იდეა; ეს არის გოლისტური [რედ. შარლ დე გოლის სახელიდან] მოსაზრება, რომ ევროპამ საკუთარი ბედი უნდა აკონტროლოს. ფრანსუა მიტერანი აგრეთვე საუბრობდა ევროპის კონფედერაციაზე.

გორბაჩოვმა ცრუ განცხადებები გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ ნატოს არგაფართოებაზე დაპირებები არ იყო გაცემული და დღემდე გაუგებარია რატომ იცრუა. 2017 წელს, ეროვნული უსაფრთხოების არქივიდან გავიგეთ, რომ ათობით დასავლეთის ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა გერმანიის მიღმა. ეს უდავოა. ეს არის არნახული პროპაგანდისტული ომის შედეგი, რომელშიც ჩვენ ვართ ჩაფლულნი; დასავლელი მეცნიერები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დაპირება არ იყო გაცემული.

მიხაილ გორბაჩოვი გერმანიის გაერთიანების საკითხის განხილვისას ჰანს დიტრიხ გენშერთან და ჰელმუტ კოლთან ერთად. რუსეთი, 1990 წელი, 15 ივლისი

ცივი ომის მიწურულს მაგიდაზე ორი მშვიდობაზე ორიენტირებული პროექტი იდო და ორივე კარგი იყო. დასავლური „გაერთიანებული და თავისუფალი ევროპა”. მის საპირწონედ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული „საერთო ევროპული სახლი“. პრობლემა ნატო-ს გაფართოებაშიც კი არ იყო, არამედ იმაში, რომ ამ პროცესში უგულველყოფილი იყო რუსეთის უსაფრთხოების საკითხები.

„საერთო ევროპული სახლი“ არის ერთადერთი სწორი არჩევანი. ხალხს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მე არა. მეტიც, რუსეთშიც კი ბევრი ადამიანია ლიბერალებს შორის და აგრეთვე კონსერვატორებშიც, რომლებიც დაეთანხმებიან ამ იდეას. საკითხავია, თუ რა ფორმით მოხდება ამ პროექტის განხორციელება. გორბაჩოვს და სხვებს სურდათ, რომ ეუთო გადაქცეულიყო უსაფრთხოების საკითხებზე მთავარ ორგანოდ, ხოლო უშიშროების საბჭოს რეგიონალურ დონეზე გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის მისია შეესრულებინა; ამ ორ ორგანოს უნდა გადაეწყვიტა მნიშვნელოვანი საკითხები. მერე უკვე ნატოს შეეძლო გაფართოება. ბევრის აზრით, ეს კარგი ხედვაა. ნატო შეაფერხებს პატარა ქვეყნებს ერთმანეთში ომის წარმოებისგან და, იმედია, შეაკავებს თურქეთსა და საბერძნეთს.

თუმცა, რუსეთი უნდა გახდეს უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, რაც ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. 1997 წელს ჩამოყალიბდა ნატო-რუსეთის მუდმივი ერთიანი საბჭო და შემდეგში 2002 წელს ნატო-რუსეთის საბჭო, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო მიზანზე ორიენტირებული. უდავოა, რომ 2018 წლიდან პუტინმა და მისმა ხისტი პოლიტიკის მიმდევრებმა განაცხადეს „გვეყო! ჩვენ ვეღარ ვენდობით დასავლეთს, ისინი ჩვენს საზღვარს უახლოვდებიან“. და აქ არ იგულისხმება უბრალოდ ნატო, არამედ ანტი-ბალისტიკური დანადგარები რუმინეთსა და პოლონეთში, აგრეთვე MK-41 Aegis Ashore. შესაბამისად, როდესაც ბომბდამშენი B-52, რომელსაც შეუძლია ატომური შეიარაღების გადაზიდვა, საზღვრის გასწვრივ დაფრინავს და უსასრულოდ შავ ზღვაში შედიან სამხედრო გემები, რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა გარდა წინააღმდეგობის გაწევისა. ყველაზე სახიფათო ამ მეორე ”ცივ ომში” კი ის არის, რომ მხოლოდ ერთეულებს ესმით დასავლეთში, თუ რაოდენ საშიშ ვითარებაში ვიმყოფებით.

ჟურნალისტი | ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა არარის მონოლითური და ზოგიერთ ძალას სურს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუმცა, იგივე შეიძლება უშუალოდ რუსეთზეც ითქვას. თუ გვერდზე გადავდებთ ალექსეი ნავალნის მიერ Time-სთვის გაკეთებულ კომენტარებს, რომლებშიც ის აკრიტიკებს დასავლეთს, რომ მან ქვეყანა პუტინს ჩააბარა და რომ ის პუტინის თამაშს თამაშობს, არსებობენ სხვა ოპოზიციონერებიც; ისინი უყურებენ ამ საკითხს განსხვავებულად და აგრეთვე აკრიტიკებენ პუტინს უკვე არა ლიბერალური და პრო-დასავლური თვალსაზრისით. როგორ უნდა შევაფასოთ მოსაზრება, რომ პუტინი მიზანმიმართულად იყენებს არსებულ მდგომარეობას, მათ შორის გაზზე ფასების გაზრდით, რომ მოახდინოს მოსახლეობის კონსოლიდაცია კონფლიქტის შიშით?

რიჩარდ საკვა  | ერთ-ერთი შემაწუხებელი ფაქტი არის ის, რომ რუსეთში საკუთარი სისუსტის ფონზე ადგილობრივი ოპოზიცია ცდილობს დასავლეთის გამოყენებას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. კვლევები არჩვენებს, რომ ჯერ კიდევ თავისუფლებაზე ყოფნისას ნავალნის მხარდაჭერა 1-2%-ის ფარგლებში იყო და ახლაც იგივე რეალობაა მისი ცნობადობის მიუხედავად. ადგილობრივი ოპოზიცია გაჭედილია ამ მავნებლურ ჩაკეტილ წრეში, როდესაც მათ მიმართ ცივი ომის პერიოდის ტერმინები გამოიყენება, როგორიც არის „მეხუთე კოლონა“, „დივერსანტები“; და ეს იმ დროს, როდესაც ისინი უბრალოდ ითხოვენ კონსტიტუციური უფლებების დაცვას, დემოკრატიას და სხვა უფლებებს. ისინი დასავლეთთან სახიფათო თამაშს თამაშობენ.

თუმცა, რუსების აზრი ომისადმი არ არის დადებითი – პირიქით. იგივე ხდება უკრაინაშიც. როგორც ჩანს, ეს ომის წყურვილის შესახებ მოსაზრება მხოლოდ დასავლეთშია გავრცელებული. უკრაინელები მშვიდობისმოყვარე ერია, ისევე, როგორც რუსები.

ყველაზე მცდარი აზრი, რომელიც ეხება პუტინს არის ის, რომ იგი მიზანმიმართულად აწარმოებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, რომ მოახდინოს მოსახლეობის შიდა კონსოლიდაცია. სინამდვილეში, დიახ, მისი რეიტინგი კი დავარდა, თუმცა იგი დღემდე გამაოგნებელ დონეზეა (65%) იმ ადამიანისთვის, რომელიც ხელისუფლებაში უკვე 20 წელი იმყოფება. მე არ მივეკუთვნები ჯონ მირშაიმერის მსგავსად თავდასხმითი რეალიზმის მიმდევარს, რომელსაც მიაჩნია, რომ საშინაო პოლიტიკას არ აქვს ზეგავლენა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების თემებზე, თუმცა ფრიად მესიმპატიურება ასეთი მოსაზრება.

მე ყოველთვის ვიცავდი რუსეთში „დანაწევრიანებული“ პოლიტიკის შეხედულებას: ქვეყანაში განსხვავებული შეხედულებების და მოსაზრებების არსებობის აზრს, როგორც ზოგადად საზოგადოებაში, ასევე მმართველ ელიტებში. და როგორც მე მესმის, 2019 წლის გაზაფხულიდან კრემლში არსებულმა მმართველმა ელიტამ და ე.წ. პრაგმატიკოსებმა პოზიციები დაკარგეს. ფაქტიურად ხისტი პოლიტიკის მიმდევრებმა განაცხადეს „მორჩა, გვეყოფა! ჩვენ დასავლეთი მასხრად გვიგდებს და დროა პასუხი გავცეთ.“ სამწუხაროდ, ამ პოლიტიკის ნაწილია ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გასრესა, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდის მსგავსად, თვითმიყენებული ზიანია. ეს შიდა რეპრესიები არ ამართლებს საგარეო პოლიტიკას. ჩვენ უდავოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რუსეთის მხრიდან გამოთქმულ უსაფრთხოების პრეტენზიებზე, მაგრამ ამით არ და ვერ მართლდება, მაგალითად, ისეთი ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ორგანიზაციების დახურვა, როგორიც არის ‘‘მემორიალი”. ჩემთვის მემორიალის მეტ-ნაკლებად თავისუფალი მუშაობა იყო ქვეყანაში პლურალიზმისა და ღიაობის სივრცის არსებობის მაგალითი. თუმცა, 2019 წლის გაზაფხულის შემდეგ სახელმწიფომ დახურა ეს მიმართულება.

ჟურნალისტი | ბრიტანული მედია ხშირად ყურადღებას აქცევს ჩვენს ვალდებულებას, რომ არ „დავაკმაყოფილოთ“ პუტინის სურვილები. აგრეთვე, გვაქვს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული თხრობა მწვანეთა პარტიიდან ანალენა ბერბოკის განცხადებების სახით, რომ ქვეყანას აქვს „ისტორიული ვალდებულება“ დაიცვას ეს სახელმწიფოები. მოსაზრება, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსს ქვეყნებს უნდა ჰქონდათ არჩევანის უფლება და არ იყვნენ მიტოვებულნი ბედის ანაბარას, რასაც პუტინი ითხოვს, საკმაოდ მძლავრია. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თხრობის გამოყენება ქმნის ვითარებას, როდესაც კრიტიკის სივრცე აღარ რჩება; იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ ხისტ პოლიტიკას, აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამოთქვან საკუთარი კრიტიკული მოსაზრება ისე, რომ არ იყვნენ დადანაშაულებულნი პუტინის სურვილების „დაკმაყოფილებაში“.

რიჩარდ საკვა  | რეალობა, რომელსაც თქვენ შეეხეთ კიდევ უფრო მძიმეა, რადგან პირველი ”ცივი ომის” დროს რაიმე სახის კამათი და დებატი მაინც იყო. მე უკვე აღვნიშნე დე გოლის საფრანგეთი, ხოლო დასავლეთ გერმანიაში იყო ოსტპოლიტიკა, რომელიც 1960-იანი წლებიდან მხარს უჭერდა ჩართულობას. ყველაზე გამაოგნებელი დღეს არის ის სიჩუმე, რომელიც არის ჩვენს მხარეს; ოპოზიციური ბანაკიდან მხოლოდ ერთეულების ხმა ისმის. ერთობ კარგია, როდესაც იგი გაერთიანებულია გააზრებული პოლიტიკის ირგვლივ და არა მავნე, გაუაზრებელი წარმოდგენის, რომელიც მსოფლიოს დამახინჯებულად წარადგენს – დაბეჩავებული უკრაინა რევიზიონისტულად განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ. კარგია, რომ გერმანია ერთგული საკუთარი ისტორიული ვალდებულების, თუმცა, ძალიან საშიშია ამ მიდგომის მისადაგება სრულად განსხვავებული ვითარებისადმი. დღეისთვის ჩართულობის ნებისმიერი პოლიტიკა, რაც გერმანიის ზოგადი მიდგომაა, მათ შორის ჩრდილოეთ ნაკადი 2, უკვე აპრიორი აღქმულია, როგორც პუტინისთვის „კოჭის გაგორება“.

ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს დღევანდელი ვითარების რეალური გააზრება. პუტინს არ სურს საბჭოთა იმპერიის აღორძინება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ამ კვირას განაცხადა, რომ პუტინი არის ეთნონაციონალისტი. ამაზე დიდი შეცდომის დაშვება წარმოუდგენელია: დღეს რუსეთში ცხოვრობს 150-ზე მეტი ეროვნების ხალხი. პუტინი გამუდმებით გმობს ეთნონაციონალიზმს; ეს ხომ გაანადგურებს თვით რუსეთს. მაშ, თუ ასეთ მარტივ რაღაცებში დასავლელი პოლიტიკოსები უშვებენ ესოდენ დიდ შეცდომას, ისინი ასეთივე დიდ შეცდომას დაუშვებენ გეოპოლიტიკაშიც.

შესაბამისად, ჩემი აზრით, დღევანდელი მდგომარეობა ბევრად უფრო საშიშია, რადგან მხოლოდ ერთეული მამაცი ადამიანი თუ იტყვის, რომ დასავლეთის პოლიტიკა არის მცდარი. მე ვამაყობ იმით, თუ როგორ განვითარდა ”სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი მართვის კვინსის ინსტიტუტი” (Quincy Institute for Responsible Statecraft). ამ მცირე ჯგუფიდან სულ რამდენიმეა ამერიკაში, კიდევ უფრო ცოტა დიდ ბრიტანეთში და ახლა ჩრდილი გერმანიასაც მიადგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მწვანეთა პარტია მოვიდა. მწვანეები ხომ ფაქტიურად კლინტონისებრივი ინტერვენციონალისტი ლიბერალები არიან [რედ. იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი], რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე ცუდი მსოფლიო წესრიგის ძალას – ”ცივი ომის” პერიოდის ქორებს.

საგარეო პოლიტიკა უნდა ყოველთვის იყოს დაბალანსებული ინტერესებსა და ღირებულებებს შორის. რუსეთის რომ უნდოდეს უბრალოდ უკრაინაში შეჭრა და ადგილობრივი დემოკრატიის განადგურება, მე პირველი დავუჭერდი კიევს მხარს. თუმცა, ეს ასე არ არის. პუტინის ე.წ. რევიზიონიზმს არაფერი საერთო არ აქვს ადოლფ ჰიტლერის პერიოდთან. ეს მუდმივი შედარებები ჰიტლერთან არის უაზრობა. როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა მან ისიც კი განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს წევრი გახდებოდა. რუსეთის ელიტები და მთავრობა რაციონალურები არიან. ისინი არ ცდილობენ იმპერიის აღორძინებას. ისინი უბრალოდ ამბობენ „ახლა, ჩვენ კედელთან ვართ მიმწყვდეულები. მოგვისმინეთ.“

პრობლემის მოგვარება ძალზედ მარტივია: უკრაინის ნეიტრალიტეტი. თუმცა, არავინ აღიქვამს ამას სერიოზულად. პუტინი მხარს უჭერდა მინსკი II ხელშეკრულების იმპლიმენტაციას, რაც გულისხმობს დონბასის უკრაინისთვის დაბრუნებას; მაშ, სად არის აქ იმპერიის აღორძინების იდეა? ახლა, დონბასში განსხვავებული აზრის მქონე 2.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თავდაპირველად პუტინმა საკუთარი სამხედრო ნაწილები იმიტომ მოამზადა, რომ უკრაინასაც 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული საზღვარზე; მათ ზურგს უმაგრებს თურქული ”ბაირახტარის” წარმოების უპილოტო მფრინავი აპარატები, რომლებმაც დაამტკიცეს თავისი ეფექტურობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომისას. შესაბამისად, მოსკოვს შეეშინდა, რომ უკრაინას შეეძლო გაემეორებინა ხორვატიის მიერ 1990-იანი წლების შუა პერიოდში ჩატარებული ოპერაცია ქარიშხალი, როდესაც იგი თავს დაესხა სერბულ ანკლავებს. ვითარება მძიმეა, მაგრამ საკმაოდ მარტივი და გასაგები.

ჟურნალისტი | ცოტა ხნის წინ თქვენ ეს მდგომარეობა შეადარეთ „კუბის კრიზისს შენელებულ ვარიანტში“. იმ დროს ორივე მხარეს ჰქონდა სახის შენარჩუნების შესაძლებლობა. არსებობს თუ არა ქაც ამის ვარიანტი : ნორმანდიული ფორმატის მორიგი რაუნდი ან მინსკის ხელშეკრულება?

საუბარია ბაიდენ-პუტინის სამიტზე, რომელიც უკვე მომავალ კვირას უნდა ჩატარდეს, რასაც მე მივესალმები. მოლაპარაკებებს ძალიან დიდი ადგილი უკავია ამ ყველაფერში. ჩემი აზრით, აქ ყველაფერი 50-50-ზეა. მგონი ხალხს არ ესმის თუ რაოდენ გაგვიმართლა 1962 წელს, რადგან შეგნებული ლიდერები გვყავდა; ბოლოს და ბოლოს, იქით მხარეს ჯეკ კენედი და რობერტ კენედი იყვნენ, აგრეთვე ურთიერთკავშირები და ა.შ. მგონი დღეს იგივე ვითარება არ არის, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის დაპირისპირებას. დასავლეთი და, რა თქმა უნდა, ბრიტანელები უბრალოდ იქ რაღაცsებს ფათურობენ და ამით უბრალოდ ხელს უწყობენ დაპირისპირებას; გერმანელებიც კი არ აძლევენ ბრიტანელებს საკუთარ ტერიტორიაზე გადაფრენის უფლებას, რომ მიაწოდონ ეკიპირება.

ვფიქრობ ვითარება შეიძლება ორივე მიმართულებით განვითარდეს. რუსებს არ შეუძლიათ უბრალოდ არაფერი მოიმოქმედონ, ხოლო დასავლეთი რაიმე გამოსავალს არ სთავაზობს მათ. თუმცა, რაღაც დონის ჩართულობა არის და ეს უკვე კარგია. რაღაც მინიმალური შემოთავაზებების გაკეთებასაც ახერხებენ, რაც აგრეთვე კარგია. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ახლა რუსები ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ გორბაჩოვის პერიოდის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის, ზოგადად, ევროპაში მშვიდობის დამყარების საკითხებს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს არჩევნის უფლება, მაგრამ 1990-იან წლებში დამყარებულმა წესრიგმა ნათელი გახადა, რომ უსაფრთხოების თემები ამის განუყოფელი ნაწილია. რუსები ამბობენ, „ბიჭებო, სად არის ჩვენი უსაფრთხოება? ჩვენ უბრალოდ დაგვივიწყეს.“

ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ ომთან. მე არ მგონია, რომ ეს ნიშნავს უკრაინის ოკუპაციას. ვფიქრობ, რომ ეს გულისხმობს არტილერიის, საჰაერო დარტყმების და სხვა ხერხების გამოყენებას, რომ უკრაინული ჯარი დასუსტდეს და მოხდეს დასავლეთის მოლაპარაკებებში ჩართულობისკენ იძულება. აქამდე იყო მოძრაობა და ახლა უნდა მოხდეს რაიმე სახის განცხადება, ქმედება. კუბის კრიზისი მოგვარდა ისე, რომ ორივე მხარემ შეინარჩუნა სახე. დღეს ჩვენ აღარ გვყოფნის სახის შენარჩუნება და გვესაჭიროება ქმედითი ნაბიჯები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s