დევიდ ჰარვი: სოციალისტები თავისუფლების ჩემპიონები უნდა იყვნენ

22.10.2020 | დავიდ ჰარვი | JACOBIN

მემარჯვენე პროპაგანდა ამტკიცებს, რომ სოციალიზმი ინდივიდუალური თავისუფლების მტერია. თუმცა, სიმართლე სწორედ რომ საპირისპიროა: სოციალისტები მუშაობენ ისეთი მატერიალური პირობების შესაქმნელად, რომ ყველას ნამდვილი თავისუფლება მიანიჭონ; გაათავისუფლონ კაპიტალიზმის მიერ მათ ცხოვრებაზე დაწესებული გადაუჭრელი შეზღუდვებისგან.

თავისუფლების თემა წამოიჭრა პერუში სიტყვის გამოსვლისას. სტუდენტებს ძალიან აინტერესებდათ შემდეგი შეკითხვა: „მოითხოვს თუ არა სოციალიზმი ინდივიდუალურ თავისუფლებებზე უარის თქმას?“

მემარჯვენეებმა შეძლეს თავისუფლების კონცეფციის მისაკუთრება და მისი სოციალისტების წინააღმდეგ კლასობრივ ბრძოლაში იარაღად გამოყენება. მათ განაცხადეს, რომ სოციალიზმის ან კომუნიზმის მიერ ადამიანის უყოყმანოდ სახელმწიფოსადმი დამორჩილება ყველა შესაძლო გზით უნდა იყოს თავიდან აცილებული.

მე ვუპასუხე, რომ ემანსიპაციაზე მიმართული სოციალისტური პროექტები ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებას ეყრდნობა; მეტიც, ინდივიდუალური თავისუფლებების მიღწევა არის ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი. თუმცა, ამისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევით ისეთი საზოგადოების აშენება, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის ექნება შესაბამისი უნარები და ცხოვრებისეული შესაძლებლობები.

მარქსი და თავისუფლება

მარქსს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გააჩნდა. ერთ-ერთი ასეთი მოსაზრების თანახმად, „თავისუფლების რეალობა იწყება მაშინ, როდესაც გადალახულია საჭიროების რეალობა“. თავისუფლება არაფერს ნიშნავს, თუ შენ არ გაგაჩნია საკმარისი საჭმელი, არ გაქვს შენთვის ხელმისაწვდომი შესაბამისი ჯანდაცვა, არ ხარ სახლით, ტრანსპორტირებით და განათლებით უზრუნველყოფილი და ა.შ. სოციალიზმის როლი კი იმაშია, რომ უზრუნველყოს ეს საბაზისო საჭიროებანი, რომ ადამიანები თავისუფალნი იყვნენ გააკეთონ ის, რაც უნდათ.

სოციალისტური გადასვლის [რედ. socialist transition] სამყარო ეს არის რეალობა, რომელშიც ინდივიდუალური შესაძლებლობები და უნარები განთავისუფლდნენ პოლიტიკურ-სოციალური სურვილებისგან, საჭიროებისგან და სხვა შეზღუდვებისგან. მემარჯვენეების მიერ ინდივიდუალურ თავისუფლებაზე მოპოვებულ მონოპოლიაზე თანხმობის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ეს კონცეფცია თვით სოციალიზმს.

მარქსმა იმაზეც მიუთითა, რომ თავისუფლებას ორი მხარე აქვს. მისი აზრით, მუშები კაპიტალისტურ საზოგადოებაში თავისებურად არიან თავისუფლები. მათ შეუძლიათ შრომის ბაზარზე შესთავაზონ საკუთარი უნარები ნებისმიერს. მეტიც, მათ შეუძლიათ თავისუფლად შეათანხმონ შრომის პირობები კონტრაქტში.

თუმცა, ამასთანავე, ისინი არ არიან თავისუფლები, რადგან არ გააჩნიათ კონტროლი ან წვდომა წარმოებაზე. შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან ჩააბარონ საკუთარი სამუშაო ძალა კაპიტალისტებს, რომ იარსებონ.

სწორედ ეს არის მათი თავისებური თავისუფლება. მარქსისთვის კაპიტალიზმის ფარგლებში ეს წინააღმდეგობრივი მოცემულობა არის ცენტრალური. თავში, რომელიც ეძღვნება კაპიტალში სამუშაო დღეს ეძღვნება ის ამას შემდეგნაირად აღწერს: კაპიტალისტს შეუძლია თავისუფლად უთხრას მუშას: „მე მსურს შენი დაქირავება მინიმალურ ფასად მაქსიმალური სამუშაო საათების გამოსამუშავებლად და თან იმ პირობით, რომ გააკეთო ყველაფერი ისე, როგორც მე შენ ამას გეტყვი. ეს არის შენი დასაქმების შემთხვევაში ჩემი ძირითადი მოთხოვნა.“ ჩვენი ვიცით, კაპიტალისტს შეუძლია ასეთი შემოთავაზების გაკეთება საბაზრო საზოგადოებაში, რადგან ეს საბაზრო საზოგადოებაში მუშაობს მოთხოვნის დაკმაყოფილების პრინციპით.

მეორეს მხრივ, მუშას შეუძლია უთხრას, რომ „შენ არ გაგაჩნია უფლება დღეში 14 საათი მამუშავო. შენ არ გაქვს უფლება საკუთარი სურვილისამებრ მიმართო ჩემი შრომა ნებისმიერი მიმართულებით, განსაკუთრებით, თუ ამან შეიძლება შელახოს ჩემი ჯანმრთელობა და საფრთხე შეუქმნას ჩემს სიცოცხლეს, კეთილდღეობას. მე მზად ვარ გავწიო შესაბამისი შრომა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.“

საბაზრო ეკონომიკის ბუნებიდან გამომდინარე, კაპიტალისტი და მუშაც მართლები არიან საკუთარ მოთხოვნებში. მარქსის მტკიცებით, ბაზარზე არსებული ურთიერთგაცვლის კანონის ფარგლებში [რედ. law of exchanges] ისინი თანაბრად მართალნი არიან. თანაბარი უფლებების დროს კი იმარჯვებს ძალა. კლასობრივი ბრძოლა კი წყვეტს ამ საკითხს კაპიტალისტს და მუშას შორის. შედეგი დამოკიდებულია იმ ძალთა გადანაწილებაზე, რომელიც არსებობს კაპიტალსა და მუშას შორის; ეს ურთიერთობები რაღაც მომენტში შეიძლება გახდეს ძალადობრივი და იძულებითი.

მედლის ორი მხარე

აუცილებელია, რომ ჩვენ შევხედოთ თავისუფლების კონცეფციას, როგორც ორი მხარის მქონე მედალს უფრო დეტალურად. ერთ-ერთი საუკეთესო ანალიზი ამ კუთხით მოცემულია კარლ პოლანის ნაშრომში. მის წიგნში ”დიდი ტრანსფორმაცია” [Great Transformation] პოლანი აღნიშნავს, რომ არის თავისუფლების კარგი და ცუდი ფორმები.

თავისუფლების ცუდ ფორმებს შორის ის აღნიშნავს ადამიანის უსასრულოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობას; თავისუფლება – მიიღო დიდი მოგება და არ შეიტანო შენი დადებითი წვლილი საზოგადოებრივ სამსახურში; თავისუფლება – არ დანერგო საზოგადოებრივი სარგებლისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები; თავისუფლება – მიიღო სარგებელი საზოგადოებრივი ან ბუნებრივი კატაკლიზმებისგან, რომელთა ნაწილი საიდუმლოდ არის დაგეგმილი კერძო სარგებლისთვის.

თუმცა, პოლანი აგრეთვე მიუთითებს საბაზრო ეკონომიკის იმ დადებით მხარეებზე, რომლებსაც ჩვენ ესოდენ ვაფასებთ. კერძოდ, მსჯელობის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, შეხვედრის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, სამსახურის მოძიების თავისუფლებას.

მაგრამ ეს თავისუფლებები არის იმავე ეკონომიკის შედეგები, რომელიც ქმნის თავისუფლების ცუდ ფორმებს. დღეს პოლიტიკური ძალების მიერ თავისუფლების წარმოჩინების და ნეოლიბერალური აზროვნების დომინირების ფონზე, პოლანი საკმაოდ უცნაურად ხსნის თავისუფლების ამ ორმაგ სტანდარტს.

მისი აზრით: „საბაზრო ეკონომიკის მიღმა გასვლა“ – ანუ საბაზრო ეკონომიკაზე გადაბიჯება – „შეიძლება გახდეს აქამდე უხილავი თავისუფლების დასაწყისი“. ეს მტკიცება, რომ ნამდვილი თავისუფლება იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ წარსულში დავტოვებთ საბაზრო ეკონომიკას არის შორის მომგვრელი. ის აგრძელებს:

”შეიძლება მივაღწიოთ უფრო ფართო და ზოგად იურიდიულ და რეალურ თავისუფლებას, ვიდრე ოდესმე გაგვაჩნდა. რეგულაციებს და კონტროლს შეუძლიათ მიაღწიონ თავისუფლებას არა ერთეულებისთვის, არამედ ყველასთვის; თავისუფლება არა, როგორც პრივილეგირებულების დანამატი, რომელიც საწყისშივე მცდარია, არამედ როგორც განუყოფელი ნაწილი, რომელიც სცდება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და უშუალოდ საზოგადოების ფუნდამენტშია ჩაბეჭდილი. შესაბამისად, უკვე არსებული თავისუფლებები და სამოქალაქო უფლებები დაემატება იმ უფლებებს, რომელსაც ინდუსტრიული საზოგადოება ქმნის ყველასთვის – თავისუფალი დრო და უსაფრთხოება. ასეთ საზოგადოებას აქვს უნარი იყოს სამართლიანი და თავისუფალი.”

თავისუფლება სამართლიანობის გარეშე

ჩემი აზრით, საზოგადოების იდეა, რომელიც ეყრდნობა სამართლიანობას და თავისუფლებას, სამართლიანობას და უფლებებს, იყო 1960-იანის და ე.წ. 68-წლის თაობის მოძრაობების პოლიტიკური დღის განაწესი. იყო ფართო მოთხოვნა სამართლიანობასა და თავისუფლებაზე: სახელმწიფოს მხრიდან იძულებისაგან თავისუფლებაზე, კორპორატიული კაპიტალის მხრიდან თავს მოხვეული იძულებისაგან თავისუფლებაზე, საბაზრო ეკონომიკის მიერ თავზე მოხვეული იძულებისაგან თავისუფლებაზე და აგრეთვე ადგილი ჰქონდა სოციალურ სამართლიანობაზე მძლავრ მოთხოვნას.

კაპიტალისტური პოლიტიკის პასუხი 1970-იან წლებში იყო საინტერესო. მან გადახედა არსებულ მოთხოვნებს და განაცხადა: „ჩვენ გაძლევთ თავისუფლებებს ზოგიერთი პირობით, თუმცა დაივიწყეთ სამართლიანობა“.

ეს თავისუფლებები იყო შეზღუდული. შინაარსობრივად ეს იყო საბაზრო საზოგადოებაზე არჩევანის გაკეთების უფლება. თავისუფლებაზე მოთხოვნაზე პასუხი იყო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფლება, მაგრამ სამართლიანობის სრული დავიწყება. სამართლიანობა მიანდეს საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში არსებულ კონკურენციას, რომელიც თეორიულად ისეთი გამართული არის, რომ თითოეული ადამიანი მიიღებს სამართლიანობის საკუთარ წილს. თუმცა, სინამდვილეში მაღალფარდოვანი თავისუფლებების სახელით გამოთავისუფლდა ბევრი ცუდი თავისუფლება (მაგალითად, სხვების ექსპლუატაცია).

ზემოთ ხსენებული რეალობა მკაფიოდ იყო გააზრებული და ჩამოყალიბებული პოლანის მიერ. მან დაინახა ასეთ დაპირისპირებაში მორალური დაბრკოლება, რომელსაც უწოდა „ლიბერალური უტოპია“. ჩემი აზრით, ჩვენ ჯერ კიდევ ლიბერალური უტოპიის მიერ შექმნილ პრობლემებს ვებრძვით. ეს არის მედიასა და პოლიტიკური დებატებში გავრცელებული იდეოლოგია.

დემოკრატიული პარტიის ლიბერალური უტოპია არის ის, რაც რეალურად დგას ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევის გზაზე. „დაგეგმარება და კონტროლი“ – წერდა პოლანი – „წარმოჩენილნი არიან, როგორც თავისუფლების მტრები და მუდმივ თავდასხმებს განიცდიან. თავისუფალი საწარმოები და კერძო საკუთრება კი თავისუფლების ფუნდამენტად არიან გამოცხადებულნი“. ეს მოსაზრებები არის განვითარებული ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრების მიერ.

ბაზრის მიღმა

ჩემთვის ეს ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ვაპირებთ თუ არა, რომ გავაღწიოთ საბაზრო ეკონომიკის მიერ დაწესებულ შეზღუდულ თავისუფლებებს და მოთხოვნა-მოწოდების ფორმატს, თუ ვაღიარებთ მარგარეტ ტეტჩერის მოსაზრებას, რომ სხვა ალტერნატივა არარსებობს? ჩვენ ვართ სახელმწიფოს კონტროლისგან თავისუფალნი, თუმცა საბაზრო ეკონომიკის მონები. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, არ არსებობს ამის მიღმა მეტი თავისუფლება. ეს არის ის, რასაც მემარჯვენეები ქადაგებენ და ბევრმა დაიჯერა ეს მოსაზრება.

ეს არის ჩვენი დროის პარადოქსი: თავისუფლების სახელით, ჩვენ ავითვისეთ ლიბერალური უტიპიის იდეოლოგია, რომელიც სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევის უფლებას არ გვაძლევს. მე არ მწამს თავისუფალი სამყაროსი, რომელშიც ადამიანმა, რომელსაც სურს განათლების მიღება, უზარმაზარი თანხები უნდა გადაიხადოს და სამომავლოდ მრავალწლიანი სტუდენტური ვალები დაიდოს.

ბრიტანეთში საცხოვრებლით დაკმაყოფილების უდიდესი ნაწილი 1960-იან წლებში საჯარო სექტორის ნაწილი იყო; ეს იყო სახლ-კარით დაკმაყოფილების სოციალური პროგრამა. ჩემს პატარაობაში, იგი წარმოადგენდა საბაზისო მოთხოვნის შესაბამისი სახსრების სანაცვლოდ დაკმაყოფილებას/უზრუნველყოფას. შემდეგ მოვიდა მარგარეტ ტეტჩერი, მოახდინა ყველაფრის პრივატიზაცია და განაცხადა: „თქვენ უფრო თავისუფალი იქნებით თუ გახდებით კერძო მესაკუთრეები; მეტიც, თქვენ შეძლებთ საკუთრების მქონე დემოკრატიის ნაწილი გახდეთ“.

ახლა კი, სახლ-კარით დაკმაყოფილების პროგრამის 60 %-ის ნაცვლად საჯარო სექტორში მხოლოდ 20 % თუ დარჩა, შეიძლება ნაკლებიც კი. სახლ-კარით დაკმაყოფილება გადაიქცა ვაჭრობის საგნად, ხოლო ვაჭრობა სპეკულაციების უფლებას იძლევა. საბოლოო ჯამში, სპეკულაციების შედეგად ჩვენ ვიღებთ გაძვირებულ ქონებას, რომლის შეძენა/მიწოდა შეზღუდული ხდება.

ჩვენ ვაშენებთ ქალაქებს, კარ-მიდამოებს, რომლებიც დიდ გასაქანს აძლევს მაღალი კლასის მქონე მოქალაქეებს და ამასთანავე სრულად უზღუდავს თავისუფლებას მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს. ეტყობა ამას გულისხმობდა მარქსი, როდესაც ამბობდა, რომ საჭიროების მდგომარეობა უნდა იყოს გადალახული, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება იყოს მიღწეული.

თავისუფლების განზომილება

სწორედ ასე ახდენს საბაზრო ეკონომიკა თავისუფლების შესაძლებლობების შეზღუდვას. და ამ კუთხით, სოციალისტურმა მიდგომებმა პოლანის მოსაზრებები უნდა გაიზიაროს. ანუ უნდა მოვახდინოთ თავისუფლებისადმი, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის საკითხების კოლექტივიზაცია. ჩვენ უნდა გადავიტანოთ ეს საკითხი საბაზრო ეკონომიკის განზომილებიდან საჯარო სივრცის განზომილებაში. სახლ-კარით უზრუნველყოფა საჯარო სივრცის ნაწილი – ეს არის ჩვენი მოწოდება. ეს არის თანამედროვე სისტემაში სოციალიზმის ერთ-ერთი საბაზისო იდეა – გადავიტანოთ საკითხები საჯარო სივრცეში.

ხშირად ამბობენ, რომ სოციალიზმის მისაღწევად ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ინდივიდუალიზმი, ჩვენ უნდა რამე დავთმოთ. შესაძლოა, ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ, როგორც პოლანი ამტკიცებს, მეტი/უკეთესი თავისუფლების მიღწევა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავაბიჯებთ ინდივიდუალური საბაზრო ეკონომიკის მიერ მინიჭებულ თავისუფლებების სასტიკ რეალობას.

მარქსი ამტკიცებს, რომ ინდივიდუალური თავისუფლების განზომილების გაზრდა შეიძლება მაშინ, როდესაც საჭიროების განზომილება არის დაძლეული. სოციალისტური საზოგადოების დანიშნულება არ არის ყველაფრის კონტროლი, რაც კი ამავე საზოგადოებაში ხდება; რა თქმა უნდა, არა. სოციალისტური საზოგადოების დანიშნულება არის უზრუნველყოს თითოეული მოქალაქე უფასო საბაზისო საჭიროებით, რომ ადამიანებმა შეძლონ გააკეთონ ის, რაც უნდათ, მაშინ, როდესაც უნდათ.

თუ თქვენ ახლა დაუსვამთ ნებისმიერ ადამიანს შეკითხვას „რამდენი თავისუფალი დრო გაქვს?“, როგორც წესი, პასუხი იქნება „მე ფაქტიურად არ მაქვს რაიმე თავისუფალი დრო. ეს დრო მიდის ამაზე და იმაზე“. თუ ნამდვილი თავისუფლება ეს არის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვაქვს თავისუფალი დრო, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც გვინდა – მაშინ  სოციალისტური ემანსიპაციური პროექტი სწორედ რომ ამას სთავაზობს. ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყველანი უნდა მივისწრაფოდეთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s